საზოგადოება

საკრებულოს თავმჯდომარის უკანონო შემოსავლები

7 ნოემბერი, 2011 • 1777
საკრებულოს თავმჯდომარის უკანონო შემოსავლები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის _ როინ მალაყმაძის ორი წლის შემოსავალი, ხელფასის სახით, 83 ათას ლარს აღწევს. სხვა ხარჯები (ავტომანქანის საწვავისა და ტელეფონის), რაც ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეს ბიუჯეტიდან დაუფინანსეს, 16 300 ლარია. როინ მალაყმაძე სამი დაწესებულების ხელმძღვანელია და ხელფასს სამივე თანამდებობაზე იღებდა, რაც კანონის დარღვევაა.

გარდა იმისა, რომ როინ მალაყმაძე ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეა, იგი ხელვაჩაურში მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარედ და ბათუმში ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორად მუშაობს.

როინ მალაყმაძის ყოველთვიური და, შესაბამისად, ბოლო ორი წლის შემოსავლები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ასე გამოიყურება: “თავმჯდომარის ყოველთვიური ხელფასი 2008, 2009 და 2010 წლებში ყოველთვიურად შეადგენს 2360 ლარს. საკრებულოს თავმჯდომარის სატელეფონო ხარჯებისთვის 2008 წელში გამოყოფილი იყო 1200 ლარი, 2009 წელში _ 960 ლარი; საწვავისთვის 2008 წელში _ 7210 ლარი, 2009 წელში კი _ 6930 ლარი; პრემია _ 2008 და 2009 წლებში _ 2360 ლარი, უფლებამოსილების ხარჯები 2008 წელში _ 2124 ლარი, 2009 წელში _ 2760 ლარი”.

ეს როინ მალაყმაძის ერთერთი სამსახურიდან _ საკრებულოს თავმჯდომარეობიდან მიღებული ხელფასებია. ის ასევე ხელმძღვანელობს ხელვაჩაურში მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. ამ თანამდებობაზე მალაყმაძის შემოსავლებმა 2008 წლის შვიდ თვეში შეადგინა 5250 ლარი (თვეში 750 ლარი), 2009 წელში ამ თანამდებობაზე ანაზღაურებას მალაყმაძე მხოლოდ სამ თვეს იღებდა, თვეში 550 ლარის ოდენობით (ამჟამად ხელფასს არ იღებს). ამ ინფორმაციასაც . გორაძე, ანუ ხელვაჩაურის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი აწერს ხელს.

როინ მალაყმაძე კიდევ ერთი დაწესებულების პირველი პირია. ის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორად მანამდე მუშაობდა, სანამ საკრებულოს თავმჯდომარე გახდებოდა. ინსტიტუტის საქმეთა მმართველის, ეთერ ხეცოიძის მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე როინ მალაყმაძე ხელფასის სახით 2008-2009 წლებში 450 ლარს იღებდა, ხოლო წელს მას ხელფასი 696 ლარამდე გაეზარდა. 2010 წელს ამ ინსტიტუტს დახურვა ემუქრებოდა, ერთერთ მიზეზად კი ფინანსური კრიზისი დასახელდა. ინსტიტუტის ერთერთი თანამშრომლის თქმით, ინსტიტუტში მეცნიერთანამშრომელთა საშუალო ხელფასი 300-ლარამდეა. ადმინისტრაციის თანამშრომლების, შედარებით უფრო ნაკლები.

ის, რომ როინ მალაყმაძე ხელფასს სამივე თანამდებობაზე იღებდა, “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის დარღვევაა. ამ კანონის მიხედვით, “თანამდებობის პირს უფლება არ აქვს, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ან ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში ან სახაზინო საწარმოში…” ამავე მუხლის (მე-13 მუხლიერთერთი პუნქტის მიხედვით, აღნიშნული აკრძალვა ეხება წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელებსაც.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, გია ქარცივაძე აცხადებს, კანონის დარღვევით დაკავებული თანამდებობებიდან მიღებული შემოსავალი უკანონო შემოსავლებად მიიჩნევა. აქედან გამომდინარე, საკრებულოს თავმჯდომარის ორი წლის განმავლობაში მიღებული 17 100 ლარი (დირექტორობიდან და საკუთრების აღიარების კომისიიდან) უკანონო შემოსავალია. შესაბამისად, უკანონოდ ითვლება ამ თანხით შეძენილი უძრავმოძრავი ქონებაც. იურისტების განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ესა თუ ის ჩინოვნიკი ფლობს უკანონო ქონებას, მაშინ ის ექვემდებარება კონფისკაციას.

თავმჯდომარის ქონებრივი დეკლარაცია

თანამდებობის პირის ქონებრივი და ფინანსური დეკლარაციის მიხედვით, რომელიც როინ მალაყმაძეს აქვს შევსებული, საკრებულოს თავმჯდომარე მხოლოდ ერთ _ ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობს. დანარჩენი ორი თანამდებობა დეკლარაციაში ნახსენები არ არის. შესაბამისად, არც ამ თანამდებობებიდან მიღებული ფინანსური შემოსავალია ნაჩვენები.

2008 წლის 24 აპრილს წარმოდგენილი დეკლარაციის მიხედვით, მალაყმაძის საკუთრებას წარმოადგენს 7000 კვადრატული მეტრი მიწა მამისეულ სოფელ ჩხუტუნეთში, რომლის თანამესაკუთრედ მიიჩნევა მისი ძმა, როსტომ მალაყმაძე. “თი ბი სი” ბანკში ხელფასიდან მიღებული წლიური შემოსავალი 22 000 ლარი აქვს დაფიქსირებული, მაშინ, როცა მისი რეალური შემოსავალი გაცილებით მეტია. სხვა ქონებას როინ მალაყმაძე 2008 წელში არ ფლობს.

2009 წლის 5 მაისის დეკლარაცია

ამ დეკლარაციის მიხედვით, როინ მალაყმაძე, როგორც ცალკე, დამოუკიდებელი ოჯახი, ისეა წარმოდგენილი: როინ მალაყმაძე _ საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მეუღლე _ მანანა დუმბაძე. ამ დეკლარაციაში აღარც მამისეულ სოფელში არსებული მიწის ნაკვეთი ფიქსირდება და არც ოჯახის სხვა წევრების (ძმის, დედის) ქონება. საკრებულოს თავმჯდომარეობიდან მიღებული შემოსავალი ამ წლის დეკლარაციაში სრულად არის ასახული, თუმცა სხვა თანამდებობებიდან მიღებული შემოსავლები არც ამ მონაცემებშია დაფიქსირებული.

საკრებულოს წევრებიბათუმელებთან” პირად საუბრებში აცხადებენ, რომ როინ მალაყმაძე ბათუმში ორ საცხოვრებელ ბინას ფლობს. თუმცა ქონებრივ დეკლარაციაში მალაყმაძის საცხოვრებელი ბინა არსად ფიგურირებს.

ბათუმელების” გამოძიებით ირკვევა, რომ როინ მალაყმაძე ლერმონტოვის ქუჩის #107 ში, მეოთხე სართულზე არსებულ ბინაში მართლაც ხშირად ჩნდება. ამ ინფორმაციას არც როინ მალაყმაძე უარყოფს. მის მეზობლობას თავად ამ სახლის მცხოვრებლებიც ადასტურებენ: “აქაც ცხოვრობს და ამ სახლის მოპირდაპირე კორპუსშიც აქვს ბინა”.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით კი, აღნიშნულ მისამართზე არსებული ბინა როინ მალაყმაძის დის _ მზია მალაყმაძის სახელზეა რეგისტრირებული. ბინა მზია მალაყმაძის საკუთრებაში 2008 წლის 16 ივლისსა გაფორმებული. თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის და რეალურად, ამავე სახლის მეზობლად მდებარე კორპუსში, პირველ სართულზე ცხოვრობს, რასაც როინ მალაყმაძეც ადასტურებს: “ჩემს დას ორი ბინა აქვს. ერთერთში მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ”.

თავმჯდომარე მეორე ბინის არსებობას გამორიცხავს. “ჯერ არ მაქვს, მაგრამ უახლოეს მომავალში ვაპირებ კარგი და კომფორტული ბინის შეძენას, ჩემი შემოსავლები მაძლევს ამის შესაძლებლობას”, _ აცხადებს იგი.

საკუთარი ავტომანქანა არ აქვს, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, მამის დანატოვარი ავტომობილისვაზ-21-ის გადაკეთებას აპირებს, “ანტიკვარულ სტილში მინდა გადავაკეთო”. ავტომანქანა, დეკლარაციის მიხედვით, დედის _ ლილი ქოქოლაძის საკუთრებად ირიცხება.

როინ მალაყმაძეს მიაჩნია, რომ ერთდროულად სამ თანამდებობაზე მუშაობით კანონს არ არღვევს. “საკუთრების უფლების აღიარების კომისია საჯარო სამსახური არ არის, მით უმეტეს, ის არაანაზღაურებადი თანამდებობაა. მე ამ თანამდებობაზე ხელფასი არასდროს ამიღია” _ აცხადებს იგი. თუმცა ოფიციალურად გამოთხოვილი დოკუმენტის მიხედვით, როინ მალაყმაძეს აღნიშნული თანამდებობიდან 2008 წელს 4650 ლარი აქვს მიღებული; გასულ წელში, აპრილის თვის ჩათვლით კი _ 2200 ლარი. აღნიშნული კომისია, კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, არაანაზღაურებადი მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გახდა, როინ მალაყმაძე კი საკრებულოს თავმჯდომარედ 2008 წლიდან მუშაობს.

რაც შეეხება ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორობას, მალაყმაძის თქმით, კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები ამ თანამდებობას არ ეხება: “კანონში ჩამონათვალში არ არის ის უწყება შეტანილი, რომლის ხელმძღვანელიც პრემიერმინისტრის მიერ ინიშნება”.

საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ” კანონში, რომელიც როინ მალაყმაძემ თავისი არგუმენტის გასამყარებლად მიგვითითა, მსგავსი პუნქტი ვერ მოვიძიეთ. ამ კანონში არსად არის ნახსენები, რომ პრემიერ მინისტრის დანიშნულ თანამდებობის პირებზე აღნიშნული კანონი არ ვრცელდება.

იურისტი გია ქარცივაძე მიიჩნევს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის შეხედულება კანონთან შეუსაბამოა: “საკრებულოს წევრის შესახებ” საქართველოს კანონში საუბარია მხოლოდ საკრებულოს წევრებზე, მაგრამ არაფერია ნათქვამი საკრებულოს თანამდებობის პირებზე. ალოგიკურია, რომ თავმჯდომარე და საკრებულოს წევრი თავისი ფუნქციით გაათანაბრო, რადგან თავმჯდომარეს ადმინისტრაციული ფუნქციები აქვს და კანონი ავალდებულებს სამსახურში ყოველ დღეს გამოცხადდეს,

ხოლო წევრი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მიდის საკრებულოში, რის გამოც დროში შეზღუდული არ არის. საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობის პირია, რომლის მიმართ შეზღუდვებს აწესებს საქართველოს კანონისაჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”.

ამ კანონის მიხედვით: “საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება არ აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა, სახელმწიფო სამსახურში”. მოცემულ შემთხვევაში კი საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობის პირია.

გარდა ამისა, როინ მალაყმაძის ქონებრივ დეკლარაციაში არსად არის დაფიქსირებული როინ მალაყმაძის 23 წლის მეუღლის, მანანა დუმბაძის ფინანსური შემოსავლები. მით უმეტეს, რომ იგი იმ დროისთვის (და ახლაც) მახინჯაურის საჯარო სკოლის დირექტორია და მისი წლიური შემოსავალი 7800 ლარს აღწევს.

მეუღლის შემოსავლებთან დაკავშირებით როინ მალაყმაძე აცხადებს: “უნდა ყოფილიყო ასახული? ვერ იქნებოდამაშინ არ იყო ჩემი ოჯახის წევრი, რაღაც შეცდომაა, ალბათ”.

როინ მალაყმაძე, როგორც თავად ამბობს, გასული წლის თებერვალში დაქორწინდა. ქონებრივი დეკლარაცია კი იმავე წლის მაისში აქვს წარდგენილი.

საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაციის შეუვსებლობის შემთხვევაში საჯარო მოხელე 1000 ლარით ჯარიმდება. დაჯარიმებიდან ორი კვირის ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს პირისათვის სისხლისამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას.

პრემიები და უფლებამოსილების ხარჯები:

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არ გამოირჩევა ფუფუნებით, ამიტომპრემიებიც და უფლებამოსილების თანხებიც წელიწადში ერთხელ გაიცემა”. ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ ორი მუხლით როინ მალაყმაძეს 9604 ლარი აქვს მიღებული.

ალაყმაძის ინოვაციები

საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი ყველაზე დიდი მიღწევა საკრებულოში მუშაობის პერიოდში რამდენიმე ინოვაციაა: “საკუთარი ნოვაციაა ის, რომ მოსახლეობას საშუალება ეძლევა არა მარტო სხდომებს დაესწროს, არამედ, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების დროსაც იყოს ჩართული. ეს პირველი საკრებულოა, რომელმაც შემოიღო გასვლითი სხდომები სოფლებში, თემებში და ადგილზევე ხორციელდება მოსახლეობის ჩართულობა”.

როინ მალაყმაძე საკუთრების აღიარების კომისიის მუშაობასაც წარმატებულად მიიჩნევს: “ხელვაჩაურში ათი ათას მოქალაქეს მიწა საკუთრებაში გადავეცით, აქედან სადავო მხოლოდ 200-მდე საქმე იქნება. ეს უკვე წარმატებაა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი