საზოგადოება

“ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის”

21 ოქტომბერი, 2011 • 1608
“ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის”

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის ხელშეწყობისთვის, დღეს, 2011 წლის 21 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველს, მასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მხარეები იმედოვნებენ, რომ მემორანდუმი სისტემურს გახდის უწყებებს შორის ურთიერთობას, ხელს შეუწყობს სამოქალაქო ინტეგრაციასა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვას. 

მემონანდუმის ხელმოწერამდე 10 დღით ადრე ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებას უმცირესობათა ინტეგრაციის საკითხებში სხვადსხვა რეკომენდაცია გააცნო.

ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებას „დაჟინებით უწევს რეკომენდაციას, გაიღოს მეტი ძალისხმევა ეთნიკური უმცირესობებისთვის შესამჩნევად გაუმჯობესებულ განათლებაზე, რათა მათ სკოლის დამთავრების შემდეგ გარანტირებული ჰქონდეთ უმაღლესი განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობა“.

ამასთან, ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის შესასწავლად რესურსები, 2010 წლისგან განსხვავებით, არც 2011 წლის ბიუჯეტში და არც 2012 წლის საბიუჯეტო კანონპროექტში არ ასახულა.

ოლეგ აბრამიანი ქვემო ქართლის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. მის სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან რუსული სექტორი გაუქმდა და ახლა ყველა საგანს ქართულად სწავლობს. ის ამბობს, რომ ზოგიერთი მასწავლებელი ქართულ ენას სრულყოფილად ვერ ფლობს და საგნის სათანადოდ ახსნას ვერ ახერხებს.

„საბოლოოდ, ვერც რუსულს ვსწავლობთ, ვერც სახელმწიფო ენას. არადა, ქართული ენის გარეშე მომავალში ვერაფერს გააკეთებ. გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ. უნარების გამოცდას ალბათ ვერ ჩავაბარებთ“, _ ამბობს მე-11 კლასის მოსწავლე.

„ყველაზე პრობლემური საკითხი ზოგადი უნარების ტესტების თარგმნაა. პედაგოგების განცხადებით, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, აბიტურიენტები მოამზადონ ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარებისთვის, მაგრამ ხშირად თავადაც არ ესმით, რა წერია და რა აზრი დევს ამა თუ იმ დავალებაში. მასწავლებლების აზრით, ტექსტის თარგმნა არ წყვეტს პრობლემას. თითოეული დავალება ვერბალურ ნაწილში უნდა ითვალისწინებდეს ენის სპეციფიკას, რაც არ არის გათვალისწინებული და პირდაპირ არის გადათარგმნილი ქართული დავალებები“, _ აღნიშნავს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი ბელა ოსიპოვა და აქვე განმარტავს, რომ განათლებისა სამინისტროს საშეღავათო პოლიტიკა პოზიტიურად აისახა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების რაოდენობაზე: 2008 წელთან შედარებით, გამოცდებზე დარეგისტრირებულ აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტების რაოდენობა 250-დან 335-მდე გაიზარდა, ხოლო სომხურენოვანებისა _ 113-დან 253-მდე.

თუმცა სახელმწიფოს საშეღავათო პოლიტიკა ამ საკითხში ვერ წყვეტს ისეთ პრობლემას, როგორიცაა კვალიფიციური ქართული ენის სპეციალისტები.

2010 წლის ბიუჯეტში პროგრამისთვის _ „კვალიფიციური ქართული ენის სპეციალისტები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში“ ბიუჯეტიდან დაახლოებით 771 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. 2011 წელს და 2012 წლის საბიუჯეტო პროექტში მსგავსი პროგრამა გათვალისწინებული არ არის.

ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლების უმრავლესობაში რუსული სექტორების გაუქმების პარალელურად, რომელმაც ეთნიკურ უმცირესობებს სკოლებში სწავლის პროცესში პრობლემები შეუქმნა, სახელმწიფო ენის შესწავლის პრობლემა სომხური და აზერბაიჯანული სკოლებისთვისაც აქტუალურია, ვინაიდან არაქართულენოვანი სკოლის პედაგოგების უმრავლესობა ვერ ფლობს სახელმწიფო ენას და ვერც მასწავლებლები მონაწილეობენ პროფესიული განვითარების პროგრამებში.

ოფიციალური მონაცემით, საქართველოში დღეს 409 სკოლაა, სადაც არაქართულად სწავლობენ.

„მაგალითად, რეგიონებში სასერთიფიკატო გამოცდისთვის დარეგისტრირებულია მხოლოდ ქართულენოვანი სკოლების ან არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის მასწავლებლები. სომხურისა და აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენის მასწავლებლების პროფესიული განვითარებისათვის ვაუჩერების გამოყოფა გათვალისწინებული არ არის. მათთვის არც პროფესიული განვითარების სტანდარტებია შემუშავებული“, _ ამბობს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი ბელა ოსიპოვა.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში არაერთი ცვლილება განხორციელდა ეროვნული უმცირესობების განათლების ხელშეწყობის თვალსაზრისით, მაინც რჩება მრავალი გადასაჭრელი საკითხი.

ამ საკითხების გადაჭრას ითხოვს ევროპის კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ თავის უკანასკნელ (2010 წ.) რეკომენდაციებშიც, სადაც ხელისუფლებას უმცირესობათა ენების სწავლების რეფორმირების თვალსაზრისით მულტილინგვისტური სწავლების ფორმის განხილვასაც სთხოვს.

მულტილინგვისტური სწავლებისთვის, რომელიც ორენოვან სწავლებაზე გადასვლას გულისხმობს, ანუ რუსული ან სხვა რომელიმე ენის პარალელურად საგნები უნდა ისწავლებოდეს სახელმწიფო ენაზე, განათლების სამინისტრომ 40 საპილოტე სკოლისათვის სუბსიდია მხოლოდ 1000 ლარის ოდენობით გასცა.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი შალვა ტაბატაძე ნეტგაზეთთან აღნიშნავდა, რომ ეს თანხა პროგრამის მხოლოდ სიმბოლურად განხორციელებისთვის არის საკმარისი და ნახევარი მილიონი მაინც იყო საჭირო ამ პროგრამის სრულყოფისთვის.

საერთაშორისო რეკომენდაციების მიუხედავად, არც მულტილინგვისტური სწავლების პროგრამა არის გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში.

ECRI_ ევროპის კომისია რასიზმისა და შემწყნარებლობის წინააღმდეგ დაჟინებით ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, მეტი ძალისხმევა მოახმაროს ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლის ხარისხის გაუმჯობესებას, რამდენადაც მას ეხება ქართული ენის სწავლება ეთნიკური უმცირესობებისთვის.

ჟვანიას სახელობის სკოლისთვის 2010 წელს 432 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული ბიუჯეტში, 2011-ში _ 239 ათასი, ხოლო 2012 წელს ბიუჯეტის პროექტში, რომელიც პარლამენტმა წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს, ეს სკოლა მოხსენებული არ არის.

ის, რომ საქართველოში ეთნიკური უმცირესობებისთვის მთავარ პრობლემად ქართული ენის უცოდინრობა რჩება, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავ დაბრკოლებას უქმნის, ECRI-ის (ევროპის კომისია რასიზმისა და შემწყნარებლობის წინააღმდეგ) 2010 წლის შუალედურ ანგარიშში რამდენჯერმე აისახა.

ანგარიშში ნათქვამია: „სახელმწიფომ გაარემონტა ან ააშენა უმცირესობათა სკოლები, ნაბიჯები გადაიდგა ქართული ენის გასაუმჯობესებლად. თანდათანობით უმჯობესდება ეთნიკური უმცირესობებისთვის გათვალისწინებული სახელმძღვანელოები, თუმცა ქართულ საზოგადოებას აქვს პრობლემა _ ეთნიკური უმცირესობები იზოლირებულნი არიან მოსახლეობის უმრავლესობისგან“.

დღევანდელი მემორანდუმის გაფორმება გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის მიერ 2009 წლის 8 მაისს მიღებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციითა და ხუთწლიანი სამოქმედო გეგმით, რომლის განხორციელებისა და შესრულების მონიტორინგში ჩაერთვება სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო და, შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ უმცირესობები.

მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წარმოადგინა პროგრამის პრეზენტაციას თემაზე: “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი