საზოგადოება

აუთვისებელი ფული და დაზარალებული მოქალაქეები

19 ოქტომბერი, 2011 • 1218
აუთვისებელი ფული და დაზარალებული მოქალაქეები

აუთვისებელი 2.5 მილიონი ლარის გამო საქართველოს 4500 მოქალაქე დაზარალდა, თუმცა ამის გამო ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

აუთვისებელი 2.5 მილიონი ლარის შესახებ ინფორმაცია, რომელიც 2007–2009 წლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში აუთვისებელი დარჩა, საქართველოს კონტროლის პალატამ დღეს,19 ოქტომბერს, გაასაჯაროვა.

კონტროლის პალატის აუდიტმა გამოავლინა, რომ 2007–2009 წლების მანძილზე პროგრამის ბიუჯეტი იგეგმებოდა შეზღუდული შესაძლებლობის პირთა საჭიროებების შესწავლისა და ხარჯების გაანგარიშების გარეშე, რის გამოც მათი დიდი ნაწილი განიცდიდა მწვავე დეფიციტს, ხოლო პროგრამის რიგ კომპონენტებში რჩებოდა დიდი ოდენობით აუთვისებელი თანხები.

2007-2009 წლებში აუთვისებელი  2.5 მილიონი ლარი, კონტროლის პალატის ინფორმაციით, საკმარისი იყო შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უდიდესი ნაწილის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

საქართველოს კონტროლის პალატის ინფორმაციითვე, მან უკვე სათანადო რეკომენდაციებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომელმაც დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების გატარება პროგრამის მიზნების მისაღწევად.

კითხვებზე, რატომ გახდა აღნიშნული დარღვევა საზოგადოებისთვის საჯარო მხოლოდ ორი წლის შემდეგ და რა სანქციები გატარდა მათ წინააღმდეგ, ვის გამოც 4500 მოქალაქე დაზარალდა, ნეტგაზეთს საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ალასანია პასუხობს:

ბატონო გიორგი, რატომ გახდა ეს შედეგები საჯარო მხოლოდ ორი წლის შემდეგ?

მოგეხსენებათ, აუდიტი გასულ პერიოდებს მოიცავს, რომ გავიგოთ, როგორ განხორციელდა პროგრამა გარკვეული წლების განმავლობაში. ვინაიდან, ვადები ვერ მოესწრო, გადმოვიდა 2011 წელს, როგორც ხდება ხშირად.

აუდიტის ჩატარება 2010 წელს დავიწყეთ და  რამდენიმე თვის წინ დავამთავრეთ, უბრალოდ ჯანდაცვის სამინისტროსთან შესაბამისი რეკომენდაციების გაგზავნისა და მათი გათვალისწინების შემდეგ, საზოგადოებისთვის შედეგები საჯარო გახდა.

თუ დღესაც ხდება რაიმე დარღვევა, ამის შესახებ საზოგადოება მხოლოდ ორი წლის მერე გაიგებს?

არა, რა თქმა უნდა. დღეს თუ რაღაც დარღვევაა, კუდში ვერავის გავეკიდებით, იმის მიუხედავად, რომ გვაქვს მონიტორინგის ინსტრუმენტები. არის რიგი პროცედურები, რომელიც ახლავს თან აუდიტს.

როდის მიმართეთ აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით?

დაახლოებით, ორი თვის წინ.

გატარდა თუ არა სამინისტროს მიერ რაიმე ღონისძიება მას შემდეგ?

სწორედ ამიტომ მოხდა საზოგადოებისთვის შედეგობრივი ნაწილის ერთობლივად წარდგენაც.

ჩვენ ჯერ საზოგადოებისთვის არ მოგვიყოლია, რა ხდებოდა და მერე არ მიგვიმართავს სამინისტროსთვის. როდესაც სამინისტროსგან მივიღეთ პასუხი, თუ რა ღონისძებები იგეგმებოდა ამის გამოსასწორებლად, ერთობლივად წარვადგინეთ. სამინისტრომ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძებები გაატარა პროგრამის სოციალური მიზნების მისაღწევად.

თქვენ გამოავლინეთ დარღვევები. შესაბამისად, თუ დადგა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი?

სისხლის სამართლის დანაშაული ჩვენი აუდიტის შედეგად არ გამოვლენილა, აქ იყო მხოლოდ პროგრამის არასწორი მართვა, არასწორი მენეჯმენტი, არასწორი გამოყენება. ეს თანხა ასე თუ ისე არავის წაუღია სახლში. ყოველ შემთხვეაში, ეს რაც ჩვენ ვნახეთ. ამას კი არ გამოვრიცხავთ, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არ გამოვლენილა.

რამდენი ადამიანი დაზარალდა სულ ამ დარღვევის შედეგად?

2007–2009 წლების განამვლობაში 4500 ადამიანი დაზარალდა აუთვისებელი 2.5 მილიონი ლარის გამო, რომელიც იყო გათვალისწინებული მათთვის ხელჯოხების, ეტლების, უმწეოთა სხვადასხვა მომსახურებისთვის დღის ცენტრებში, სმენის აპარატების შეძენისთვის და ა.შ.

რადგანაც ეს პროდუქცია მათ მოითხვეს და არ მიეწოდათ, მაშინ, როდესაც ბიუჯეტი მათი სრულად დაკმაყოფილების საშუალებას იძლეოდა.

ამ აუდიტის შედეგი ის არის, რომ ყველაზე ძვირადღირებული კომპონენტის 30 ათასი ლარის ღირებულების სმენის აპარატებით ყველა იქნება უზრუნველყოფილი, ვისაც ის ესაჭიროება. აქამდე მათ შეძენაში მოქალაქის თანამონაწილეობა 30% იყო, ანუ 10 ათასი უნდა გადაეხადა მას და სახელმწიფო 20 ათასს გადაიხდიდა. ეს თავისთავად ამ პროგრამიდან უმწეოთა ფენას გამორიცხავდა. ახლა კი ჩვენი რეკომენდაციების საფუძველზე მოიხნსა ეს ბარიერი, მათი გადაცემა ყოველგვარი თანამონაწილეობის გარეშე მოხდება.

აუდიტის შედეგების მიხედვითვე, მოქალაქეთა პროგრამაში ჩართვის მექანიზმები არ შეესაბამებოდა არსებულ მოთხოვნებს და არ არსებობდა მომსახურების სტანდარტები, შესაბამისად, იგი არ იყო ორიენტირებული ინდივიდზე, რაც უარყოფითად აისახებოდა მომსახურების ხარისხზე.

გასაკეთებელი კვლავაც ბევრია. მაგალითად, არ არის აწყობილი საინფორმაციო სისტემა, რომელიც აღრიცხავს, რამდენი შეზღუდილი შესაძებლობის პირია, რომელიც პროგრამაში უნდა ჩეართოს, ეს მონაცემთა ბაზა არ არსებობს, და ამაზეც მიდის მუშაობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი