საზოგადოება

ივანიშვილის ფონდებიდან ეკლესია–მონასტრებში

26 ოქტომბერი, 2011 • 3356
ივანიშვილის ფონდებიდან ეკლესია–მონასტრებში

წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ყველაზე ძვირფას პროექტად არ მიაჩნია, მის საქველმოქმედო ფონდს დაახლოებით 10 მილიონი ლარი დაუჯდა.

2005–10 წლებში ივანიშვილის ფონდებიდან („ქართუ“, „საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი“ და ასოციაციიდან „ატუ“) ქართული ეკლესია–მონასტრების მშენებლობისა და  რეაბილიტაციისთვის 38 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილისთვის მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში, რომელიც 25 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტის შეკითხვას, უკავშირდება თუ არა აღნიშნული ძეგლების რესტავრაცია–შენახვა მის რწმენას, ასე პასუხობს:

„აუცილებლად, ეს ჩემი კულტურაა და რაღაც კითხვებს მისვამენ, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის გაგრძელების არ სჯერა და ესე იგი ქრისტიანი არაა. ისევ და ისევ ჩვენი მთავრობის იდეოლოგები, ვითომ, თვითონ დიდი მორწმუნეები არიან თავისი ქცევით.“

თუმცა ინტერვიუში, რომელიც ივანიშვილმა 2005 წელს „ვედომოსტის“ მისცა, თავად ამბობს, რომ მატერიალისტია: „არ მჯერა სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის, თვითონ სიცოცხლეც მოკლეა და არ მინდა ისეთი რამის კეთება, რაც ჩემს თავისუფლებას ზღუდავს“.

ამ ინტერვიუდან 6 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ღიად ამბობს:

„ვადასტურებ, რომ ქრისტიანი ვარ. უდიდესი პატივისმცემელი ვარ ჩვენი კულტურის და გინდაც, რწმენის.  ამ რწმენამ გადაარჩინა საქართველო და უდიდესი როლი ითამაშა ჩვენს ისტორიაში. ყველა შვილი მონათლულია თავის დროზე და ყველა პროცედურას ვიცავ. ჩემი მეუღლე და მშობლები ჩემზე უფრო მორწმუნეები არიან, რასაც რწმენა ქვია და ვერავინ ვერ დამარქმევს ათეისტს. ყველა პროცესში მონაწილეობას ვღებულობ, ჯვარსაც მუდმივად ვატარებ“.

2005 წლიდან დღემდე ბიძინა ივანიშვილის ფონდებიდან საქართველოში ასეულობით ეკლესია–მონასტერს გადაერიცხა თანხები. დეტალური ინფორმაცია ამის თაობაზე, რომელსაც აქვე გთავაზობთ, „ნეტგაზეთს“საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ მიაწოდა:

თარიღი

დაფინანსების ობიექტი

ბიძინა ივანიშვილის ფონდებიდან გადარიცხული თანხა (ლარებში)

2005

საეკლესიო მშენებლობა

10 509 409

2006

სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა

9 280 000

2006

69 ეკლესია–მონასტრის რესტავრაცია/რეაბილიტაცია

2 349 883.09

2007

81 ეკლესია–მონასტრის რესტავრაცია/რეაბილიტაცია

2 818 094,00

2008

114 ეკლესია–მონასტრის რესტავრაცია/რეაბილიტაცია

4 198 161,95

2009

133 ეკლესია –მონასტრის რესტავრაცია/რეაბილიტაცია

4 340 403, 80

2010

112 ეკლესია–მონასტრის რესტავრაცია/რეაბილიტაცია

4 206 544,80

სულ

37 702 496,64

მთლიანობაში, 2005–2010 წლებში, ბიძინა ივანიშვილის ფონდებიდან სხვადასხვა სფეროში ქველმოქმედებისთვის ერთ მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა, ხოლო ეკლესია–მონასტრებისთვის –საერთო თანხის დაახლოებით 4%.

ივანიშვილის ფონდების მიერ 2011 წელს განხორციელებულ ქველმოქმედებაში დახარჯული ფულის ოდენობა  მიმდინარე წლის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი