საზოგადოება

ჯანმრთელობა საპატიმროებში

6 ოქტომბერი, 2011 • 2155
ჯანმრთელობა საპატიმროებში

„ისინი იქ საზოგადოებიდან ხვდებიან და ჩვეულებრივ ისევ საზოგადოებას უბრუნდებიან, ამიტომ მათი ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, როგორც თავად მათთვის, ასევე მთელი საზოგადოებისთვის“–ასე ასაბუთებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი ადამიანების ჯანდაცვაზე ზრუნვის აუცილებლობას.

„ასთმური პრობლემები დაეწყო სამი წლის წინ, მაგრამ იქამდე არ მიხედეს, სანამ მისი ჰოსპიტალიზაცია არ გახდა საჭირო“, –ამბობს 25 წლის ნატო წიქორიძე, რომლის მეუღლე  რუსთავის ერთ–ერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელს მეექვსე წელია იხდის.

პატიმრის მეუღლის თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მედიკამენტებსაც თავად უგზავნის.

დღეს საქართველოში დაახლოებით 25 ათასი პატიმარი საჭიროებს ჯანმრთელობაზე ზრუნვას სახელმწიფოს მხრიდან.

ციხეში მოხვედრილი ადამიანების ჯანმრთელობაზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობას დღეს საქართველოს მთავრობაც აღიარებს. სწორედ ამიტომ უახლოეს მომავალში ამოქმედდება ის ახალი სტრატეგია, რომლის შემუშავებაშიც მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.

ახალ, 2011–2013 წლების სტრატეგიას, რომელმაც პატიმართა ჯანდაცვა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს, საქართველოს შრომის, სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის მინისტრი და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრი ხელს უახლოეს პერიოდში მოაწერენ.

სტრატეგიის დოკუმენტი, ჯერჯერობით, ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა ის ადამინები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ  მის შექმნაში, ამბობენ, რომ სტრატეგიის მთავარი მიზანია, პატიმრების ჯანდაცვა არ განსხვავდებოდეს სამოქალაქო ჯანდაცვისგან, არ იყოს დისკრიმინაციული და მაქსიმალურად ადამიანის უფლებების დაცვისკენ იყოს მიმართული.

„ციხეებში სამედიცინო სამსახური არ უნდა იყოს გამიჯნული სამოქალაქო ჯანდაცვისგან. აუცილებელია სამედიცინო სერვისების გათანაბრება და სრული ხელმისაწვდომობა პატიმრებისთვის“, –ამბობს წითელი ჯვრის ციხეებში ჯანდაცვის პროგრამის ხელმძღვანელი.

ახალი სტრატეგიის ხელმოწერის შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების უშუალო ჩართულობით შემუშავდება სამოქმედო გეგმაც, რომელიც დეტალურად გაწერს პასუხისმგებლობებს, ჩასატარებელ ღონისძიებებსა და ფინანსურ დანახარჯებს. თუმცა 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტში უკვე გაჩნდა ახალი ქვეპუნქტი–ჯანმრთელობის დაცვის ხელმშეწობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით შვიდი მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება.

პირველი ნაბიჯები პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვის გაუმჯობესების მიზნით სახელწიფომ 2009 წელს გადადგა. მაშინ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ციხის ჯანდაცვის სფერო გამოეყო და საჯელაღსრულების სამინისტროში ცალკე დეპარტამენტად საკუთარი განსაზღვრული ბიუჯეტით  ჩამოყალიბდა.

თუმცა დეპარტამენტის ცალკე გამოყოფამ პატიმართა ჯანდაცვითი პრობლემები მაინც ვერ მოაგვარა.

პენიტენციურ სისტემაში ჯანმრთელობის უფლების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოს სახალხო დამცველის უკანასკნელ (2010 წ) ანგარიშშიც აისახა.

სტანდართებთან შეუსაბამო სამედიცინო ინფრასტრუქტურა, პირველადი ჯანდაცვის განვითარება, მედიკამენტებით მომარაგების პრობლემა, ექიმის ხელმისაწვდომობა, პატიმართა სიკვდილიანობა, ჯანდაცვის არაკვალიფიციური პერსონალი, ექიმის მიერ არასათანადო მოპყრობა პატიმრის მიმართ, სანიტარიულ–ეპიდემიოლოგიური მდგომარება და სხვ.–თითოეულ ამ საკითხს სახალხო დამცველის ანგარიშში ცალკე კრიტიკული თავი მიეძღვნა.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში ციხეებში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით ჯერ მხოლოდ მცირედია გაკეთებული, ისიც საერთაშორისო ორგანიზაციების უშუალო მონაწილეობით.

პირველადი ჯანდაცვა ციხეებში

2010 წლიდან დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში ევროპის საბჭომ საქართველოში სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა დაიწყო.

ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით, სახელმწიფომ სამი სასჯელაღსრულების დაწესებულების (საქართველოში ყველაზე დიდი სასჯელაღსრულების დაწესებულება–გლდანის #8 საპატიმრო, ახალგახსნილი ქალთა #5 დაწესებულება რუსთავში და რუსთავის #6 დაწესებულება, რომელშიც, ძირითადად, უვადო და გრძელვადიანი სასჯელი მქონე პატიმრები იხდიან სასჯელს) პირველადი ჯანდაცვის ობიექტებისთვის სამედიცინო აპარატურა და პორტატული ექოსკოპი იყიდა, რომლის მეშვეობით სამედიცინო პერსონალს სხვადასხვა დაწესებულებაში გადაადგილება შეუძლია.

„ამ აპარატურის არსებობა სასჯელაღსრულების დაწესებულებში რეალურად შეუწყობს ხელს ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესებას.  ის აუცილებელი იყო პირველადი ჯანდაცვის გამართულად ფუნქციონირებისათვის. რაც უფრო ძლიერი იქნება პირველადი ჯანდაცვა, მით უფრო ეფექტურად განახორციელებს სასჯელაღსრულების დაწესებულებები პატიმართა ადეკვატურ უზრუნველყოფას ჯანდაცვით.“ –ამბობს ევროპის საბჭოს პროექტის კოორდინატორი გივი მიქანაძე.

2006 წელს სახელმწიფოს მიერ წითელი ჯვრის მხარდაჭერით ჩატარებულმა ჯანდაცვის საჭიროებების კვლევამ პენიტენციურ სისტემაში სწორედ პირველადი ჯანდაცვის განვითარების აუცილებლობა აჩვენა.

„ჩვენთან ძალიან დიდი აქცენტი კეთდება ჰოსპიტალურ სექტორზე, რომელსაც უნდა კვებავდეს პირველადი ჯანდაცვა, რადგან ის ფილტრავს იმ კონტინგენტს, რომელიც მასში გადის. პირველადი ჯანდაცვა მარტო მედიცინას არ ნიშნავს. ის ჯანსაღ გარემოსაც გულისხმობს“.  –ამბობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ციხეებში ჯადანცვის პროგრამის ხელმძღვანელი, ლევან შარაშიძე.

შარაშიძის თქმით, სწორია სახელმწიფოს მიდგომა, როდესაც აქცენტს სასჯელაღსრულების ახალ დაწესებულებებზე აკეთებს.

„ყველა ახალი ციხე იძლევა საშუალებას, ეფექტურად განავითარო ჯანდაცვის სერვისები.“– ამბობს ლევან შარაშიძე.

ციხის ექიმების უფლებამოსილებები

ევროპის საბჭოს პროექტის კოორდინატორს, გივი მიქანაძეს ციხეებში ჯანდაცვის გამართულად მუშაობის თვალსაზრისით საფრანგეთის მაგალითი მოჰყავს.

გივი მიქანაძე ამბობს, რომ საფრანგეთში ვიზიტის დროს მთავარი ყურადღება გამახვილდა ციხის ადმინისტრაციისა და სამედიცინო პერსონალის გამიჯნულ უფლებამოსილებებზე.

„პირდაპირ ხაზი გაესვა იმას, რომ ექიმი თავის საქმიანობაში არის და უნდა იყოს დამოუკიდებელი, ციხის ადმინისტრაცია ფაქტიურად უფლებამოსილი არ არის, ამაში ჩაერიოს. ამასთანავე, როდესაც საჭიროება არსებობს, ექიმი თავად იღებს გადაწყვეტილებას პატიმრის გარეთ გაყვანის ან არ გაყვანის თაობაზე“, –ამბობს მიქანაძე.

სწორედ ამ უფლებამოსილებების გაუმიჯნაობაზე ამახვილებს ყურადღებას სახალხო დამცველიც, რომელიც მონიტორნგის საფუძველზე ასკვნის, რომ ექიმთა გარკვეული ნაწილი კვლავ დაწესებულების ადმინისტრაციის ზეგავლენის ქვეშ არის და სამედიცინო გადაწყვეტილების მიღებისას უპირატეს მნიშვნელობას ანიჭებს არა პაციენტის საუკეთესო ინტერესებს,  არამედ სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მოსაზრებას.

2011–2013 წლების სტრატეგიის ამოქმედებამ, რომელიც პატიმრების ჯანდაცვა სამოქალაქო ჯანდაცვას უნდა გაუთანაბროს, ექსპერტების მოსაზრებით, ამ პრობლემასაც ავტომატურად მოაგვარებს.

გადატვირთულობა

1997 წელს, როდესაც წითელმა ჯვარმა ჩაატარა კვლევა პატიმრებში ტუბერკულოზის გადამდები ფორმის გამოვლენის მიზნით, კვლევამ ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულება და პატიმარი მოიცვა. პატიმართა რაოდენობა მაშინ 10 ათასამდე იყო.

დღეს პატიმართა რაოდენობა დაახლოებით 25 ათასია.

საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, სწორედ გადატვირთულობა იყო პირველი სენი, რომელიც საქართველოს პენიტენციურ სისტემას შეეყარა, ვინაიდან ამ ფაქტმა ბევრი დალაგებული ინსტურმენტი პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის სფეროში თავდაყირა დააყენა.

„დაწესებულებების გადატვირთულობას დაავადებების შემცირების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ენიჭება. არსებობს გარკვეული ნორმები, რომლის მიხედვითაც, ერთ პატიმარზე გარკვეული სივრცე უნდა იყოს გამოყოფილი, არასაკმარისი ვენტილაციის პირობებში იქმნება პრობლემა სხვადასხვა დაავადებების გავრცელებისა“, –ამბობს „თანადგომის“ პროექტის კოორდინატორი ვაჟა კასრელიშვილი.

იმისთვის, რომ მოიხსნას გადატვირთულობის პრობლემა, მისი აზრით, უნდა მოხდეს სოციალური პროგრამების დანერგვა–გაძლიერდეს სოც.სამსხური, რომელიც იმუშავებს პატიმრებთან.

„თუ ადამიანს დარჩენილი აქვს ერთი ან ორი წელიწადი, და იგი საფრთხეს საზოგადოებისთვის არ წარმოადგენს. უნდა მოხდეს მისი ვადამდე ადრე გათავისუფლება და პრობაციის სამსამხურისთვის გადაცემა. ასე ძალიან ბევრი გამოვა გარეთ.

ნარკოტიკების მოხმარების დანაშაულზე, რაც გამოიხატება სხვადასხვა ნარკოტიკების შენახვაში, 8–10 წელს უსჯიან ადამიანებს–ეს ძალიან ბევრია. ასეთ ადამიანებს სჭირდებათ არა ციხეში იზოლირება, არამედ მკურნალობა/რეაბილიტაცია. მსგავსი სასჯელით დღეს შეიძლება 3000-დან 5000-დე ადამიანი იხდიდეს სასჯელს. მათი სოციალურ პროგრამებში ჩართვით და ვადაზე ადრე განთავისუფლებით უამრავი თანხაც დაიზოგება და გადატვირთულობაც მოიხსნება“–ამბობს კასრელიშვილი.

ჯერჯერობით, უცნობია, ითვალისწინებს თუ არა ახალი სტრატეგია ციხეებში გადატვირთულობის პრობლემის მოხსნას.

ინტეგრაცია სამოქალაქო ჯანდაცვასთან

იმ ფაქტს, რომ 2009 წელს საქართველოს პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის სამსახური სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გადავიდა სასჯელაღსრულების,  პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში და ჩამოყალიბდა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის სახით საკუთარი ბიუჯეტით, დადებითად აფასებს სახალხო დამცველიც, თუმცა, მისივე მოსაზრებით, პენიტენციური ჯანდაცვის სისტემა ჯერ არ მოქცეულა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურიდაცვის სამინისტროს მართვის სფეროში, უამრავ ტექნიკურ,  ორგანიზაციულ, ადმინისტრაციულ, კლინიკურ და სხვა ჯანდაცვით პრობლემებს ქმნის და ამწვავებს.

ჯერჯერობით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჩართულობა პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში იმაში გამოიხატება, რომ სამინისტროდან გამოყოფილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც სასჯელაღსრულების სფეროში ჯანდაცვის რეფორმის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობას უშუალოდ იღებდა.

სამოქალაქო ჯანდაცვასთან ინტეგრაციის ფარგლებში 1997 წლიდან ჩართულია წითელი ჯვარი, რომელიც ციხეებში ტუბერკულოზის გამოვლენაზე და შემდგომ მის მკურნალობაზე მუშაობდა.

„აუცილებელი სამედიცინო სერვისების გათანაბრება და სრული ხელმისაწვდომობა პატიმრებისთვის“, –ამბობს წითელი ჯვრის ციხეებში ჯანდაცვის პროგრამის ხელმძღვანელი.

სამოქალაქო ჯანდაცვასთან ინტეგრაციის მიზნით გლობალური ფონდის დაფინანსებით ადგილზე შეიქმნა აივ/შიდსზე ნებაყოფლობითი ტესტირებისა და კონსულტირების ცენტრები სასჯელაღსრულების 16 დაწესებულებაში.

გლობალური ფონდი დღესაც აფინანსებს ამ პროგრამას. პროგრამის ფარგლებში 2012 წლის ბოლომდე უნდა მოხდეს 6000-დე პატიმრის ტესტირება და დაავადებულ ადამიანთა მკურნალობა.

„ჩვენი მიზანია, გამოცდილებით, ევროპული  კომპეტენციითა და ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით ხელი შევუწყოთ ციხის ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებას. სამინისტროს აღნიშნულის ხელშეწყობით უნდა მიეცეს საშუალება,  რომ შეიმუშვოს ისეთი გეგმა, რომელიც რეალურად განსაზღვრავს ციხის ჯანდაცვის სისტემის განვითარებას“, –ამბობს ევროპის საბჭოს პროექტის კოორდინატორი გივი მიქანაძე, რომლის თქმით, ევროპის საბჭო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები აღნიშნული სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ  სახელმწიფოს სამოქმედო გეგმის მომზადებაშიც და გეგმის განხორციელების ეტაპებზეც დაეხმარებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი