საზოგადოება

დევნილების გადავადებული გამოსახლება [VIDEO]

3 ოქტომბერი, 2011 • 1197
დევნილების გადავადებული გამოსახლება [VIDEO]

დღეს, 3 ოქტომბერს, ვაკის სტუდქალაქში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა გამოსახლება სამი თვით გადაუვადეს.

დილის 11 საათზე ვაკის სტუდქალაქში ერთოთახიანი ბინიდან დევნილი ოჯახის გამოსახლების მიზნით აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების მივიდნენ. დევნილებსა და აღსრულების ბიუროს თანამშრომლებს შორის შელაპარაკების დროს რამდენიმე დევნილი ქალბატონი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც სასწაფო დახმარება გამოიძახეს.

დევნილი ოჯახის დღეს დაგეგმილი გამოსახლება იმით დამთავრდა, რომ აღსრულების ბიუროს თანამშომლებმა კანონით დაშვებული პროცედურა გაითვალისწინეს და ბინის ძველ და ახალ მფლობელს შორის, რომელმაც აღნიშნული ბინა აუქციონის წესით შეისყიდა, წერილობითი შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, დევნილი ოჯახი საკუთარ ბინაში, რომელიც მას სახელმწიფომ დაუკანონა კიდევ სამ თვეს იცხოვრებს.

როგორც დევნილები ამბობენ, ყველაფერი 2009 წელს დაიწყო, როდესაც მათთან შუამავლად მეზობელი მივიდა და გარკვეული თანხის სანაცვლოდ კონკრეტული პირებითვის სამი თვით ბინების იპოთეკით დატვირთვა სთხოვა.

„რძალი იმ დროს ქიომიოთერაპიას იტარებდა და როცა 500 $ შემოგვათავაზეს იპოთეკის სანაცვლოდ,  ბევრი არ გვიფიქრია, ეს ფული საჩუქარივით იყო ჩვენთვის. თან ახლობელი იყო შუამავალი და რას ვიფიქრებდით რომ მოტყუებულნი ვიქნებოდით“,– ამბობს 54 წლის დევნილი ნათელა გულისკერია, რომელსაც უახლოეს პერიოდში ასევე გამოასახლებენ საკუთრი ბინიდან.

ვაკის სტუდქალაქში მცხოვრებმა დაახლოებით 30 ოჯახმა, რომელიც თავს დღეს მოტყუებულად მიიჩნევს, საკუთარი ბინების იპოთეკით დატვირთვას ხელი 500–700$–ის სანაცვლოდ თავადვე მოაწერა.

დღეს თითქმის ყველა ამ დევნილი ოჯახის ბინას ახალი მფლობელი ჰყავს, რომელთაც იპოთეკით დატვირთული ბინები აუქციონის წესით შეისყიდეს.

მათ წინააღმდეგ კი, ვინც დევნილი ოჯახები მოატყუა, სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ 2010 წლის ნოემბერში აღიძრა. კრიმინალური დაჯგუფების  წევრები სასჯელს ახლაც იხდიან.

თუმცა სასამართლომ, რომელსაც მოტყუებულმა დევნილმა ოჯახებმა მიმართეს, განაჩენი ბინების ახალი მეპატრონეების სასარგებლოდ გამოიტანა.

დევნილები სასამართლოს არაობიექტურობაში ადანაშაულებენ.

„სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოტყუებულები ვართ“, –ამბობს 54 წლის ნათელა გულისკერია. მან ჯერ არ იცის, როდის მოვლენ მასთან აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები და მისი ბინის ახალი მეპატრონე და როდის მოითხოვენ ბინის დაცლას.

შემდეგი დევნილი ოჯახის გამოსახლება რამდენიმე დღეში, 5 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი