საზოგადოება

ბრძოლა მიწისთვის გრძელდება

7 ნოემბერი, 2011 • 1742
ბრძოლა მიწისთვის გრძელდება

რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინ აჭარაში მიწა 10-ათასობით მოქალაქეს გადასცეს საკუთრებაში. არჩევნების შემდეგ კი ათასობით ოჯახს ეს მიწები ისევ ჩამოართვეს. აჭარის პროკურატურის ინფორმაციით, მიწის უკანონოდ დასაკუთრების ფაქტზე 73 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა: 20 პირი დააკავეს, მათგან 11 დღემდე პატიმრობაშია. მიცემაჩამორთმევის პროცესი დღემდე გრძელდება, თუმცა მიმცემჩამომრთმევთაგან არავინ დასჯილა.


ხელვაჩაურში

ნარგიზ ლორთქიფანიძე პოლიციამ 2008 წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის დადგომამდე ნახევარი საათით ადრე დააკავა. მას მიწის ნაკვეთის თაღლითური გზით დაკანონება ბრალდება. მან ურეხში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარე 2032 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის დასაკუთრების მოთხოვნით ხელვაჩაურის საკუთრების აღიარების კომისიას მიმართა. კომისიამ მისი განცხადება 2008 წლის 15 იანვარს დააკმაყოფილა.

2008 წლის მარტში ლორთქიფანიძის მიწაზე პრეტენზია გამოთქვა ბათუმელმა ნანი ჩაუშბამ. ის სოფელ ურეხში ცალკე კომლად არის რეგისტრირებული. ჩაუშბამ სასამართლოს მიმართა და სადავო მიწა დააყადაღებინა. სასამართლოში შეტანილ განცხადებაში დაწერა, რომ 1997 წლის 4 სექტემბერს ურეხის რწმუნებულთა კრებამ მას იგივე ნაკვეთი, ოღონდ 0,25 ჰექტარი, საკუთრებაში მიწის რეფორმის კანონის შესაბამისად გადასცა. ეს მიწა 1999 წლის 3 თებერვალს აზომეს, შედგა ნახაზი და მიღებაჩაბარების აქტი.

ლორთქიფანიძის ადვოკატის _ დალი ჭანიძის განცხადებით, ჩაუშბას დოკუმენტები ერთმანეთს ეწინააღმდეგება: “ურეხის მეურნეობამ ჩაუშბას 1997 წელს 0,25 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მესამე ბრიგადის ტერიტორიაზე, #1 წყლის ბასეინის გვერდით გამოუყო. ორი წლის შემდეგ შედგენილი ნახაზის მიხედვით კი, მიწა სხვა მისამართზე, ნარგიზ ლორთქიფანიძის სახლის გვერდით მოუზომეს. ფაქტი კი ის არის, რომ სადავო მიწის ნაკვეთი 2032 კვ/მეტრია. ამით მტკიცდება, რომ ნახაზი ყალბია”.

ჭანიძის მტკიცებით, ჩაუშბას ნაკვეთი სხვა მისამართზე მდებარეობს, ხოლო სადავო ნაკვეთი ლორთქიფანიძეს 50-წლიანი იჯარით ჰქონდა აღებული. ბრალდებულს იჯარის დამადასტურებელი დოკუმენტი მართლაც აქვს, მაგრამ ამ დოკუმენტით არ დგინდება, იჯარის ნაკვეთი კონკრეტულად სად მდებარეობს.

2008 წლის მაისში ნარგიზ ლორთქიფანიძემ, ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, საკუთრების აღიარების კომისიას მიმართა.

კომისიის წევრებმა _ რამაზ შაინიძემ და მერაბ გურგენიძემ საქმე ადგილზე შეისწავლეს და დაწერეს:”კომისიის აზრით, ოქმი #2-ის (ნანი ჩაუშბას მიწის ნაკვეთი ამ ოქმის შესაბამისად გამოეყო) საფუძველზე გაცემული მიწის ნაკვეთი არ კვეთს ნარგიზ ლორთქიფანიძისთვის კერძო საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთს”.

პარალელურად, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სადავო მიწაზე ყადაღა გააუქმა.

2008 წლის 2 ივნისს ლორთქიფანიძემ მიწის ნაკვეთი გაყიდა. სამოქალაქო სასამართლომ კი ეს აქტი კანონიერად ცნო.

ადვოკატ ჭანიძის განცხადებით, ჩაუშბა თავისი საგვარეულო მიწის დაბრუნებას ცდილობს: “მისი ზეპირი განცხადებით, აფხაზები ურეხის მენახევრეები იყვნენ. სადავო ტერიტორიაც, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში სხვა ნაკვეთზე გადაცვალეს, ადრე მისი მამის, ბიჭიკო ჩაუშბას საკუთრება იყო. ამასთან, 2007 წლის 7 აგვისტოს 7/13 განკარგულებით, 1999 წლიდანურეხისა და შარაბიძეების ტერიტორიაზე მიწის რეფორმის საფუძველზე მიწის საკუთრებაში გადაცემის, მიწის მიზომვის, მიზომვაჩაბარების და მიღებაჩაბარების აქტები” ბათილად იქნა ცნობილი. ჩაუშბას ეს მიწა საჯარო რეესტრშიც არ ჰქონდა რეგისტრირებული, ანუ სამოქალაქო საქმე ჩაუშბასთვის წამგებიანი იყო. ამიტომ ამ ოჯახმა სხვა მეთოდებს მიმართა”.

ადვოკატის ინფორმაციით, საქმეში ჩაერთო ჩაუშბას შვილი _ ნიკო კახიძე, რომელიც მაშინ აჭარის მთავრობის აპარატის ინფორმაციულტექნოლოგიური განყოფილების უფროსი იყო.

კიდევ ერთი ადვოკატის, ნანა ანდღულაძის განცხადებით, სოდის თანამშრომელი ლორთქიფანიძეს დაუკავშირდა და გააფრთხილა, რომ თუ მიწას არ დათმობდა, მის შვილს დააპატიმრებდნენ. ამ პერიოდში ლორთქიფანიძის შვილი გოჩა კეკელიძე მართლაც დააკავეს.

ნანა ანდღულაძე: “სოდმა კეკელიძე 2008 წლის 2 სექტემბერს ნარკოტიკულ დანაშაულზე დააკავა. როცა მან გარიგებაზე უარი თქვა, იგი სასტიკად სცემეს. გოგიტა კახიძე, რომელიც ახლა აჭარის კუდის უფროსის მოადგილეა და მაშინ სოდის უფროსი იყო, ნიკო კახიძის ნათესავია”.

4 სექტემბერს აჭარის / პროკურატურაში დაიწყო გამოძიება (საქმე #170088080) კეკელიძისთვის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტზე. გამომძიებელ შოთა ბოლქვაძეს დაზარალებულმა განუცხადა, რომ მას შეუძლია ამოიცნოს ის პირები, რომლებმაც დაკავების დროს სცემეს, ასევე ის პირები, რომლებიც აღიარების მოთხოვნით მას აწამებდნენ. ამოცნობა არ წარმოებულა.

ლორთქიფანიძის დაპატიმრების შემდეგ საქმე ნელნელა მის საწინააღმდეგოდ შეტრიალდა. ურეხის კოლმეურნეობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თემურ ვარშანიძემ და საკრებულოს კომისიის წევრებმა _ შაინიძემ და გურგენიძემ ლორთქიფანიძის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება პროკურატურაში შეცვალეს. თუ ისინი თავდაპირველად ამტკიცებდნენ, რომ ჩაუშბას ნაკვეთი არ შეიძლება ყოფილიყო სადავო ტერიტორიაზე, პროკურატურაში განაცხადეს, რომ ისინი შეცდომაში ადვოკატმა _ დალი ჭანიძემ შეიყვანა.

ადვოკატის განცხადებით, პროკურატურა ლორთქიფანიძეს საპროცესო გარიგებას სთავაზობს: “თუ ნარგიზი მიწას დააბრუნებს, მას თანხის გადახდის გარეშე გამოუშვებენ, მაგრამ დაკავებული ამაზე უარს აცხადებს”.

ნანი ჩაუშბას ადვოკატის, შოთა ჯიბლაძის განცხადებით, საჯარო რეესტრს სადავო მიწის ნაკვეთის ლორთქიფანიძისთვის დარეგისტრირების უფლება არ ჰქონდა: “ნანი ჩაუშბას საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ხელთ ჰქონდა, მაგრამ სახელმწიფო უწყებებში ვერ ვნახეთ. თუმცა სადავო მიწის ნაკვეთის რეალური მფლობელი მართლაც ჩაუშბა რომ იყო, გამოძიებამ აღმოაჩინა. როცა ნარგიზ ლორთქიფანიძეს უსაკუთრებდნენ მიწას, რეესტრში კარგად უნდა მოეძებნათ და ამ დოკუმენტს აუცილებლად ნახავდნენ”.

კოკობინაძის საქმე

მიწის საკუთრებაში მიღების გამო პატიმრობაში იმყოფება ხელვაჩაურელი შაქრო კოკობინაძეც. მას საკუთრების კომისიამ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღის მიმდებარედ 2000 კვ/მეტრი მიწა გაუფორმა. საკრებულოს მიერ გაცემულ საკუთრების უფლების მოწმობაში წერია: “შაქრო კოკობინაძემ საკუთრებაში თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი მიიღო”.

მოგვიანებით შაქრო კოკობინაძეს ნათესავმა, იაკობ კოკობინაძემ უჩივლა. შაქრო კოკობინაძეს მიწა ჩამოართვეს და თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულის ადვოკატი _ რამინ პაპიძე: “გამოძიება ამტკიცებს, რომ კოკობინაძე მართლზომიერად არ ფლობდა მიწის ნაკვეთს და კომისია შეცდომაში შეიყვანათუ განსასჯელი დავას აღარ გააგრძელებს, გამოძიება საპროცესო გარიგებას სთავაზობს”.

ამ საქმეში კიდევ ერთი საინტერესო დეტალია: დაზარალებულ იაკობ კოკობინაძის ძმის შვილს, დალი კოკობინაძეს, კომისიამ შაქრო კოკობინაძის ნაკვეთის გვერდით მისცა მიწის ნაკვეთი. მოგვიანებით იმავე კომისიამ იგივე მიწა პატრონს ჩამოართვა. გადაწყვეტილებაში მოტივად ჩაწერეს: “დალი კოკობინაძეს არასოდეს უსარგებლია ამ ნაკვეთით, რადგან მისით სარგებლობდა შაქრო კოკობინაძე”.

მესამე მხარე

არასამთავრობო ორგანიზაციის _ “საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის” თავმჯდომარის, თამაზ ცინცაძის აზრით, მიწის საკითხში მთავარი დამნაშავე სახელმწიფოა. მისი თქმით, კანონმორჩილი მოსახლეობა დღესაც ამაოდ ელის კონსტიტუციურ უფლებას _ მიიღოს მიწა საკუთრებაში. ხოლო ვინც კანონი დაარღვია (მიწა თვითნებურად დაისაკუთრა), უმრავლესობას მიწა დაუკანონეს: “თუ გლეხს არასწორად მისცეს მიწა, მაშინ პასუხი იმას უნდა მოეთხოვოს, ვინც ეს მიწა გასცა. ესე იგი, დამნაშავე კომისიაა. პირველ რიგში, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე, ყოვლისშემძლე მალაყმაძე უნდა დაისაჯოს. პროკურატურა ხშირად წვრილმან საქმეებს დასდევს, მაშინ, როცა სერიოზულ დანაშაულებრივ ფაქტებზე თვალს ხუჭავს”.

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე როინ მალაყმაძე (მიწის აღიარების კომისიის ახლანდელი თავმჯდომარე) მიიჩნევს, რომ მიწასთან დაკავშირებული პრობლემები საკუთრების აღიარების გამარტივებულმა წესმა შექმნა: “მხოლოდ განცხადება, პირადობის მოწმობის ასლი და მიწის ნაკვეთის ორთოფოტო იყო საკმარისი. ამის გამო უამრავი ხარვეზი იქნა დაშვებული. ახლა კომისია მიწას ადგილზე გასვლით სწავლობს”.

არასამთავრობო ორგანიზაციის _ “დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელის _ გენო გელაძის განცხადებით, საკუთრების აღიარების კომისიას, ჯერჯერობით, მფარველი ჰყავს: “არა მგონია, ეს მფარველობა მუდმივი იყოს. ბოლოს და ბოლოს, ხელისუფლება შეიცვლება. სამართლებრივად, კომისიის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. ერთსა და იმავე ხალხს მიწა რამდენჯერმე მიაკუთვნეს და ჩამოართვეს. 2007 წელს ჩამოართვეს, არჩევნების წინ მისცეს, მერე ისევ ჩამოართვეს, ანუ გლეხებს მიწას არჩევნების წინ აძლევენ და მერე უკან ართმევენ”.

გელაძის განცხადებით, ხელისუფლებამ მიწა ათასობით ოჯახს მუქარის გზით ჩამოართვა: “მხოლოდ ისინი დააკავეს, რომლებიც მუქარას არ შეუშინდნენ. ყველა სისხლის სამართლის საქმე კი ერთ რამეს ემსახურება _ საკუთრების აღიარების კომისიის მიერ კანონით თუ უკანონოდ გასხვისებული მიწის ნაკვეთი მფლობელს ჩამოერთვას”.

მიწის კანონი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, მიწის რეფორმა 1998 წელს უნდა დასრულებულიყო. თუმცა აჭარის მაშინდელი მმართველის _ ასლან აბაშიძის სურვილით რეფორმა შეჩერდა. სარეფორმო მიწა აბაშიძემ თხილის ბაღების გასაშენებლად იმ ფირმას გადასცა 50-წლიანი იჯარით, რომლის დამფუძნებელიც მისი შვილი, გიორგი აბაშიძე იყო.

მოგვიანებით საქართველოს პარლამენტმა სპეციალური კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც, ხელვაჩაურსა და ქობულეთში მიწის რეფორმა 2006 წლის ბოლომდე გაგრძელდა. როგორც აჭარის მიწის სარეფორმო კომისიის წევრები _ ირაკლი გორაძე, მერაბ ძირკვაძე და სხვები აცხადებენ, რეფორმის დასრულებისთვის ყველაფერი მზად იყო, თუმცა იგი უცნობი მიზეზებით არ განხორციელდა.

უფრო მეტიც, 2007 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 1999 წლიდან მიწის რეფორმის ფარგლებში შედგენილი ყველა ადმინისტრაციული აქტი ბათილად ცნო, რის საფუძველზეც მიწა ათასობით ხელვაჩაურელს ჩამოერთვა.

2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინ მუნიციპალიტეტებში შეიქმნა საკუთრების აღიარების კომისიები, რომლებიც მართლზომიერ თუ სარგებლობაში არსებულ ქონებას, მათ შორის მიწის ნაკვეთს, მსურველებს საკუთრებაში გადასცემენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი