საზოგადოება

“მაინც გავყიდით’’ მასწავლებელთა სახლის პრივატიზაცია

7 ნოემბერი, 2011 • 1913
“მაინც გავყიდით’’ მასწავლებელთა სახლის პრივატიზაცია

აჭარის მთავრობამ ბათუმის მასწავლებელთა სახლის ნაწილი, რომელშიც თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრია განთავსებული, აუქციონამდე 18 დღით ადრე შექმნილ კომპანიას მიყიდა. ამ ქონებაზე პედაგოგთა პროფკავშირები და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო წელიწადზე მეტია სასამართლოში დავობენ. დავის პროცესში ბათუმის სასამართლომ პრივატიზებული ტერიტორია დააყადაღა. დავაში ცოტა ხნის წინ საჯარო რეესტრი ჩაერთო, რომელმაც სადავო ქონებას მისამართი შეუცვალა. სწორედ ამის საფუძველზე მოახერხა მთავრობამ მიწის გაყიდვა.


ბათუმში, თოჯინების თეატრის სახელით ცნობილი შენობის ნაწილი, ახალმა მეპატრონემ _ შპს `სახლი ბულვარში~ _ უკვე დაანგრია. ტერიტორიაზე სამუშაოები ღამის საათებშიც მიმდინარეობდა. ამ კომპანიის დირექტორის _ ირაკლი კვერღელიძის ინფორმაციით, აქ ისეთივე სახლი აშენდება, როგორიც თოჯინების თეატრია. პედაგოგების პროფკავშირებმა, რომელიც აცხადებს, რომ ამ ქონების მესაკუთრეა, შენობის დანგრევის შეჩერების მიზნით სამართალდამცავებს მიმართა, მაგრამ ამას ახალი მეპატრონე არ შეუფერხებია.

დავის დასაწყისი

ხელისუფლებასა და პედაგოგთა პროფკავშირებს შორის დავა 2008 წლის 2 დეკემბერს დაიწყო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, სულხან ჯორთმენაძემ, საჯარო რეესტრის ბათუმის ტერიტორიულ სამსახურს სთხოვა, მემედ აბაშიძის ქუჩა #49-ში მდებარე მასწავლებელთა სახლის კუთვნილი შენობანაგებობები და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი (საერთო ფართობით: 1388 კვ.მეტრი) სახელმწიფოსთვის გადაეცა. 5 დეკემბერს საჯარო რეესტრმა ეს ქონება სახელმწიფოს დაურეგისტრირა. განათლების პროფკავშირებმა ამ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

განათლების პროფკავშირებისთვის საჯარო რეესტრის ბათუმის ტერიტორიული სამსახურის უფროსის, კახა თავდგირიძის ერთერთ წერილში მითითებულია, რომ `მემედ აბაშიძის გამზირის (ყოფილი სტალინის) #49-ში მდებარე უძრავი ქონება 1939 წლიდან ქალაქის საბჭოს აღმასკომს, ხოლო 1980 წლიდან პროფკავშირთა დაქვემდებარებაში მყოფ განათლების მუშაკთა რესპუბლიკურ სახლს, 2000 წლის ივლისიდან კი განათლების სამინისტროს ეკუთვნის~ (ცნობა #22/02-13702).

აჭარის განათლების პროფკავშირის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ბერიძე, რეესტრის ინფორმაციის ბოლო ნაწილს კატეგორიულად უარყოფს. ბერიძეს თავისი უტყუარობის დასადასტურებლად იმდროინდელი აჭარის განათლების მინისტრის, ნანი გუგუნავას აღნიშნული ინფორმაციის უარმყოფელი წერილი და აჭარის მინისტრთა საბჭოს 1998 წლის განკარგულება მოჰყავს. ამონარიდი #198- განკარგულებიდან: `აღინიშნოს, რომ . ბათუმის თოჯინების სახელმწიფო თეატრს დაარსებიდან 1992 წლამდე საიჯარო ხელშეკრულებით დაკავებული ჰქონდა საქართველოს განათლების მუშაკთა პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკური საბჭოს დაქვემდებარებაში არსებული განათლების მუშაკთა საოლქო სახლის შენობის ნაწილი~.

`ეს შენობა განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში რომ ყოფილიყო, მაშინ თოჯინების თეატრთან საიჯარო ხელშეკრულებას რატომ განვაახლებდით?!~ _ ამბობს ბერიძე და თავისი სიტყვების დასადასტურებლად 2000, 2001 და 2004 წლებში თოჯინების თეატრთან გაფორმებულ საიჯარო ხელშეკრულებების ასლებს გვაწვდის.

 

ქონების ყადაღა

განათლების პროფკავშირთა სარჩელის განხილვამდე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ამ ორგანიზაციის შუამდგომლობა და სადავო ქონება დააყადაღა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ, ჯუმბერ ბეჟანიძემ, 2009 წლის 10 ივნისს მიიღო. იმავე დღეს ამოიწერა სააღსრულებო ფურცელიც, რომელშიც წერია: `მოპასუხე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აეკრძალოს . ბათუმში, მემედ აბაშიძის . #49-ში (ზონა 05, სექტორი 22, კვარტალი 21, ნაკვეთი 002), მდებარე უძრავი ქონების გასხვისება~.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მოსალოდნელი ზარალის უზრუნველსაყოფად პროფკავშირებს დეპოზიტზე 200 ათასი დოლარის შეტანა მოსთხოვა. ჯუმბერ ბეჟანიძემ სამინისტროს ეს მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და პროფკავშირებს 10 ათასი ლარის გადახდა დაავალა. პროფკავშირებმა ეს თანხა საქართველოს იუსტიციის საბჭოს დეპოზიტზე შეიტანა.

აჭარის მთავრობის მომდევნო სვლა

აკრძალვის მიუხედავად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქონების გაყიდვა მაინც მოახერხა. 2009 წლის 26 ნოემბერს გაზეთ `აჭარას~ #135-ში გამოქვეყნდა განცხადება მიწის პრივატიზაციის მიზნით 770 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის, მისამართი: `. ბათუმი, ვაჟაფშაველას . #21/49. საკადასტრო კოდი 05.22.21.008~, აუქციონის წესით გასხვისებაზე.

ბათუმში, ვაჟაფშაველას . #21-ში საჯარო ბიბლიოთეკა მდებარეობს. ხოლო #49 ექვსი კვარტალის მოშორებით, ჭავჭავაძისა და პუშკინის ქუჩებს შორის მდებარეობს. საჯარო ბიბლიოთეკის კუთვნილი მიწის ფართობის საკადასტრო კოდი 05.22.21.001-ია, ხოლო მის მეზობლად მდებარე მასწავლებელთა სახლის საკადასტრო კოდი _ 05.22.21.002. სამინისტროს თხოვნით საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა სწორედ ეს საკადასტრო მონაცემები შეცვალა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, სულხან ჯორთმენაძემ, 2009 წლის 8 სექტემბერს საჯარო რეესტრს სთხოვა, მემედ აბაშიძის #49-ში მდებარე შენობანაგებობებისა და მიწის ნაკვეთის აზომვით ნახაზში ცვლილება შეეტანა და ნაკვეთი შენობანაგებობებთან ერთად ორ ნაწილად გაეყო (მიმართვა #04-22/2888). ნაკვეთს მარჯანიშვილის ქუჩიდან ჩამოჭრეს 120,3 კვ.მეტრი შენობანაგებობა მასზე დამაგრებული 443 კვ.მეტრი მიწის ფართობით და ცალკე დაარეგისტრირეს. სამინისტროსავე თხოვნით მიწა ჩამოაჭრეს ვაჟაფშაველას . #21-ში მდებარე საჯარო ბიბლიოთეკასაც. ორივე ორგანიზაციისთვის ჩამორთმეული მიწები სამინისტროს მოთხოვნით გააერთიანეს და მიანიჭეს ცალკე საკადასტრო კოდი _ 05.22.21.008.

ალექსანდრე ბერიძე: `ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, გაზეთში არასწორი მისამართი გამოაქვეყნა. ჩვენ რომ გვცოდნოდა, პრივატიზაცია ჩვენი ტერიტორიის ნაწილსაც შეეხებოდა, ხმაურს ავტეხდით და აუქციონი აღარ შედგებოდა~.

პედაგოგთა პროფკავშირმა საჯარო რეესტრს მასწავლებელთა სახლის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ამონაწერი ძველი საკადასტრო კოდით _ 05.22.21.002 მოსთხოვა. საჯარო რეესტრმა კი პასუხი მიწის ნაკვეთზე გასცა ახალი კოდით _ 05.22.21.004. ამონაწერში წერია, რომ 945 კვ.მეტრ ნაკვეთს ყადაღა ნამდვილად ადევს (1388 კვ.მეტრის ნაცვლად). საფუძვლად კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ის `სააღსრულებლო ფურცელი და განჩინება (#37/უზრ, 10.06.2009) მიუთითა~, რომელიც სასამართლომ პედაგოგთა პროფკავშირების საჩივრის შემდეგ გამოიტანა.

რის საფუძველზე მოიხსნა ტერიტორიის ნაწილზე ყადაღა და როგორ მოხდა მისი გასხვისება, გაურკვეველია.

ნარგიზ დიასამიძე, იურისტი: `ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ყველა კერძო თუ იურიდიული პირისთვის სავალდებულოა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აშკარად დაარღვია კანონი, გააყალბა დოკუმენტები და ჩაიდინა დანაშაული. ეს უბრალო მოქალაქეს რომ ჩაედინა, მკაცრად დასჯიდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ასე არ ხდება~.

დიასამიძის თქმით, სასამართლომ სამინისტროს ქმედების განხორციელება არ აუკრძალი: `ეს ნიშნავს, რომ თავად სამინისტროს ამ ტერიტორიაზე გარკვეული ქმედების განხორციელება შეუძლია. ამით ისარგებლეს და საკადასტრო კოდში ცვლილება შეიტანეს~.

პედაგოგთა პროფკავშირები სამინისტროს წინააღმდეგ ახალ სარჩელს ამზადებს.

ქონების განადგურება

მიუხედავად იმისა, რომ პროფკავშირებმა განცხადებით პოლიციას და პროკურატურას სამშენებლო სამუშაოების დაწყების პირველივე დღესვე მიმართეს, მასწავლებელთა სახლის ქონების ნაწილი განადგურებულია.

ალექსანდრე ბერიძე: `მშენებლობის დაწყებამდე ჩემთან ორი ახალგაზრდა მოვიდა. მათ მითხრეს, რომ მასწავლებელთა სახლის ნაწილის მეპატრონეები იყვნენ და შენობების დაცლა მომთხოვეს. ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო. ბიჭები წავიდნენ, ტექნიკა მოიყვანეს და ტერიტორიის ათვისებას შეუდგნენ~.

სადავო ტერიტორიის მფლობელი შპს `სახლი ბულვარშია~. ფირმა 2009 წლის 10 დეკემბერს ანუ აუქციონამდე 18 დღით ადრე შეიქმნა. საპრივატიზაციო ობიექტი _ 770 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი ფირმამ 275 ათას ლარად შეიძინა, ანუ ერთ კვადრატულ მეტრ მიწაში 350 ლარი გადაიხადა. ბათუმის ამ სექტორში მიწის ნორმატიული ფასი 315 ლარია, საცხოვრებელი ფართობის _ 1000 დოლარი, კომერციული ფართობის _ 3 000 დოლარს აღწევს, ხოლო სამშენებლოდ ვარგისი მიწის ფასი 5000 დოლარს აჭარბებს.

შპს _ `სახლი ბულვარში~ ოთხი დამფუძნებელი ჰყავს: თედო ურუშაძე, დავით კვაჭაძე, ალექსანდრე ქიშმარეია და მურმან კოსტავა. ქიშმარეია და ურუშაძე ბიზნესმენ გიორგი ბიწაძის პარტნიორები არიან, . აბაშიძის #20-ში მშენებარე სახლში, ხოლო კოსტავა მარჯანიშვილის #10-ში აშენებულ სახლში. ფირმის დირექტორი ირაკლი კვერღელიძეა, რომელიც აქამდე შპს `ორბიანაგის~ ოფიციალური პირი იყო.

`ორბიანაგი~ 2008 წლის 7 აგვისტოს შეიქმნა. მისი დამფუძნებლები არიან ზაზა გოგოტიშვილი (შემდეგში უმაღლესი საბჭოს დეპუტატი) და გიორგი ბიწაძე. `ორბიანაგს~ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით, პირდაპირი მიყიდვის წესით 600 ათას ლარად 734 კვ.მეტრი მიწა უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზეც მიყიდეს. კომპანიამ აქ .. `ელიტარული სახლი~ ააშენა.

უპასუხო კითხვები

რატომ გამოაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონი არასწორ მისამართზე? რა სამართლებრივ საფუძველზე შეეცვალა დაყადაღებულ მიწის ნაკვეთს საკადასტრო ნომერი?

`ბათუმელებმა~ ამ კითხვებით მინისტრის პირველ მოადგილეს, სულხან ჯორთმენაძეს (რომელიც ამავე დროს საპრივატიზაციო კომისიის თავმჯდომარეცაა და ამ საქმესთან დაკავშირებულ თითქმის ყველა დოკუმენტში ფიგურირებს) მიმართა. მან ჯერ უდროობა მოიმიზეზა, შემდეგ კი ტელეფონი გამორთო.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი