საზოგადოება

სკოლამდელი რეფორმა პროცესში – ინტერვიუ იუნისეფის პროგრამების ხელმძღვანელთან

13 აპრილი, 2016 • 2462
სკოლამდელი რეფორმა პროცესში – ინტერვიუ იუნისეფის პროგრამების ხელმძღვანელთან

საქართველოს პარლამენტი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონპროექტს იხილავს.

რას შეცვლის ეს კანონი სკოლამდელი განათლების სისტემაში, ბაგა-ბაღებში? რა მოსწონთ და რა შენიშვნები აქვთ კანონპროექტთან დაკავშირებით გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდში? სკოლამდელი განათლების რეფორმის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით  “ნეტგაზეთი”  იუნისეფის განათლების პროგრამების ხელმძღვანელ მაია ყუფარაძეს ესაუბრა. ის მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებს ინოვაციურად მიიჩნევს და ამბობს, რომ  კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა შენიშვნებიც აქვს:

– ჩემი აზრით, კანონპროექტი ინოვაციურია. ის განათლების სისტემაში ძალიან დიდ რეფორმას უყრის საფუძველს, რადგან განსაზღვრავს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების როლს და ვალდებულებებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

თუმცა ჩვენთვის ცნობილია, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით რამდენიმე შენიშვნა გაქვთ. მათ შორის, თვლით, რომ ღიად არის დარჩენილი აღმზრდელის მომზადების და გადამზადების საკითხი კანონში. თუ შეგიძლიათ განმარტოთ, კონკრეტულად რას გულისხმობთ ამაში და რა არის თქვენი რეკომენდაცია?

კანონის მე-8 მუხლი აყალიბებს ვალდებულებებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის. ამ მუხლში ნათქვამია, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტრო შეიმუშავებს  და მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტს. ასევე აღნიშნულია, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს აღმზრდელის და აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო-დოკუმენტი და მათი გადამზადების ტრენინგ-მოდულები.

მიუხედავად ამ ჩანაწერისა, კანონპროექტში აღმზრდელ-პედაგოგის მომზადებისა და გადამზადების საკითხი ღიად არის დარჩენილი. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ, ვინ არის პასუხისმგებელი პედაგოგის მომზადებასა და მათ პროფესიულ ზრდაზე – განათლების სამინისტრო, მუნიციპალიტეტი, თუ რომელიმე სხვა უწყება.  რომელი დაწესებულება მოამზადებს და გადაამზადებს აღმზრდელ-პედაგოგს- უნივერსიტეტი?! არასამთავრობო ორგანიზაცია?! ვინ მიანიჭებს მათ კვალიფიკაციას,  ვინ გასცემს კვალიფიკაციის დამადასტურებელ მოწმობას, ვინ აწარმოებს სისტემაში ტრენინგ-პროგრამების ავტორიზაციას, ვინ გამოყოფს და ანაწილებს ფინანსებს და ა.შ.  

გასაგებია, რომ ყველა დეტალი ამ კანონში ვერ აისახება, თუმცა ჩვენი რეკომენდაციაა, კანონში გაჩნდეს ჩანაწერი, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტრო ან საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს და დაამტკიცებს აღმზრდელ-პედაგოგების მომზადებისა და გადამზადების ერთიან სისტემას, რომლის აღსრულება დაევალება, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას. ასეთი ფორმულრება უნდა გაჩნდეს კანონპროექტში.

-რაც შეეხება მონიტორინგს, თქვენ ამბობთ, რომ კანონპროექტით  მონიტორინგის სისტემა სრულყოფილი არ არის. თუ შეიძლება დაგვიკონკრეტეთ, რას გულისხმობთ.

-კანონპროექტი რიგ სამინისტროებს ავალდებულებს, შეიმუშაოს ეროვნული სტანდარტები და ტექნიკური რეგლამენტი და მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს. კერძოდ, კანონპროქტის მიხედვით განათლების და მეცნიერების სამინისტრო შეიმუშავებს ადრეული და სკოლამდელი განათლების და აღმზრდელ-პედაგოგების პროფესიულ სტანდარტებს; ჯანდაცვის სამინისტრო – ტექნიკურ რეგლამენტს სურსათის უვნებლობის და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ, ეკონომიკის სამინისიტრო კი – ტექნიკურ რეგლამენტს შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ.

თუმცა კანონში ჩანაწერი მონიტორინგთან დაკავშირებით სრულყოფილი არ არის. ჩვენი რეკომენდაციაა, სკოლამდელ დაწესებულებებში ვითარების  გაანალიზებისა და სტანდარტების შემდგომი გაუმჯობესებისთვის საქართველოს მთავრობამ სამინისტროებს, მუნიციპალიტეტებთან ერთად, სტანდარტების განხორციელების მონიტორინგიც დაავალოს. უნდა ჩანდეს პროცესის განხორციელების იმ დაწერილ სტანდარტთან შესაბამისობა.

 

–  ანუ თვლით, რომ მონიტორინგში სამინისტროებიც უნდა ჩაერთონ?
სამინისტროების ჩართვა აუცილებელია, რადგან სკოლამდელი განათლების დღევანდელი განათლების სისტემა არის დეცენტრალიზებული. ეს ნიშნავს, რომ სამინისტროების როლი ამ პროცესში არის მინიმალური. ამ კანონით სამინისტროები იღებენ ფუნქციას, შეიმუშაონ ეროვნული სტანდარტები. აქედან გამომდინარე მიზანშეწონილია, რომ იმ სამინისტრომ, რომელიც შეიმუშავებს სტანდარტს, მონიტორინგი გაუწიოს სტანდარტის განხორციელებას, თვითონ სტანდარტთან შესაბამისობას.

კანონში წერია, რომ სამინისტროები გაუწევენ მონიტორინგს ამ პროცესს, თუმცა არ წერია, რასთან შესაბამისობაში. შესაბამისობა ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა, ამის დადგენა აუცილებელია.

– დამტკიცების შემთხვევაში კანონი 2017 წლიდან შედის ძალაში, თუმცა თქვენი რეკომენდაცია იყო 2016 წლის სექტემბრიდან ამოქმედება. რატომ ფიქრობთ, რომ მისი ამოქმედება 2017 წლამდე შესაძლებელია?  

 

-სასურველი იქნება, კანონი ძალაში არა 2017 წლის სექტემბერში, არამედ 2016 წლის სექტემბერში შევიდეს. თუმცა იმასაც ვიზიარებთ, რომ კანონპროექტი თავისი შინაარსით ძალიან კომპლექსურია და გასაგებია, რომ ყველა საკანონმდებლო რეგულაციის ერთდროულად აღსრულება ილუზიაა. ამას უნდა ძალიან თანმიმდევრული განხორციელება. ეს არის კიდეც მითითებული კანონპროექტში და სხვადასხვა ვადები არის განსაზღვრული, მაგრამ რიგი ნორმების ამოქმედება მიმდინარე წელსაც შესაძლებელია.

 

– პარლამენტში კანონპროექტის განხილვისას დისკუსიის საგანი გახდა ის მუხლები, რომლებიც ბაგა-ბაღებს შესაძლებლობას აღარ მისცემს ჯგუფები სხვადასხვა ასაკის ბავშვების მიხედვით დააკომპლექტოს. მაგალითად, ვალდორფის პედაგოგიკა სწორედ ამას გულისხმობს, კანონის დამტკიცების შემთხვევაში ის ამ მოდელით ვეღარ იმუშავებს. კანონპროექტის ავტორმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ეს იყო იუნისეფის რეკომენდაცია. ნამდვილად ასე იყო? და თუ კი, რატომ ფიქრობთ ასე? 


– UNICEF-ის თავდაპირველი პოზიცია იყო, რომ ადრეულ საგანამანათლებლო დაწესებულებებში შერეული ასაკის ბავშვების შემთხვევაში ბავშვების რაოდენობა ყოფილიყო ათი.  რაიონებში, სოფლებში შერეული ჯგუფები ამართლებს, მაგრამ ზოგადად, თუ სხვადასხვა ასაკის ბავშვების რაოდენობა არის ათი, მაშინ სასურველია, ჯგუფი შედგეს და სხვა, ასევე სხვადასხვა ასაკის ბავშვებისგან ცალკე ჯგუფი ჩამოყალიბდეს.

კანონპროექტში წერია, რომ ერთი და იმავე ასაკის ბავშვების შემთხვევაში, 2-დან 3 წლამდე ბავშვების შემთხვევაში ჯგუფში უნდა იყოს 25 ბავშვი, 3-4 წლამდე ბავშვების შემთხვევაში- ერთ ჯგუფში 30 ბავშვი, 4-5 წლამდე ბავშვების შემთხვევაში- არაუმეტეს 30 ბავშვისა. ეს ყველაფერი გაიწერა იმიტომ, რომ დღეს ჯგუფებში ხანდახან 40 ან 50 ბავშვიც კი არის, რაც არის ინფექციების გავრცელების მიზეზი. ამასთან, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ბავშვებთან მუშაობის და საგანმანათლებლო პროცესის წაყვანის საშუალება. გადატვირთულ ჯგუფებში აღმზრდელს ამის საშუალება არ აქვს.

-თუმცა ამჟამად არსებული კანონპროექტით ბაღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება შერეული ჯგუფების შექმნა, თუკი ერთი ასაკის ბავშვთა რაოდენობა საკმარისი არ იქნება. ასეთი ჩანაწერი არ აძლევს იმ ბაღებს შერეული, თუნდაც 10-კაციანის შექმნის შესაძლებლობას, რომელთა პედაგოგიკა შერეულ ჯგუფებზეა დაფუძნებული, მაგალითად, ისევ ვალდორფი.  

 

-ვალდორფის სკოლაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. არსებობს ვალდორფის პედაგოგიკა, არსებობს სხვა სკოლების პედაგოგიკაც. ამ ეტაპზე იუნისეფს ვალდორფის სკოლის პედაგოგიკა შესწავლილი არ აქვს.

როცა კანონი დამტკიცდება და ძალაში შევა, ყველა ბაღს ექნება ვალდებულება, მოერგოს მას. კანონით ქვეყანაში იქმნება ერთიანი სტანდარტები. ყველა ბაღი უნდა მუშაობდეს ქვეყანაში არსებული სტანდარტებით და კანონით. ამისთვის იქმნება კანონი, არ უნდა იყოს განუკითხაობა, სერვისი უნდა მუშაობდეს ეროვნული სტანდარტების მიხედვით.

როცა ჩვენ დავიწყეთ კანონპროექტზე მუშაობა, ვმუშაობდით საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად. როცა UNICEF-ს ჩამოყავს საერთაშორისო ექსპერტები, ეს ნიშნავს, რომ ვმუშაობთ საერთაშორისო პრაქტიკებზე დაყრდნობით, ვავითარებთ მათ და ქვეყანას ვთავაზობთ. ჩვენი საერთაშორისო ექსპერტები მუშაობდნენ ქართველ სპეციალისტებთან ერთად. ისინი შეჯერდნენ იმ მოდელზე, რომელიც შემდეგ პარლამენტში გადავიდა. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, მუშაობის პროცესი კი 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჯგუფის მიზანი იყო, მიღწეულიყო კონსესუსი ყველა პარაგრაფთან დაკავშირებით. ამ მუშაობის საფუძველზე ეს საკითხი ასეთი ფორმულირებით იქნა მიღწეული. ჩვენი რეკომენდაცია იყო ეს, ერთი ასაკის ბავშვთა არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში 10 ბავშვისგან შემდგარი ჯგუფი. ქართველი სპეციალისტების პოზიციაც ასეთი იყო.

 

-ვინ იყვნენ ქართველი სპეციალისტები?

ქართველი სპეციალისტები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ძალიან დიდი პრაქტიკა აქვთ სკოლამდელ აღზრდაზე მუშაობის, დარგის სპეციალისტები, ბაღების დირექტორები და პედაგოგები, ინკლუზიური განათლების სპეციალისტები და ა.შ, რომლებმაც კარგად იციან, რას ნიშნავს, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული აღმზრდელისთვის სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობა.

მაია ყუფარაძე, იუნისეფის განათლების პროგრამების ხელმძღვანელი

მაია ყუფარაძე, იუნისეფის განათლების პროგრამების ხელმძღვანელი


მასალების გადაბეჭდვის წესი