საზოგადოება

WWF: ეროვნულ პარკებში ნადირობის დაშვება მიუღებელია

4 ოქტომბერი, 2011 • 1151
WWF: ეროვნულ პარკებში ნადირობის დაშვება მიუღებელია
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისმა გაავრცელა განცხადება სექტემბერში პარლამეტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ნადირობის ახალ წესებს განსაზღვრავს.

ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების პროექტის მიხედვით, ნებადართულია ნადირობა დაცულ ტერიტორიაზე, საუბარაია ასევე წითელ წიგნში შეტანილ ცხოველებზე ნადირობის დაშვებაზე.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი, რომელიც საქართველოსთან თანამშრომლობს, აღიარებს, რომ არსებული კანონმდებლობა ამ სფეროში საჭიროებს დახვეწას, თუმცა გამოთქვამს პოზიციას ცვლილებების ზემოთმპყვანილ ორ ასპექტთან დაკავშირებით.

“ეროვნულ პარკებში ნადირობის დაშვება მიუღებელია. ამგვარი დაშვება არ შეესაბამება საერთაშორისო  პრაქტიკას და იგი ეწინააღმდეგება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) სახელმძღვანელო პრინციპებს დაცული ტერიტორიების კატეგორიების შესახებ”, აცხადებს WWF-ის კავკასიის ოფისი და დასძენს:  “ზემოაღნიშნული ნორმის შემოღება სამართლებრივად აზრს დაუკარგავს ეროვნული პარკების, როგორც დაცული ტერიტორიის კატეგორიის, არსებობას –იმდენად, რამდენადაც გაუთანაბრებს მას დაბალი დაცვის რეჟიმის მქონე სხვა კატეგორიებს (აღკვეთილს, დაცულ ლანდშაფტს და მრავალმხრივი გამოყენებისტერიტორიას). პრაქტიკულადაც, ყოველივე ამას სარგებელზე გაცილებით მეტი ზიანი მოჰყვება:

ნაკრძალები და ეროვნული პარკები ჩვენი ფაუნის წარმომადგენელთა თავშესაფრებია, ერთგვარი “რეზერვუარებია”, სადაც მრავლდება ნადირ-ფრინველი; ანუ იქმნება რესურსი ამ კატეგორიის დაცული ტერიტორიების გარეთ სამონადირეო მეურნეობების მოსაწყობად”.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მოსაზრებით, ნადირობის დაშვება საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ეროვნულ პარკებში ტურიზმის განვითარების პოზიტიურ ტენდენციას და, ზოგადად, ეროვნული  პარკებში ნადირობის დაშვება და, შესაბამისად, მათი დაცვის რეჟიმის დაქვეითება უარყოფითად აისახება საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტზე.

გავრცელებული განცხადება ასევე ეხება წითელი ნუსხის სახეობებთან დაკავშირებით მოსალოდნელ ცვლილებებს:

“კანონპროექტში ბუნდოვან კოტექსტშია ნახსენები წითელი ნუსხის სახეობები. აღვნიშნავთ, რომ საქართველოს წითელი ნუსხის მნიშვნელობის ნებისმიერი სახით დაკნინება უარყოფითად აისახება ქვეყნის ბუნებრივი ეკოსისტემების მდგომარეობაზე. წითელი ნუსხის სახეობებზე ნადირობა დაუშვებელია. ამასთან, წითელი ნუსხის რეგულაცია გულისხმობს მის პერიოდეულ განახლებას მასში შეტანილი სახეობების სტატუსის შესახებ ახალი მონაცემების დაგროვების კვალდაკვალ: განახლების შედეგად სახეობის სტატუსი შეიძლება ამაღლდეს, ან დაიწიოს. ზოგიერთი სახეობა შესაძლოა, კიდეც ამოღებულ იქნას წითელი ნუსხიდან. ოღონდ ყოველივე ამას წინ უნდა უსწრებდეს საფუძვლიანი სამეცნიერო შეფასება”.

მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოში მოღვაწე გარემოსდამცველმა ორგანიზაციებმაც გააპროტესტეს და ცვლილებების განხილვის პროცესში პარლამენტს დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის მოთხოვნით მიმართეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი