საზოგადოება

ცხოველებს აქვთ უფლება, მოეპყრან პატივისცემით

4 ოქტომბერი, 2011 • 2961
ცხოველებს აქვთ უფლება,  მოეპყრან პატივისცემით
დღეს მსოფლიო ცხოველთა დღეს აღნიშნავს. ყველა კონტინენტზე ამ დღეს უამრავი ღონისძიება ეწყობა და მათი უმეტესობა ცხოველთა პირობების გაუმჯობესებას ემსახურება.
ამ დღეს შინაური ცხოველები იღებენ საჩუქრებს, მონაწილეობენ გამოფენებში, მიირთმევენ ტკბილეულს, ტაილანდში იმის უფლებაც კი აქვთ, ბავშვებს სკოლაში გაყვნენ, ზოგიერთ ქვეყანაში ეს დღესასწაული ერთი დღის ნაცვლად რამდენიმე კვირა გრძელდება.
ეს პატარა “პიტბული” კი მსოფლიო ცხოველთა დღეს თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, არც მეტი არც ნაკლები, აკვარიუმში ჩასმული შეხვდა.
2011 წლიდან საქართველო ოფიციალურად შეუერთდა იმ ქვეყნების ნუსხას, სადაც მსოფლიო ცხოველთა დღე ყოველწლიურად აღინიშნება. თუმცა ამ დღის აღსანიშნავად დღეს მხოლოდ ერთი ღონისძიება, საპროტესტო აქცია გაიმართა: საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებამ, შეკრებილ ხალხთან ერთად, ხელი მოაწერა მიმართვას საქართველოს ხელისუფლებისადმი საქართველოში ცხოველთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.
მაშინ, როდესაც “ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაციის” მიხედვით, “ყველა ცხოველს აქვს უფლება, მოეპყრან პატივისცემით”, ქართული კანონმდებლობით მხოლოდ ცხოველის წამება და სიკვდილამდე მიყვანა ისჯება და ასეთ შემთხვევაშიც კი, როგორც “ცხოველთა უფლებების დაცვის კომიტეტის” თავმჯდომარე თინა ჭავჭანიძე აცხადებს, “ჯერ არ არსებობს ფაქტი, რომ ადამიანი ცხოველის წამების, ან მოკვლის გამო დაესაჯოთ”.
საქართველოში, ასევე, არ არსებობს არანაირი წესი იმის შესახებ, თუ როგორ პირობებში უნდა ჰყავდეს მეპატრონეს ცხოველი. “ცხოველთა უფლებების დაცვის კომიტეტმა” პასუხისმგებლიანი მეპატრონის შესახებ საკრებულოში მიმართვა შეიტანა, თუმცა ამან მხოლოდ ის შედეგი გამოიღო, რომ შემოვიდა წესი განსაკუთრებით ავი ცხოველის ალიკაპით ტარების შესახებ და აიკრძალა ცხოველთა ორთაბრძოლები.
“თუმცა არავინ აკონტროლებს იმას, ატარებენ თუ არა ცხოველებს ქუჩაში ალიკაპით, ცხოველთა ორთაბრძოლებიც ისევ იმართება. პრობლემა იმაშია, რომ არ არსებობს კონტროლის მექანიზმი, საზოგადოება კი ამ ყველაფრის მიმართ ინდიფერენტულია”, – ამბობს თინა ჭავჭანიძე.
ვეტერინარ ალიკა ბესედინის თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ცხოველი სწორედ იმის გამო ზარალდება, რომ პატრონი მას არ უქმნის სათანადო პირობებს.
“ხშირად ცხოველს ყიდულობენ, არ იციან, რამდენად რთულია მისი მოვლა და თუკი მოვლა გაუჭირდათ, პირდაპირ ქუჩაში აგდებენ”, – ამბობს ალიკა ბესედინი.
თუმცა ის, რომ საზოგადოება არაინფორმირებულია, იმის ბრალიცაა, რომ ცხოველთა მოვლის შესახებ ქართულ ენაზე ლიტერატურა თითქმის არ არსებობს.
გიორგი ქავთარიას “ტაქსას” ჯიშის ძაღლი 14 წლის წინ აჩუქეს. იმ პერიოდში ინტერნეტი ხელმისაწვდომი არ იყო და ცხოველის მოვლის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ რუსული ჟურნალებიდან იღებდა.
“ახლა ძაღლს საკუთარი ვეტერინარი ჰყავს. იმის გამო, რომ კორპუსის ბინაში გვყავს, ყოველდღე დამყავს სავარჯიშოდ და 5 კილომეტრს ვარბენინებ, ვაძლევ ვიტამინებს და ყველაფერს, რაც აუცილებელია, თუმცა ვიცი, რომ ბევრი პატრონი ამას არ აკეთებს, ამიტომ ვინმემ კონტროლზე უნდა აიყვანოს შინაური ცხოველების პირობები და მოპყრობა,” – ამბობს გიორგი ქავთარია.
სალომე მხეიძეს კი უკვე 5 წელია, სახლში “წითელყურა კუ”, სახელად ჰაიკუ ჰყავს. თუ როგორ უნდა მოუარო ასეთ ცხოველს, დაწვრილებით მაშინ გაიგო, როდესაც ცუდად გაუხდა და ზოოპარკში მიიყვანა. წითელყურა კუ უნდა ცხოვრობდეს აკვარიუმში, რომელიც ბოლომდე  არ იქნება წყლით გავსებული და კუს შეეძლება მშრალზე გამოსვლა, აუცილებლად უნდა დარეგულირდეს წყლის ტემპერატურა და უნდა გამოიკვებოს 3–4 დღეში ერთხელ, სხვა შემთხვევაში, ის ძალიან ცოტა ხანს იცოცხლებს.
თუმცა ეს ყველაფერი არ იცის გამყიდველმა, რომელიც სწორედ ასეთ კუს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ყიდის, აკვარიუმში კი არც ერთი წვეთი წყალი არ უსხია.
იმ ადამიანებისგან განსხვავებით, ვისაც კანონის შემოღება იმიტომ უნდა, რომ ცხოველებმა დაცულად იგრძნონ თავი, გვანცა გორდეზიანს კანონის გამკაცრება საკუთარი მცირეწლოვანი შვილების უსაფრთხოების გამოც სურს. ის წინააღმდეგია კორპუსის ბინაში ცხოველის გაჩერების:
“მეცოდებიან ცხოველები, რომლებიც კორპუსის ბინებში ჰყავთ, უნდა არსებობდეს ვინმე, ვინც მათი ცხოვრების პირობებს შეამოწმებს, თუმცა არანაკლებ მაწუხებს ის ფაქტი, რომ ქუჩაში ცხოველებს შეუძლიათ ნებისმიერ ადგილზე მოსაქმება. საზღვარგარეთ ეს რეგულირდება კანონით და ვისურვებდი, რომ ჩვენთანაც მიხედონ ამ საკითხს, დადგან სპეციალური ნაგვის ურნები და პატრონს დაევალოს თავისი ცხოველის მიერ დაბინძურებული ტერიტორიის გასუფთავება, ქუჩაში ხომ ჩვენთან ერთად ბავშვებიც მოძრაობენ,” – ამბობს გვანცა.
“იმის გამო, რომ კანონი რეალურად არაფერს აკეთებს ამ კუთხით, ზარალდებიან როგორც ცხოველები, ასევე საზოგადოება”, – აცხადებს თინა ჭავჭანიძე.
“ცხოველთა უფლებების დაცვის კომიტეტი” კვლავ აპირებს მიმართოს სახელმწიფოს კანონის მიღებასთან დაკავშირებით და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი