საზოგადოება

ამომრჩეველთა მოსყიდვის მაგალითი

7 ნოემბერი, 2011 • 1589
ამომრჩეველთა მოსყიდვის მაგალითი

2008 წელს, აჭარის მთავრობამ საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე, სარეზერვო ფონდიდან 350 ათასი ლარი დახარჯა: 233 მოქალაქეს მკურნალობის ხარჯები ერთჯერადად აუნაზღაურა, ხელვაჩაურის რაიონში კი 358 მოქალაქე, კანონის დარღვევით, 80 ათასი ლარის ფარგლებში დააფინანსა. საარჩევნო წელს ჯანდაცვის ერთი პროგრამის ფარგლებში დახარჯულმა თანხამ მილიონ ლარს გადააჭარბა. იურისტის შეფასებით, არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე ასეთი ფინანსური ოპერაციის განხორციელება ამომრჩევლის მოსყიდვას ნიშნავს.


არჩევნების წინ გულმოწყალე აჭარის მთავრობა

2008 წლის 16 მაისს, საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდიდან, ლევან ვარშალომიძის ბრძანებით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 270 000 ლარი გამოეყო. ეს იყო ერთჯერადი დახმარება უკვეჩატარებული მკურნალობის დასაფინანსებლად”. მკურნალობა 230 მოქალაქესპროპორციულობის პრინციპით დაუფინანსეს”. ) 500 ლარამდე _ 100%-ით; ) 500-დან 1000 ლარამდე 90%-ით; ) 1000-დან 80%-ით.

ბრძანება #44-ში ვკითხულობთ: “დროული სამედიცინო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა საფრთხე შეექმნას მათ სიცოცხლეს”. 270 000 ლარის ფარგლებში ყველაზე ნაკლები თანხა _ 60 ლარია გაცემული, ყველაზე მეტი კი _ 3000 ლარი. დაფინანსებული მკურნალობიდან რვა მოქალაქის _ მერაბ ქათამაძის, ინგა ყულეჯიშვილის, თამარ ბოლქვაძის, მირზა კახაბერიძის, ზვიად მელაძის, თეა შარაშიძის, გიორგი ბერიძის ცხვირის ძგიდის დეფორმაციის გასწორება სახელმწიფოს 6122 ლარი დაუჯდა. სარეზერვო ფონდიდან ასევე დაფინანსდა თანდაყოლილი და ქრონიკული დაავადებების მკურნალობა. ერთჯერადი დაფინანსება მიიღო დიალიზით მკურნალობაზე მყოფმა პაციენტთა ნაწილმა.

2008 წლის #44 ბრძანებაში მითითებულია, რომ ეს მოქალაქეები მიმდინარე წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროში აღრიცხვაზე. სამინისტროდან გამოთხოვილმა დოკუმენტებმა ცხადყო, რომ სარეზერვო ფონდიდან მხოლოდ ის პირები დაფინანსდნენ, რომლებმაც სამინისტროს მიმართეს 2008 წლის 2 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით, ანუ საარჩევნო პერიოდში, როდესაც უკვე დანიშნული იყო არჩევნების დღე _ 21 მაისი.

სარეზერვო ფონდიდან თანხის გაცემა მოქალაქეებისთვის მკურნალობის დასაფინანსებლად დროში ემთხვევა ბათუმის მერიის მიერ 980 “სოცმუშაკის” დაქირავების ფაქტს (“ბათუმელების” საგამოძიებო სტატიით _ “ნაცმოძრაობის გამარჯვების ფორმულა“ _ დადგინდა, რომ სოცმუშაკები ნაცმოძრაობის აგიტატორები იყვნენ და მათი ხელფასები ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან გაიცა). “სოცმუშაკებიანკეტაზე ასეთი შინაარსის ჩანაწერებს აკეთებდნენ: “დიასახლისს ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია, თანხის უქონლობის გამო ვერ იკეთებს”; “ორჯერ გაიკეთა გრიჟის ოპერაცია და არანაირი დახმარება არ მიუღია”; “აქვს თვალის პრობლემა”; “დიასახლისი საჭიროებს ჩიყვის ოპერაციას”.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი _ ლევან ანთაძე არ უარყოფს, რომ ამ ადამიანებიდან ზოგიერთმა პირდაპირ სამინისტროს მიმართა, ზოგიერთის განცხადება კი გამგეობებმა და ბათუმის მერიამ გადაუგზავნა.

იმ პერიოდში, როცა ამ მოქალაქეების სამედიცინო ხარჯები დააფინანსეს სარეზერვო ფონდიდან, ჯანდაცვის სამინისტროში მოქმედებდა სოციალურად დაუცველი პირებისთვის ინდივიდუალური დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შეიძლებოდა მათი დაკმაყოფილება. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომკვარტლის გეგმა ამოწურული იყო, ახალი კვარტლის დაფინანსებას კი აღარ დაელოდნენ”.

თუმცა ამავე სამინისტროს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის _ ლელა სურმანიძის ინფორმაციით, აპრილმაისის მიწურულს არა თუ კვარტალური, არამედ წლის მთლიანი დაფინანსება _ დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარამდე იყო გახარჯული. ივლისაგვისტოში პროგრამაში შეიტანეს ცვლილება _ 300 ათასი ლარი დაამატეს.

შედარებისთვის: 2007 წელს ინდივიდუალური დახმარების პროგრამისთვის 230 ათასი ლარი იყო გამოყოფილი (968 განცხადებიდან 435 დაკმაყოფილდა). 2008 საარჩევნო წელს მოსახლეობის მკურნალობისთვის ამ პროგრამის ფარგლებში 800 000 ლარი გაიღეს, ამას დაემატა სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 270 000 ლარი (2008 წელს სულ 1480 მოქალაქის განცხადებიდან 1250 დაკმაყოფილდა). 2009 წელს ეს მოთხოვნადი პროგრამა საერთოდ შეწყდა. 2010 წელს სამინისტროს პროგრამა 300 ათასი ლარით დაფინანსდა.

ბათუმელებმასამ პრაქტიკოს ექიმს აჩვენა სია მოქალაქეების, რომელთაც ოპერაციები, მკურნალობა და გამოკვლევები სარეზერვო ფონდიდან დაუფინანსდათ. ექიმებმა, რომლებმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავეს, განმარტეს, რომ ამ ოპერაციებიდან, სავარაუდოდ, 10-12 პროცენტი საჭიროებდა სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას. თუმცა დასკვნის გაკეთება პაციენტის კონკრეტული ისტორიის შესწავლის შემდეგ შეიძლება.

ჯანდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა კანონის მოთხოვნებს არ პასუხობს. კანონის თანახმად, სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფაბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფების შედეგადად გამოწვეული ზარალის, აგრეთვე, სხვა გაუთვალისწინებელი გადასახდელებისშემთხვევაში.

რამინ პაპიძე, იურისტი: “არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე ცხვირების შესაკეთებელი თუ სხვა სიცოცხლისთვის ნაკლებად საშიშ დაავადებათა სამკურნალოდ 270 ათასი ლარით დაფინანსება უკანონოა. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის მოტივაცია უკავშირდება არჩევნებს და ამ მიზნით მმართველი გუნდის მიერ სახელმწიფო რესურსის გამოყენებას.

სისხლის სამართლის კოდექსის 164- მუხლითარჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე ამომრჩევლისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრების და სხვა მატერიალური ფასეულობების უსასყიდლოდ ან შეღავათიან ფასებში გადაცემა ან მიყიდვა, უფასო მომსახურების გაწევა ან ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირება” დასჯადი ქმედებაა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამას ემატება თანხის არამიზნობრივი ხარჯვა და სარეზერვო ფონდის უკანონოდ განკარგვა, რაც ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხს წარმოშობს”.

 

მოვა ახლა არჩევნები და ფულიც გამოჩნდება”

სარეზერვო ფონდიდან არჩევნების წინ 270 ათასი ლარის გამოყოფა ერთი კონკრეტული მაგალითი არ არის

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩელტას ძველი სკოლის ამორტიზებულ შენობაში ორი თვეა 10 დაზარალებული ოჯახი ცხოვრობს. ეს ოჯახები ეკომიგრანტებად 2008 წლის სექტემბერში კოკისპირული წვიმის შედეგად გამოწვეულმა მეწყრულმა პროცესებმა აქცია. მათი სახლები დანგრეული ან ნახევრად დანგრეულია. იქ, სადაც ისინი ახლა ცხოვრობენ, რთული პირობებია, თუმცა საკუთარ საცხოვრებელში დარჩენა შეუძლებელი იყო. ამას მოწმობს გეოლოგიური დასკვნებიც, რომლებიც ხელვაჩაურის გამგეობაში ინახება.

თამაზ ფაღავა (დაზარალებული, ჩელტის სკოლაში შესახლებული): “გამგეობას 7-8 ათას ლარს ვთხოვთ საყოფაცხოვრებო პირობების მოსაწესრიგებლად, მაგრამ გვიმეორებენ, რომ ბიუჯეტში ფული არ არის. მოვა ახლა არჩევნები და ფულიც გამოჩნდება. წინა არჩევნების დროს ნაცმოძრაობას ხმა ბიზნესმენი ნათესავის პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ მივეცით, ახლა საკუთარ თავს მივხედავთ”.

ჩელტის სკოლაში შესახლებულები კომპენსაციის მოლოდინში არიან. კომპენსაცია დაზარალებულებზე აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ორჯერ გაიცა: პირველად 2008 წლის 21 ოქტომბერს, 306 700 ლარი და დაკმაყოფილდა 16 ოჯახი, მეორედ _ 80 ათასი ლარი (უმაღლესი საბშჭოს არჩევნებმდე სამი დღით ადრე). ეს თანხა 358 ოჯახზე გადანაწილდა. ჩელტის სკოლაში მცხოვრებლები კი, ჯერჯერობით, ვერც ერთ სიაში ვერ მოხვდნენ, გარდა ერთისა. პირველ შემთხვევაში, თანხის გაცემის საფუძველი გახდა ხელვაჩაურის გამგეობაში ზარალის შემსწავლელი კომისიის 30 სექტემბრის სხდომის ოქმი #1. რაც შეეხება 80 000 ლარის გამოყოფას, “ბათუმელებს” ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარემ, თამაზ ლორთქიფანიძემ, რომელიც ხელვაჩაურის გამგებლის მოადგილეცაა, ვერ წარმოუდგინა საბუთი, თუ რის საფუძველზე განისაზღვრა თანხის ოდენობა. კომისიას ამ საკითხზე არ უმსჯელია და, შესაბამისად, არ არსებობს სხდომის ოქმიც.

ბათუმელებმა” ხელვაჩაურის გამგეობიდან გამოითხოვა დაზარალებულთა სია. დაზარალებულთა რაოდენობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 764 კომლს აღწევს, მათ შორის არ არიან ის მოქალაქეები, რომლებიც აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 80 ათასი ლარის ფარგლებში დააფინანსეს. კომისიის მიერ არც ერთ შედგენილ საბუთში არ ფიგურირებს დატბორვის შედეგად მიღებული ზარალი, რომელიც 80 ათასი ლარით არის განსაზღვრული.

თამაზ ლორთქიფანიძე: როცა წყლის დონემ იკლო, შეუძლებელი იყო ზარალის განსაზღვრა და კომპენსაციის გაცემა დროშიც ვერ ესწრებოდა. თუმცა, რას გულისხმობსვერ ესწრებოდაში”, ლორთქიფანიძე არ აკონკრეტებს. გაურკვეველია თანხის განაწილების პრინციპიც.

მატერიალური დახმარება ხელვაჩაურში 358 ოჯახმა მიიღო, აქედან 97-მა 250 ლარის ოდენობით, 129 ოჯახმა –200 ლარის ოდენობით; 33-მა _ 300; 53-მა _ 150; 15-მა მოქალაქემ _ 100; 2-მა მოქალაქემ _ 1400; ერთმა ოჯახმა _ 500 ლარის, ერთმა კი 700 ლარის ოდენობით.

დოკუმენტი, რომელიცბათუმელებს” (აჭარის მთავრობის თავჯდომარის 2008 წლის 31ოქტომბრის #118 ბრძანების დანართი) აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მოაწოდა, შეიცავს სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სიას. ამ დოკუმენტში შენიშვნისთვის გამოყოფილი 355 უჯრა ცარიელია. სწორედ ამ უჯრაში უნდა ყოფილიყო მითითებული ინფორმაცია, თუ რა ზარალი მიიღო კონკრეტულმა მოქალაქემ.

დოკუმენტში შენიშვნა მხოლოდ სამ გრაფაში წერია: “დაეღუპა ორი სული საქონელი”… “დაეღუპა ერთი სული საქონელი“.

აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 80 ათასის გამოყოფის მიზანი 2008 წლის სექტემბერში წვიმების შედეგად დაზარალებულთა მატერიალური დახმარება იყო. “ბათუმელები” დაზარალებულ მოქალაქეებს გაესაუბრა. ქვემოთ მოცემული ფაქტების მიხედვით, თანხა ამ შემთხვევებშიც კანონის დარღვევით გაიცა:

შოთა კურცხალიძე (სოფელი კახაბერი): “კოკისპირული წვიმების შედეგად ყოველთვის ვიტბორებით. გამგეობაში განცხადება სექტემბრამდე დავწერეთ მატერიალური დახმარების თხოვნით. კახაბრის გამგებელი, თენგო თავდგირიძე, სექტემბერში მოვარდნილი წყალდიდობის შემდეგ დაგვპირდა, რომ მატერიალურ დახმარებას დაზარალებულთა ფონდიდან გამოგვიყოფდა”.

მარინა შენდერიკი (#5 სამხედრო დასახლება) აცხადებს, რომ ის სოციალურად დაუცველ ფენას ეკუთვნის. გამგეობას რამდენჯერმე მიმართა დახმარების თხოვნით და 200 ლარით დაეხმარნენ.

გალინა ნაიმოვას (#5 სამხედრო დასახლება) რამდენიმე წელია ორი ოთახი უჭირავს მერაბ შაინიძის ევრორემონტიან სახლში. ქალბატონი დარწმუნებულია, რომ დახმარება მან, როგორც მარტოხელამ, გამგეობისგან მიიღო, რადგან მან გამგეობას სწორედ ამ მიზნით რამდენჯერმე მიმართა. “ბათუმელებისახლის პატრონსაც გაესაუბრა. მერაბ შაინიძე აცხადებს, რომ მისი სახლი 2008 წლის სექტემბერში არ დატბორილა.

იური ტუტლიაევსაც, როგორც სოციალურად დაუცველს, ისე დაეხმარნენ. გამგეობას სოფელ ერგეში მცხოვრებმა ვენერა გაბისონიამაც 2007 წელს მიმართა.

ბათუმელები” იმ ოჯახებსაც ესაუბრა, რომლებმაც მატერიალური დახმარება იმიტომ მიიღეს, რომ სექტემბრის თვეში კოკისპირული წვიმების დროს მათი საცხოვრებლები დაიტბორა. ვალიკო ბოლქვაძე ხელვაჩაურის სასწრაფო დახმარების ბუღალტერია. ამბობს, რომ სექტემბერში მისი სახლის სარდაფი წყლით იყო სავსე. შემთხვევით გაიარა დაბის რწმუნებულის თანაშემწემ, რამაზ შუშანიძემ და დახმარებას დაჰპირდა. ბოლქვაძემ 300 ლარი მიიღო.

თუმცა ერთი თეთრი ვერ მიიღო უმუშევარმა ვალოდია მურვანიძემ, რომელიც ბოლქვაძის სახლიდან 100 მეტრის მოშორებით ცხოვრობს. შვიდწევრიანი ოჯახის შემოსავალი მხოლოდ მისი პენსიაა. ის ამბობს, რომ ზარალის შემსწავლელი კომისიის წევრები არ უნახავს. ფულის დარიგების შესახებ როცა გაიგო, გამგეობაში უთხრეს, რომ დააგვიანდა. სამაგიეროდ, კომპენსაციის შესახებ ინფორმირებული აღმოჩნდა ასევე მათი მეზობელი მურმან შუშანიძე. მეზობლები აცხადებენ, რომ მას მირონად იცნობენ და იგი ჩინოვნიკ შუშანიძის ძმაა. მეტიც, იგი ძმის სახლში 4-სართულიანი კორპუსის მეორე სართულზე ცხოვრობს. მეორე სართულზე კი დატბორვის საშიშროება გამორიცხული იყო.

დაახლოებით იგივე სიტუაციაა #5 სამხედრო დასახლებაში. აქ მცხოვრები ლიზა ბერიძისთვის გაუგებარია, რატომ ვერ მიიღო მან კომპენსაცია დატბორვის შემდეგ. იგი დაზიანებულ ავეჯს დღესაც სარდაფში ინახავს.

ბათუმელებს” სიაში მოხვედრილმა ზოგიერთმა მოქალაქემ განუცხადა, რომ 2008 წლის სექტემბერში მართლაც მიადგა მნიშვნელოვანი ზარალი: დაეხოცათ ფრინველი, ზამთრისთვის შენახული სურსათი გაუფუჭდათ, ეზოში მოვარდნილმა წყალმა მომარაგებული შეშა წაიღო, თუმცა ზარალის შემსწავლელი კომისიის წევრები ან ადგილზე არ მისულან, ან მივიდნენ, მაგრამ სტანდარტულად 300 ლარი გადაუხადეს.

ბათუმელებს” ხელვაჩაურის გამგეობაში განუმარტეს, რომ კომპენსაციის გასაცემთა სიაში მოქალაქეები სოფლის გამგებლების და კომისიის მიერ შედგენილი აქტების საფუძველზე შეიყვანეს. “ბათუმელებმაამ დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობა მოითხოვა. ყველა დოკუმენტი მოგვაწოდეს და საბუთებთან მუშაობის საშუალება ადგილზე მოგვცეს, გარდა ამ დოკუმენტისა.

ხელვაჩაურის გამგეობაში კომისია მუშაობას აგრძელებს. რამდენიმე თვის წინ კომისია ისევ შეიკრიბა და გამოსცა შესაბამისი ოქმი: პირველ ეტაპზე დაეხმარებიან 15 კომლს, მეორე ეტაპზე სია 25 კომლით განისაზღვრა.

ამ მოქალაქეების უმრავლესობას სტიქიამ სახლები დაუზიანა და ისინი დღემდე ახლობლებთან ცხოვრობენ ან სახელმწიფო შენობებს შეაფარეს თავი. “ბათუმელების” კითხვაზე, რატომ არ დააფინანსეს 80 000 ლარით ის პირები, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ, ლორთქიფანიძე გვპასუხობს: “ეს თანხა 7-8 ოჯახისთვის იქნებოდა საკმარისი, ასე კი 358 მოქალაქის გული მოვიგეთ”.

ხელვაჩაურში 764 დაზარალებულია რეგისტრირებული, გასაცემ თანხად კი 5, 849 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მიუხედავად ამისა, 2008 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ კომპენსაციის სახით ერთი თეთრიც აღარ გაცემულა.

რამინ პაპიძე, იურისტი: “ბათუმელების” მიერ მოძიებული დოკუმენტებით დგინდება, რომ აჭარის არ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან უკანონოდ ფინანსდება საარჩევნო პროცესები რეგიონში, ანუ არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე ხდებოდა ამომრჩევლის მოსყიდვა. ამის თქმის საფუძველს იძლევა ის გარემოებები, რომ 80 000 ლარის გამოყოფის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები არ ჩანს; კერძოდ, ხელვაჩაურის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის გაწეული ფინანსური დახმარება დოკუმენტურად დაუსაბუთებელია, ანუ თანხის გამოყოფის საფუძველი ხელვაჩაურის გამგეობის ან საკრებულოს გადაწყვეტილება არ ყოფილა.

ამდენად, ეს ფაქტი უნდა შეფასდეს, როგორც სისხლის სამრთლებრივი წესით დასჯადი ქმედება. ანუ სახეზე გვაქვს დანაშაულთა ერთობლიობა, რაც საბოლოოდ ისჯება მინიმუმ 11 წლის ვადით პატიმრობით”.

2010 წელიც საარჩევნო წელია. თბილისის მერიამ უკვე დაიწყო ასეთი პროგრამების განხორციელება. ერთერთია _ “მიიღეთ ცოდნა, თქვენ დაგასაქმებთ”. ამ პროგრამის ფარგლებში 23 წლის ასაკის ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიმართოს თბილისის მერიას და უფასოდ ისწავლოს კომპიუტერი და ინგლისური. პროგრამის განხორციელება 1 თებერვლიდან დაიწყება. 2010 წელში თბილისელი პენსიონერები 10 ლარით მომატებულ პენსიას მიიღებენ.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის 2008 წლის 21 მაისის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის დასკვნით ანგარიშში კი, თავი, რომელიცგანსხვავების ბუნდოვნებით” არის დასათაურებული, ვკითხულობთ: “ადგილი ჰქონდა შემთხვევებს, როდესაც ერთმანეთს ერწყმოდა სამთავრობო სოციალური პროგრამები და ერთიანი ამავე ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ღონისძიებები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი