საზოგადოება

ნაგავი კობი-სტეფანწმინდის გზაზე [video]

4 მაისი, 2016 • 2663
ნაგავი კობი-სტეფანწმინდის გზაზე [video]

საატომობილო გზის კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთის დიდი ნაწილი პოლიეთილენის პარკებით, ბოთლებით და სხვა ნარჩენებით არის დაბინძურებული. ყაზბეგის საკრებულოში აცხადებენ, რომ ტერიტორიას სატვირთო ავტომობილების მძღოლები ანაგვიანებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” აღმასრულებელი დირექტორი ნინო გუჯარაიძე აცხადებს, რომ მუნიციპალური ნარჩენების მართვა არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება, რომელსაც დამოუკიდებლად ახორციელებს. რაც შეეხება ნარჩენების შეგროვებასა და განთავსებას, მისი თქმით, ამის გამოსწორებაც სწორედ მუნიციპალიტეტის ვალდებულებაა:

“მანქანის სალონიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზაზე დაყრა არის კანონით დასჯადი ქმედება. ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, ასეთი შემთხვევაში ავტომანქანის მძღოლი ჯარიმდება 120 ლარით, იმავე ოდენობით ჯარიმდება მოქალაქე საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ნარჩენების გადმოყრის შემთხვევაში.

ამ ტიპის კანონდარღვევის ფაქტის დაფიქსირებისა და აღკვეთის უფლება და ვალდებულება აქვს როგორც საპატრულო პოლიციელს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს. ანუ პრობლემა ამ შემთხვევაში არის კანონის აღსრულების სურვილის არქონა და ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის უმოქმედეობა ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებისათვის,” – აცხადებს ნინო გუჯარაიძე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, კახა ჩოფიკაშვილი [ქართული ოცნება] “ნეტგაზეთთან” საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთი გამშვებ პუნქტზე ძალიან დიდ ხანს ამოწმებს სატვირთო მანქანებს, რის გამოც საავტომობილო მოძრაობის ტემპი ძალიან დაბალია და კობი-სტეფანწმინდის საგზაო მონაკვეთზე დგება რიგები. კობის დეპუტატი ამბობს, რომ კობი-სტეფანწმინდის საგზაო მონაკვეთს სწორედ ამ დროს აბინძურებენ მძღოლები.

“რუსეთის მილიცია ყურადღებით ამოწმებს სატვირთო მანქანებს და მძღოლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ მანამდე დაგვიბინძურონ ტერიტორია. ნაგვის ყუთებიც დადგმულია და ყველაფერი, მაგრამ არაფერი შველის. ვიცით, რომ რუსეთის მხარესაც დგება სატვირთო მანქანების რიგები, მაგრამ დანაგვიანების პრობლემა იქით არ აქვთ. რუსეთში სპეციალური სანაგვე ტომარა თუ არ აქვთ მძღოლებს, ჯარიმდებიან. პოლიციელები თუ მილიციელები პერიოდულად ამოწმებენ, აქვთ თუ არა სანაგვე ტომრები. ჩვენთან ამის გამო რომ არ ჯარიმდებიან მძღოლები, თავს ვალდებულად არ თვლიან, რომ ნაგავს თავი მოუყარონ და სანაგვე კონტეინერებამდე მიიტანონ. ამ მონაკვეთზე, დაახლოებით ნახევარ კილომეტრში ერთი ნაგვის კონტეინერი დგას, მაგრამ შიგნით არავინ არაფერს ყრის,” – ამბობს კობის დეპუტატი.

ჩოფიკაშვილის თქმით, შარშან ამ დროს დასუფთავების სამსახურის მანქანაც მოძრაობდა გზის ამ მონაკვეთზე, მაგრამ არც მაშინ იწუხებდნენ თავს მძღოლები:

“თუ ერთხელ მაინც არ ჩატარდა რეიდი და ადმინისტრაციული ჯარიმები არ დაეწერათ, არაფერი ეშველება. გამგეობის თანამშრომლები და ახალგაზრდები იყვნენ გასულები, ოთხი-ხუთჯერ არის შაბათობა მოწყობილი მაგ ადგილების დასასუფთავებლად, მაგრამ ეტყობა რამე? გავალთ, დასუფთავების აქციას მოვაწყობთ, დავალაგებთ და ერთ კვირაში იგივე მდგომარეობა იქნება.”

როგორც დეპუტატი აცხადებს, საკრებულოს კეთილმოწყობის სამსახური დასუფთავების აქციის ჩატარებას გეგმავს. მისი თქმით, დასუფთავების აქციის მოწყობა ამინდებზეა დამოკიდებული:

“პირველ რიგში, დასუფთავების აქციას მოვაწყოთ. ახლა საავტომობილო გზების დეპარტამენტშიც მქონდა შეხვედრები ამ საკითხზე. ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხა, დამლაგებლები დაინიშნებიან და მონაკვეთბად დაიყოფიან. ეს არის ამ კეთლმოწყოის სამსახურის პრეროგატივა, რომელმაც უნდა აიყვანოს ეს დამლაგებლები.”

პოლიეთილენის ნარჩენი ერთ-ერთი ყველაზე რთულად დაშლადი (200-ზე მეტი წელია საჭირო სრულად დაშლისათვის) და გარემოზე მავნე ზემოქმედების მქონე ნარჩენია. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, რომ დაბინძურებული ტერიტორიის დასუფთავება ტურისტული სეზონის გახსნამდე მოხერხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი