საზოგადოება

რატომ და როგორ უნდა ვებრძოლოთ ჭარბი რაოდენობის მედიკამენტებით მკურნალობას

6 მაისი, 2016 • 2988
რატომ და როგორ უნდა ვებრძოლოთ ჭარბი რაოდენობის მედიკამენტებით მკურნალობას

72 წლის ნაზი გიგაურს გულის უკმარისობა აქვს. ამჟამად სისტემური მკურნალობის კურსს გადის და მისთვის ექიმის მიერ გაცემულ დანიშნულებაში 9 სახის სხვადასხვა წამალია მითითებული. როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, წამლებს ეტაპობრივად ყიდულობენ და პირველ ჯერზე 200 ლარამდე ღირებულების მედიკამენტები შეიძინეს.

ექიმების მიერ პაციენტებისთვის ჭარბი რაოდენობის მედიკამენტების გამოწერის, ანუ პოლიპრაგმაზიის ძირითად მიზეზად სპეციალისტები ექიმების არასრულფასოვან განათლებასა და გამოცდილებას ასახელებენ. თუმცა ამას ემატება არაკეთილსინდისიერი გარიგების ფაქტები ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის. ამასთან, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

“ჯანდაცვის სისტემაში დახარჯული თანხის ძალიან დიდი ნაწილი მედიკამენტებზე მოდის – ეს მაჩვენებელი 40%-იდან 50%-ს ზემოთაა. განვითარებულ ჯანდაცვის სისტემებში წამლებზე ხარჯების 15%-იდან 25%-მდე მოდის. ჩვენ ორჯერ მეტი დანახარჯი გვაქვს, რადგან ხშირად ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ წამალს უწერენ,“– ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მიმდინარე წლის მარტში გააკეთა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პოლიპრაგმაზია მედიცინაში გავრცელებულ ფენომენად ითვლება. სხვადასხვა კვლევა ადასტურებს, რომ ექიმები სამკურნალო დაწესებულებეში პაციენტებს ერთდროულად რამდენიმე სახის წამალს უწერენ. 3-4 სახის მედიკამენტის მიღება კი უკვე ითვლება პოლიპრაგმაზიად.

საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ლუიზა გაბუნია პოლიპრაგმაზიის პრობლემზე სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებასთან ერთად მუშაობს. როგორც ლუიზა გაბუნია ამბობს, ფარმაცევტულ ბაზარზე სამკურნალო წამლების რაოდენობის ზრდამ პოლიპრაგმაზიის პრობლემაც გაართულა. მისი თქმით, საჭიროა უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის დანერგვა და კლინიკური ფარმაკოლოგიის როლის გაზრდა, რადგან ექიმებმა გაიაზრონ, რომ ბევრი წამალი უკეთეს შედეგს არ ნიშნავს – ყველა პრეპარატს გააჩნია გვერდითი ეფექტი.

“კომბინირებული მკურნალობის პროცესში, თითოეული წამლის დანიშვნის შემთხვევაში, ყურადღება უნდა მიექცეს ინდივიდუალურად ადამიანის ორგანიზმს, რადგან წამლები, რომლების მიღებაც ხდება პერიოდულად, აქტიურად გარდაიქმნებიან; მათი კონცენტრაცია სისხლში განაპირობებს შემდეგში მათ ეფექტურობას. ყველა მედიკამენტი, საბოლოო ჯამში, მოქმედებს ადამიანის ღვიძლზე. ხშირად ამ ფაქტს უბრალოდ უგულებელყოფენ, ერთდროულად ნიშნავენ ბევრ მედიკამენტს. ერთი დაავადების მკურნალობის დროს კი პირიქით, ზიანდება მთელი ორგანიზმი,” – ამბობს ლუიზა გაბუნია.

პოლიპრაგმაზიის განმაპირობებელი მიზეზი მხოლოდ რამდენიმე დაავადების კომბინირებული მკურნალობა, ან ბევრი წამლით სწრაფი შედეგის მიღების სურვილი არ ხდება. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, რიგ შემთხვევებში ექიმები და ფარმაცევტული კომპანიები ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ექიმებთან მისული ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები მათ აცნობენ საკუთარი მედიკამენტების შესახებ ინფორმაციას. შედეგად იღებენ პირობას, რომ ექიმი მათი მედიკამენტით უმკურნალებს პაციენტებს და ამაში შესაბამის გასამრჯელოს მიიღებს. ექიმი შემდეგში თავის პაციენტებს წამალს ამავე ფარმაცევტული კომპანიის ფურცელზე გამოწერს და ამით აღრიცხავს გაცემული წამლების რაოდენობას.

ოფთალმოლოგი მანანა კიკოლიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ პოლიპრაგმაზიის ფაქტები ბევრია და წამლების მწარმოებელი კომპანიებისა და ექიმების გარიგეგებების შესახებაც სმენია.

“ახალი მედიკამენტების შესახებ ინფორმაციას კომპანიებისგანაც ვიღებთ და დამოუკიდებლადაც. დამოუკიდებლად გაცნობა ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება დაესწრო პრეზენტაციას, თუმცა წამლის გაცნობა მხოლოდ ასე ზედაპირულად არ ხდება. რა თქმა უნდა, გარიგეგებზე მსმენია. ყველაფერი კონკრეტული ექიმის გადაწყვტილებაზეა დამოკიდებული,”- ამბობს მანანა კიკოლიშვილი.

ფარმაცევტული კომპანია “ავერსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განგვიცხადეს, რომ მედიკამენტების შესახებ ინფორმაციის გავრცელება მათი მარკეტინგის სამსახურის ჯგუფის მოვალეობაა, რომელიც მხოლოდ ექიმებისათვის ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრებით შემოიფარგლება:

“ექიმს ჩვენ ვაწვდით მისთვის საჭირო ინფორმაციას მედიკამენტის შესახებ. მათთვის ცნობილია ხოლმე ფასიც. ეს ხდება როგორც ქალაქში, ისე რეგიონებში. თვითონ ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენად კარგია მედიკამენტი,” – აცხადებს “ავერსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ლალი ბრეგვაძე.

“პე-ეს-პე”-ში კი აცხადებენ, რომ მათი კომპანია პირადად არ ურთიერთობს ექიმებთან. ამას მხოლოდ წამლების მწარმოებელი კომპანიები აკეთებენ.

“ფარმადეპოში” ასევე, აცხადებენ, რომ ექიმებს წამლების შესახებ ინფორმაციას პრეზენტაციების, პირდაპირი კომუნიკაციისა და ლოკალ კონგრესების სახით აწვდიან. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ანა გელბახიანი აცხადებს, კონტროლდება რამდენად კეთილსინდისიერად ხდება ექიმებისათვის წამლების შეთავაზება:

“ვაკონტროლებთ, რომ შეთავაზება მოხდეს კეთილსინდისიერად, გამომდინარე მომხმარებლის ინტერესებიდან და ვთვლით, რომ ეს ასეც უნდა იყოს – ნებისმიერი ფარმაცევტული ბიზნესი უნდა ზრუნავდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე,”- აცხადებს გელბახიანი.

ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივნის არჩილ მორჩილაძის თქმით, ერთი მხრივ, გადაჭარბებულია წარმოდგენა, თითქოს პოლიპრაგმაზია ზედმეტად გავრცელებული ფენომენია. ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიპრაგმაზიის შემთხვევები კლებულობს.

“ექიმებს სჭირდებათ უფრო მეტი ინფორმაცია. ისინი დამოკიდებული არიან იმ ინფორმაციაზე, რომელსაც იღებენ პირდაპირ ფარმაცევტული კომპანიებისაგან. აღსანიშნავია, რომ მასობრივად ზედმეტ წამლებს არ ნიშნავენ. ზედმეტად ფაქტების განზოგადება არ იქნება სწორი. ჩვენთან არ არის იმაზე მძიმე სიტუაცია, ვიდრე სხვა უფრო ლიბერალური ფარმაცევტული რეგულაციების ქვეყნებში,” – აცხადებს არჩილ მორჩილაძე.

ასოციაცია პრობლემის შესახებ პირველადი ჯანდაცვის დონის ექიმთა ცნობიერებს ასამაღლებლად “კლინიკური ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოლოგიის” პროგრამას იწყებს. კურსი სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საფუძველზე შემუშავდა. პროგრამა მაისის მეორე ნახევრიდან ამოქმედდება და მოიცავს როგორც თბილისის, ასევე რეგიონის სამკურნალო დაწესებულებებს. კურსზე რეგისტრაცია გახსნილია და ჯგუფების დაკომპლექტება მოგვიანებით დაიწყება.

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ ექიმებისათვის რამდენიმე რეკომენდაციაც შეიმუშავა. ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ უმჯობესი იქნება, თუ ექიმები პრეპარატების გამოწერისას ყურადღებას მიაქცევენ მის ფასს, რადგან ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიული ანალოგი პრეპარატის ფასი ბევრად აღემატება ორიგინალის ფასს.

არჩილ მორჩილაძის განცხადებით, ამ პროცესში ასევე მნიშვნელოვანი როლი აკისრია ჯანდაცვის სამინისტროს; სამინისტრომ უნდა გადახედოს ფარმაცევტული პროდუქტის ე.წ. ნებაყოფლობითი რეგისტრაციის რეჟიმს, რომ ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და სხვა სამკურნალო საშუალებები.

“სამინისტრო მხარს უჭერს ჩვენს წამოწყებას. ჩვენი მთავარი ინიციატივა არის, რომ მოხდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის დანერგვა და მასში განსაკუთრებით კლინიკური ფარმაკოლოგიის როლის გაძლიერება. ამ ყველაფერს სჭირდება დრო,” – აცხადებს მორჩილაძე.

ჯანდაცვის მინისტრს მიაჩნია, რომ რეფორმების დახმარებით პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია. ამისი საშუალება კი შეიძლება იყოს, როგორც სამედიცინო პერსონალის გადამზადება, ასევე ბაზარზე გაზრდილი კონკურენცია.

საერთაშორისო ფონდ “კურაციოს” ბოლო კვლევის თანახმად, რომელიც 2016 წლის მარტში ჩატარდა, ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა სახელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი