საზოგადოება

NDI-ის კვლევის უცნობი შედეგები

20 აპრილი, 2016 • 5903
NDI-ის კვლევის უცნობი შედეგები

NDI/CRRC-ის ბოლო კვლევიდან ახალი შედეგები გახდა ცნობილი. საუბარია ექსპერიმენტულ კითხვარზე, რომლითაც დგინდება – მისცემენ თუ არა ხმას ამომრჩევლები მის ფავორიტ პარტიას, თუ ეს პარტია არჩევნების დღემდე ცოტა ხნით ადრე კონკრეტულ მესიჯებს გაახმოვანებს ტრადიციების, ეკლესიის, საგარეო ორიენტაციის მიმართულებით; ან თუ აღმოჩნდება, რომ პარტიის ლიდერებს წარსულში კანონთან ჰქონდათ გაკრვეული ტიპის პრობლემები.

NDI/CRRC-ის კვლევის შედეგების მიხედვით გამოკითხულთა 74% აცხადებს, რომ ხმას არ მისცემს  პოლიტიკურ ძალას, რომლის ლიდერებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ კრიტიკულ მოსაზრებას გამოხატავენ.  

შეკითხვა, რომელიც გამოკითხვის დროს ამომრჩევლებს დაუსვეს, ასე იყო ფორმულირებული: “წარმოიდგინეთ, რომ არსებობს პოლიტიკური პარტია, რომლის მიმართაც პოზიტიური დამოკიდებულება გაქვთ და მისთვის ხმის მიცემას აპირებთ, თუმცა არჩევნებამდე სამი კვირით ადრე წამყვანი ტელევიზიების ეთერებიდან თქვენ შეიტყვეთ, რომ ამ პარტიის პოლიტიკურმა ლიდერებმა მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვეს. 74% აცხადებს, რომ ამ პარტიას ხმას არ მისცემს, 10% ხმას მისცემს, 9%-მა კითხვას პასუხი არ გასცა, ხოლო დარჩენილი 8% საკუთარ პოზიციას მკვეთრად არ აფიქსირებს და ხმის მიცემა/არმიცემას შორის შუაში აღიქვამს თავს.

სქრინშოტი კვლევიდან

სქრინშოტი კვლევიდან

ეკლესიის კრიტიკაზე სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლის შესაძლო რეაქციები დაახლოებით იგივეა. ანუ კვლევაში დაფიქსირებული ყველა პარტიის ამომრჩევლის უმრავლესობა აცხადებს, რომ თუ მისი ფავორიტი პოლიტიკური ძალა ეკლესიას გააკრიტიკებს, ხმას არ მისცემს. ეს მონაცემი კვლევის სხვა კითხვის შედეგიდან კროსტაბულაციის მეშვეობით დავაჯამეთ, ანუ შევამოწმეთ, რას ფიქრობენ ამ საკითხზე ის ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, ამა თუ იმ პარტიას მისცემენ ხმას. ყველაზე მეტი ისეთი ამომრჩეველი, რომელიც თავის რჩეულ პარტიას ეკლესიის კრიტიკის პირობებშიც მისცემს ხმას, ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს – 19%.

Screen Shot 2016-04-20 at 4.02.16 PM

 

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68% ხმას არ მისცემდა იმ პარტიას, რომლის ლიდერებმაც განაცხადეს, რომ ქართული ტრადიციები მოძველებულია და უნდა გადაიხედოს. ეს შეკითხვაც ზემოხსენებული კითხვის მსგავსად იყო ფორმულირებული.

ტრადიციები

იმ პარტიებში, რომლის ამომრჩევლებიც მას ხმას ტრადიციების კრიტიკის პირობებში აძლევენ, კვლავ ენმ ლიდერობს:

ტრადიციები

გამოკითხულთა 78% მხარს არ დაუჭერდა იმ პარტიას, რომლის მიმართაც სიმპათიები აქვს, თუმცა არჩევნებამდე 3 კვირით ადრე მისი ლიდერები იტყვიან, რომ ადამიანებს აქვთ უფლება, ღიად ისაუბრონ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე.

სექსუალური ორიენტაცია

ამ კითხვაზე პარტიების მხარდამჭერების ჩაშლილი მონაცემებიც ცხადყოფს, რომ სხვებთან შედარებით ენმ-ს უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს ისეთი, ვინც ზემოხსენებულ საკითხზე საუბრის პირობებშიც დაუჭერს მხარს. ამ თვალსაზრისით მეორე ადგილზე თავისუფალი დემოკრატები არიან.

ორიენტაცია

გამოკითხულთა 82% არჩევნებში მხარს არ დაუჭერდა მანამდე მისთვის მოსაწონ პარტიას, თუ ამ პოლიტიკური ძალის ლიდერები არჩევნებამდე 3 კვირით ადრე იტყოდნენ, რომ ისინი მხარს უჭერენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველოში მიწის შესყიდვისა და რეგისტრაციის უფლებას.

მიწები

მიწების საკითხზე პარტიების მხარდამჭერების პოზიცია ასე გამოიყურება:

მიწა

82% არჩევნებში ხმას არ მისცემდა პარტიას, რომლის ლიდერების შესახებაც შეიტყობდა, რომ ისინი წარსულში კრიმინალურ საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი.

გამოკითხულთა 51% ამბობს, რომ ხმას არ მისცემდა მანამდე მისთვის მისაღებ პარტიას, თუ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე შეიტყობდა, რომ ეს ძალა დაფინანსებას რუსეთიდან იღებს. 25% ამბობს, რომ ასეთ პარტიას ხმას მაინც მისცემდა, 13%-მა კითხვას არ უპასუხა, ხოლო 11%-ის პოზიცია ხმის მიცემა/არმიცემას შორის შუაში ფიქსირდება.

ruseTi

“ქართული ოცნების” კოალიციის ამომრჩევლის 43% აღარ მისცემს თავის ფავორიტს ხმას, თუ შეიტყობს, რომ ეს პოლიტიკური ძალა რუსეთიდან ფინანსდება. ენმ-ს ამომრჩევლის 61% გააკეთებს იმავეს, ხოლო რაც შეეხება თავისუფალ დემოკრატებს, მათი მხარდამჭერების 64%.

 

 

 

დაფინანსება რუსეთიდან

რაც შეეხება დაფინანსებას აშშ-დან, გამოკითხულთა 41% ამბობს, რომ თუ არჩევენაბმდე 3 კვირით ადრე გაირკვევა, რომ მისი ფავორიტი პარტია დაფინანსებას შეერთებული შტატებიდან იღებს, ხმას აღარ მისცემდა. 30% ასეთ პარტიას ხმას მაინც მისცემდა, 15%-ის პოზიცია ზემოხსენებულ ორ პასუხს შორის შუაშია, ხოლო დარჩენული 15 პროცენტი კითხვას კონკრეტულ პასუხს არ სცემს.

აშშ

“ქართული ოცნების” ამომრჩევლის 45% შეიცვლის აზრს თავისი რჩეულის მხარდაჭერაზე თუ გაიგებს, რომ ის აშშ-დან იღებს ფინანსურ დახმარებას. იმავეს გააკეთებს ენმ-ს ამომრჩევლების 31 და თავისუფალი დემოკრატების მხარდამჭერების 37%.

პარტიები შტატებზე

გამოკითხულთა 34% ამბობს, რომ მხარს არ დაუჭერდა მის რჩეულ პარტიას, თუ ამ პოლიტიკური ძალის ლიდერები არჩევენბამდე 3 კვირით ადრე იტყოდნენ, რომ რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩამოაყალიბებენ. 42% ასეთ პარტიას მხარს დაუჭერდა, 12% კითხვას კონკრეტულ პასუხს არ სცემს, ხოლო 13%-ის პოზიცია ხმის მიცემა/არმიცემას შორის შუაში ხვდება.

გამოკითხულთა 63% აცხადებს, რომ ხმას არ მისცემდა მის ფავორიტ პარტიას, თუ არჩევნებამდე შეიტყობდა, რომ ამ პარტიის ლიდერების გადაწყვეტილებებზე გავლენას სხვა, არაპოლიტიკოსი პირი ახდენს.

NDI-სა და CRRC-ში განმარტავენ, რომ მსგავსი ტიპის კითხვები ამ კვლევის ფარგლებში დაისვა პირველად  და ის ერთგვარ ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გასაჯაროვდა ის კვლევის შედეგების ოფიციალური პრეზენტაციისას, ხსნიან, რომ პრესკონფერენციაზე კვლევის ყველა შედეგს ვერ შეეხებოდნენ, თუმცა ამჟამად CRRC-ის ოფიციალურ ონლაინ-პლატფორმაზე განთავსდა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.

“ამის მიზანი იყო ის, რომ პარტიებისთვის გვეთქვა: რა ესიამოვნება ან პირიქით ეწყინება მათ ამომრჩეველს. აქ რამდენიმე ტიპის კითხვა იყო დასმული, ნაწილი კითხვებისა შეეხება კანონის უზენაესობას, ნაწილი შეეხებოდა ტრადიციების მიმართ პატივისცემას და ნაწილი- საგარეო ორიენტაციას. აქ საუბარია იმაზე, მისცემდა თუ არა მომარჩეველი ხმას იმ პარტის, რომელიც მანამდე მოსწონდა, თუ ეს პარტია გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამდა ზემოხსენებული მიმართულებებით.  ეს იყო ზოგადი დიზაინი კვლეევის ამ ექსპერიმენტული ნაწილის და შემდეგში შევხედეთ, რაზე, როგორ რეაგირებას მოახდენდა ამომრჩეველი. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ მხრივ არის ის, რომ თუ პარტია კანონის უზენაესობის კუთხით დარღვევებში იქნება შემჩნეული, მის მიმართ მკვეთრად გაუარესდება მხარდაჭერა. თუ ტრადიციების მიმართ გამოხატავს უპატივცემულობას და ამაში ეკლესიაც იგულისხმება, ასევე გაუუარსდება მხარდაჭერა. რუსეთთან ურთიერთობას რაც შეეხება, აქ რესპოდენტების რაოდენობა გაიყო: ნაწილისთვის მნიშვნელობა აქვს და უარყოფით ეფექტი ექნება რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობებს, ნაწილისთვის – არა”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში კობა თურმანიძე, CRRC-ის ხელმძღვანელი.

მისი თქმით, მომავალში იგეგმება ამ მიდგომის ეკონომიკურ საკითხებზე უფრო მეტად ფოკუსირებაც. მას კვლევის ეს კონკრეტული შედეგები არ უკვირს, მათ შორის, არც ტრადიციებისა და ეკლესიების მიმართ ამომრჩევლების დამოკიდებულება:

“ამაში გასაკვირი არაფერია. [კვლევიდან ჩანს, რომ] ტრადიციების და ეკლესიის მიმართ ამომრჩეველი არ აპატიებს პარტიებს უპატივცემულობას. ეს მოსალოდნელიც იყო. კარგია, რომ კანონის უზენაესობის კუთხით ასეთი მკაცრია ამომრჩეველი და თუ ამ მხრივ ვინმეს რაიმე დარღვევები აქვს, მას არჩევნების დროს მოეკითხება. რუსეთის მიმართაც მოსახლეობის აზრი გაყოფილია. უმრავლესობა არ არის რუსეთის მომხრე და დასავლური ორიენტაციისაა, მაგრამ ზოგჯერ მეხუთედი, ზოგჯერ მეოთხედი სიმპათიებს გამოხატავს რუსეთის მიმართ”.

NDI-ის კვლევის სხვა შედეგების მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა ანუ 50%-ზე მეტი რუსეთს საქართველოსთვის საფრთხედ აღიქვამს, ხოლო რუსეთის მიერ დაფუძნებულ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას მხარს მხოლოდ დაახლოებით 20% უჭერს. რამდენად მოდის ეს მონაცემები კორელაციაში იმ ფაქტთან, რომ რუსეთიდან დაფინანსებული პარტია გამოკითხულთა მხოლოდ 51%-ს არ მოეწონებოდა? კობა თურმანიძის პასუხი ასეთია:

“ამას ჯერ კარგი ანალიზი სჭირდება იმ მონაცემებიდან, რაც გვაქვს და შემდეგ ალბათ საჭიროა ცალკე კვლევაც, მაგრამ, როგორც ჩანს, აქ ორი ფაქტორი იჯაჭვება ერთმანეთში: რუსეთის მიმართ არ არის ადამიანი ნეგატიურად განწყობილი და მეორე – ზოგადად, საზღვარგარეთიდან დაფინანსების ფაქტორს ჩვეულებრივ მოვლენად განიხილავს. როგორც ჩანს, ბევრი საზღვაგარეთიდან დაფინანსებას არ უყურებს როგორც რაღაც არაორდინარულსა და ნეგატიურს. უშალოდ რუსეთის მომხრე უფრო ნაკლებია, ვიდრე ის ადამიანები, ვისაც რუსეთიდან დაფინანსება გულზე მოხვდათ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადამიანების ნაწილი [არ უყურებს უცხოეთიდან დაფინანსებას ნეგატიურად]… დაფინანსებაა და რა მოხდა მერე, თუ ვინმე ფულს მოგცემს, უნდა გამოართვაო [როგორც ჩანს, ნაწილი ასე უყურებს საკითხს]”, – ამბობს თურმანიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი