საზოგადოება

კრეატიული აქტივიზმი ინფორმაციის ნაკლებობის წინააღმდეგ – ინტერვიუ ბელარუს ლგბტ უფლებადამცველთან

16 მაისი, 2016 • 2417
კრეატიული აქტივიზმი ინფორმაციის ნაკლებობის წინააღმდეგ – ინტერვიუ ბელარუს ლგბტ უფლებადამცველთან

რატომ უპირისპირდება ლგბტიქ თემი უხილავობის პრობლემას კრეატიული აქტივიზმით; როგორ ჩაანაცვლა აქტივიზმმა ქუჩის პროტესტი და რატომ არის ის აგრესიაზე გამართლებული პასუხი – “ნეტგაზეთი” ამ თემების შესახებ ბელარუს უფლებადამცველს, ალექსანდრა იჰნატოვიჩს ესაუბრა.

2005 წელს, ბელარუსიდან ევროპული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ლიტვაში გახიზვნის შემდეგ, აქტიურად ჩაერთო სამოქალაქო მოძრაობაში განათლების სისტემის რეფორმის მოთხოვნით. ის თავადაც ამ უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ახლა საშა იჰნატოვიჩი ამავე უნივერსიტეტის ლექტორია და მის ბაზაზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით კვლევებს ატარებს. ასევე, გამოსცემს ონლაინჟურნალს ლგბტიქ თემატიკასა და გენდერული საკითხების შესახებ.

არის თუ არა სამოქალაქო აქტივიზმი დღეს თემის წევრებისათვის საკუთარი პოზიციის დაფიქსირების ერთადერთი საშუალება? არსებობს თუ არა ალტერნატივა? რატომ?

ამ კითხვაზე პასუხის განზოგადება ძალიან ძნელია. ბელარუსში ამ ეტაპზე ლგბტიქ თემის წევრები სამოქალაქო უფლებებისათვის იბრძვიან. ძირითადად იყენებენ კლასიკურ საპროტესტო კამპანიებს, ატარებენ აქციებს, მსვლელობებს. რამდენიმე წლის წინ იყო გეიპრაიდის ჩატარების მცდელობაც. ეს არის ერთი-ერთი საშუალება საკუთარი პოზიციის გამოსახატად. გამოცდილება გიჩვენებს, იმისათვის, რომ მოითხოვო რამე, ამისათვის უნდა გამოხვიდე ქუჩაში. მაგრამ იმის გამო, რომ ეს ტაქტიკა ხშირად იწვევს პოლიტიკური მოძრაობების ასოციაციას, ბევრს ურჩევნია, რომ გამოხატვის ამ ფორმას მოერიდოს. ასევე ფაქტია, რომ ამას სასურველი შედეგის მოტანა არ შეუძლია. თემი არ იბრძვის იმისათვის, რომ შეცვალოს პოლიტიკური შეხედულებები, ეს არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ხალხის დამოკიდებულება მათ მიმართ.

მიმაჩია, რომ აქტივიზმმა სოციალური და კულტურული ფორმა უნდა მიიღოს. ბევრი ორგანიზაცია უკვე ამ გზას ირჩევს. მათთვის უმჯობესია, სოციალური, ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარება გაუწიონ წევრებს და დაეხმარონ მათ, შეიცნონ საკუთარი თავები უკეთ, ვიდრე გაიყვანონ ისინი ქუჩაში პლაკატებით.

უმჯობესი ხდება, ხილვადობის გასაზრდელად და ინფორმაციის გასავრცელებლად ფილმის ჩვენებების, ან ფესტივალების მოწყობა, რომლებიც არ არის მხოლოდ თემის წევრებისათვის, არამედ უფრო ფართო აუდიტორიისათვის. ეს არის პოზიტიური განწყობების ჩამოყალიბების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი საშუალება.

როგორია ვითარება დღეს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ბელარუსში?

საკმაოდ რთული ვითარებაა. ეს არ ეხება კონკრეტულად მხოლოდ უმცირესობების უფლებების დაცვას.

დღემდე არ მოქმედებს კანონი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ. ყოველგვარი ძალადობის ფაქტი ერთნაირ კონტექსტში განიხილება. მაგალითად, როდესაც ჰომოსექსუალ ადამიანს საკუთარი სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოარჩევენ და ამის გამო სცემენ, საქმე მხოლოდ ძალადობის მუხლით განიხილება და არა როგორც ადამიანის დისკრიმინაცია ჰომოფობიური ნიშნით. ორი წლის წინ თემის წევრი ბარში სცემეს და ერთი თვის შემდეგ გარდაიცვალა. დამნაშავე მხოლოდ ხულიგნობის გამო დაისაჯა და ციხეში 2 წელი გაატარა.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საკუთარ ოპონენტებს ჰომოსექსუალებად მოიხსენიებდა მათი დამცირების მიზნით. მსგავსი შემთხვევები ერთმანეთს ემატება და, საბოლოო ჯამში, ვიღებთ იმ ნეგატიურ განწყობას, რაც ლგბტ ადამიანების მიმართ არსებობს.

ბელარუსში არასამთავრობო ორგანიზაციების დარეგისტრირება საკმაოდ რთულია. 2000-ანი წლების დასწყისში ორგანიზაცია “გეი-ბელარუსმა” გადაწყვიტა მიეღო ლიცენზია ოფიციალურად ორგანიზაციად ჩამოყალიბებისათვის და ვერ მიიღო. დღემდე ყველა დიდი ორგანიზაცია, რომელიც რაიმე სახის დახმარებას უწევს მოქალაქეებს, საერთაშორისო ორგანიზაციები არიან და  არა ბელარუსში დაფუძნებულები.

საზოგადოების რა ნაწილია ლგბტ თემის მიმართ ნეგატიურად განწყობილი და რა განაპირობებს ამას?

ეს არის ყველაზე რთული შეკითხვა, რომელზეც დღეს ქვეყანაში მომუშავე უფლებადამცველებს პასუხი არ გვაქვს. დღემდე არანაირი კვლევა ამ საკითხზე არ ჩატარებულა. ზოგადი ფონიდან გამომდინარე მხოლოდ დასკვნები შეიძლება გაკეთდეს. 5-6 წლის წინ ხალხი თემის მიმართ გაცილებით დადებითად იყო განწყობილი. თუმცა გაზრდილი რუსული რიტორიკის ფონზე (უნდა გავითვალიწინოთ, რომ ბელარუსში ძირითადად რუსულ ტელეარხებს უყურებს მოსახლეობა) მდგომარეობა შეიცვალა. პრეზიდენტიც კი, ვერ ვიტყვით, რომ გასულ წლებში აგრესიულ შეფასებებს აკეთებდა. მისი ცნობილი ფრაზაა, რომ მას არ ესმის, როგორ შეიძლება კაცებს ჰომოსექსუალური ურთიერთობები ჰქონდეთ, მაგრამ თუ ქალებს აქვთ ასეთი ურთიერთობა, ეს ნამდვილად კაცების ბრალია – ისიც კი ამ საკითხს სერიოზულადაც არ აღიქვამდა. ყველაფერი მაინც ქვეყნის პოლიტიკურ კურსზეა დამყარებული.

იზრდება ეკლესიის როლიც. 3-4 წელია საოცრად გაძლიერდა ეკლესია, მაშინ, როდესაც ბელარუსი ხალხი არასდროს ყოფილა ეკლესიური. თუ არ ჩავთვლით ქვეყნის იმ კათოლიკე მოსახლეობას, რომელიც თავს პოლონური ეკლესიის ნაწილად მიიჩნევდა.

ხალხი ბელარუსში “ქამინგაუთს” არ აკეთებს. ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება შეხვდეთ შემთხვევებს, როდესაც ბელარუსის რომელიღაც პატარა ქალაქში ცხოვრობს ორი ქალი, ან ორი კაცი ერთად, შეიძლება მათ ბავშვიც კი ჰყავდეთ აყვანილი, წყვილის შესახებ ქალაქმა იცოდეს და წინააღმდეგი არ იყოს. ამიტომ გადაჭრით ვერ ვამბობ, რომ ხალხი ლგბტ თემის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი. როდესაც საქმე ეხება საჯარო დისკურსს, მაშინ ხალხს ურჩევნია დააფიქსიროს ნეგატიური აზრი, რადგან იციან, რომ ეს უფრო მიღებულია.

საქართველოში 2013 წლის 17 მაისს ლგბტ აქტივისტთა მსვლელობას სამოქალაქო დაპირისპირება მოჰყვა. აქტივისტები უსაფრთხოებისათვის შარშან უკვე მოერიდნენ თავშეყრის ადგილებში გამოჩენას და ეს დღე სპეციალურად შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე აღნიშნეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, საფრთხის თავიდან ასაცილებლად მართებულია თუ არა ამგვარად, ამ დღის კულუარებში აღნიშვნა? როგორ უნდა მოიქცეს აქტივისტი, რომელიც სრულიად დაუცველად გრძნობს თავს და ვერ ახერხებს საზოგადოების დადებითი განწყობის მოპოვებას და მიდის კომპრომისზე?

ინფორმაციის ნაკლებობა არის აგრესიის მთავარი წყარო. მე მაინც მგონია, რომ პროტესტის ამ ფორმით გამოხატვაზე უარის თქმა არ არის კომპრომისზე წასვლა.

იმის გამო, რომ მე და ჩემს მეგობრებს გვაქვს ონლაინჟურნალი და აქტიურად ვმუშაობთ, ლგბტ, ქვიარ თემატიკაზე, ასევე, ფემინიზმის შესახებ ვწერთ, ხშირად გვირეკავენ ჟურნალისტები და გვთხოვენ კომენტარის გაკეთებას ამ საკითხვებზე. ჩვენ არ გვინდა გავხდეთ ექსპერტები. ჩვენ არ გვინდა სხვის მაგივრად ვილაპარაკოთ, ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს თავზე. გამოხატვის ფორმას მხოლოდ საკუთარი, პირადი პრობლემები და მდგომარეობა გაპოვნინებს. არ შეიძლება მკვეთრად განუსაზღვრო შენს თავს, ვინ გინდა, რომ იყო. ასეთ წესებს მხოლოდ ისინი გახვევენ თავს, ვისაც უნდა, რომ შეგზღუდოს. თუ გინდა, რომ შენი ხმა ქუჩაში ისმოდეს, უნდა გამოხვიდე გარეთ, მაგრამ თუ უსაფრთხოება შენი პრიორიტეტია, მაშინ გაუფრთხილდი თავს. ყოველთვის არსებობს ალტერნატივა. როგორც უკვე ვთქვი, მშვიდობიანი ფორმები და სწორი ინფორმაციის გავრცელება ყველაზე ეფექტურია.

ჩვენ ვაწყობთ ფილმის ჩვენებებს, რომელზეც მოდის ხალხი, რომლებსაც უნდათ, რომ განვიხილოთ ახალი თემები, გავიცნოთ ერთმანეთი. ეს შეხვედრები ინფორმაციის გაცვლის და დაკვირვების საშუალებაა – აქ შეხვედრებზე აღმოაჩენ, როგორი დამოკიდებულება აქვთ ადამიანებს ერთმანეთთან.

კრეატიული აქტივიზმის მთავარი დისტრიბუტორი მედია ხდება?

ჩვენ ვიპოვეთ გზა და ეს გზა აღმოჩნდა ონლაინჟურნალი. ჩვენ ამ ჟურნალით საერთოდ არ ვუსვამთ ხაზს, რომ ჩვენ ვართ ქვიარ-თემი. აქ არის თავმოყრილი ბევრი საკითხი. მაგალითად, ვცდილობთ ვებრძოლოთ იმ აზრს, რომ ჰომოსექსუალობა ევროპიდან და ამერიკიდან შემოვიდა და მსგავსი რამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არ არსებობდა. ვეძებთ ადამიანებს და ძველ ისტორიებს, ვაკეთებთ რუკებს და აღვნიშნავთ, თუ სად იყო გეიბარები ან შეკრების ადგილები. რა ხდებოდა და ვინ მიდიოდა იქ. ასევე, ვაკეთებთ ლგბტ არქივს.

ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს თითქმის ერთნაირი გამოცდილება გვაქვს ამ საკითხში და ყველას მაინც რუსულ გავლენასთან გვიწევს ბრძოლა. მედია საუკეთესო საშუალებაა მათი იდეების ტირაჟირებისათვის, ამიტომ ჩვენც მშვიდობიანი ფორმებით და არა იდეოლოგიური ან პოლიტიკური დისკურსით ვცდილობთ პრობლემის მოგვარებას. ადამიანები ერთმანეთს უნდა შეხვდნენ, მათ ერთმანეთი უნდა გაიცნონ და ყველა ისტორია შიგნიდან დაინახონ. ამიტომ ყოველთვის ქუჩაში გამოსულ აქტივისტს, რომელიც გამვლელის აგრესიას იწვევს, ჯობია კინოფესტივალზე მოსული სტუმარი, რომელსაც ახალ ინფორმაციას მიაწვდი და გაათავისუფლებ მცდარი შეხედულებებისაგან.

 

ლგბტი ადამიანების უფლებების ILGA Europe-ის ინდექსში ამ ეტაპზე ბელარუსი 49 ქვეყნიდან 43-ე ადგილზეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი