საზოგადოება

დაავადება, რომელიც წამლით არ ინკურნება

30 სექტემბერი, 2011 • 16882
დაავადება, რომელიც წამლით არ ინკურნება

აზარტული თამაშებისადმი სიყვარული ფსიქიკური პათოლოგიაა. იგი ქცევითი დამოკიდებულების ერთ-ერთი სახეა.

დამოკიდებულებასთან გვაქვს შეხება, თუკი რაიმე საქმიანობით, პირს ან სოციუმს, ან ორივეს ერთად რაიმე ზიანი ადგება.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას უშუალოდ თამაშის პროცესში განცდილი შეგრძნებები  აჩენს.  ფსონის დადებისას, კარტის დარეგიბისას ადამიანი სიამოვნებას განიცდის და ამ განცდაზე დამოკიდებული ხდება.

ფსიქიკური დამოკიდებულბების სპეციალისტი ბოგდან ვორონოვიჩი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების განვითარების ოთხ სტადიას გამოყოფს:

პირველ, ანუ მოგების სტადიას ბოგდანოვიჩი ასე ახასიათებს: მცირე თანხის მოგების შემდეგ დიდი ფულის მოგების სურვილი ჩნდება. ადამიანი ინტენსიურ თამაშს იწყებს და დიდ ფსონებს დებს.

ამას მოსდევს დანაკარგების სტადია, როდესაც ადამიანი აგებს, თუმცა დიდი მოგების იმედი უფრო და უფრო უმძაფრდება. იღებს ვალებს, მალავს დამოკიდებულებას.

იზოლაციის სტადიისას აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ემალება ადამიანებს, მათ შორის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. მოთამაშე სირცხვილს გრძნობს, თავს დამნაშავედ მიიჩნევს და დეპრესიაში ვარდება.

იმედის დაკარგვის სტადიისას თამაშზე დამოკიდებული გამოსავალს ეძებს: პრობლემის გადაჭრას ის ალკოჰოლით ან ნარკოტიკებით ცდილობს; ჩადის კრიმინალს ვალების გასასტუმრებლად; ფიქრობს სუიციდზე, ან იწყებს მკურნალობას.

ფსიქოლოგ ლევან შატბერაშვილის აზრით, გარემო მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თამაშდამოკიდებულთა რაოდენობის გაზრდას:

”როდესაც ამდენ სამორინეს, პოკერ–კლუბს და სათამაშო აპარატს ხედავ, ბუნებრივია, ინტერესი გიჩნდება. გარდამავალ ასაკში ეს ფაქტორი განსაკუთრებულად საფრხის შემცვლელია. ადამიანის სისუსტეზეა აგებული ეს ბიზნესი.”

ზურა ვეფხვაძე 17 წლის იყო, როდესაც კაზინოებითა და პოკერ–კლუბებით პირველად დაინტერსესადა. 3 წლის მანძილზე, “რულეტკა”, პოკერი, სათამაშო აპარატები, მის ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთმანეთს ცვლიდნენ.

”ყოველდღე ვხედავდი, როგორ იგებდნენ ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანები სათამაშო აპარატებთან თამაშისას და სურვილი მეც გამიჩნდა”.

ინტენსიური  თამაშის დაწყებიდან 5 თვეში ზურასთვის მოგება მეორეხარისხოვანი გახდა,  მხოლოდ თამაშის სურვილის მოკვლაზე ფიქრობდა.

ბოგდან ვორონოვიჩი ამბობს, რომ ადამინმა არ იცის დამოკიდებულების შესახებ მანამ, სანამ  თამაშზე  თავის დანებებას არ შეეცდება.

http://stoppredatorygambling.org/blog/blog/solved-that-gambling-problem-well-come-on-back/
http://stoppredatorygambling.org/blog/blog/solved-that-gambling-problem-well-come-on-back/

6 თვის წინ თამაშისთვის თავის დანებების გადაწყვეტილება ზურამაც მიიღო. ვერ ასწრებდა სწავლას, მუდმივად დროის დეფიციტს განიცდიდა და, რა თქმა უნდა, ფინანსური პრობლემები შეექმნა:

”მე არ ვაგებდი ბევრს, უბრალოდ, როცა თანხას იგებ, ძალინ მარტივად ხარჯავ, წაგებული ფულის შოვნა კი ძნელია”, – ამბობს ზურა.

დამოკიდებულებას თავისი ძალებით გაუმკლავდა. ყველაზე დიდ სირთულეს მის გარშემო არსებული აზარტული თამაშების დაწესებულებების სიმრავლე უქმნიდა:

”ნებისმიერ დროს, როდესაც დაინახავ კაზინოს, სათამაშო აპარატების ლოგოს ან შენობას, რომლებიც თბილისში ხშირად გვხვდება, თამაშის სურვილი მომენტალურად გიპყრობს და ყველაფერი გავიწყდება”.

ფსიქოლოგი ლევან შატბერაშვილი თამაშდამოკიდებულ პაციენტებთან მუშაობს. ამ პრობლემით მას ბევრი ადამიანი აკითხავს. ბატონ ლევანთან პაციენტების უმრავლესობა მათი ახლობლების ძალისხმევით მოხვდა.

”სახლებს ყიდიან, ოჯახები ენგრევათ, ამ შედეგებიდან გამომდინარე, იწყებენ მკურნალობაზე ფიქრს. ეს ის ეტაპია, როცა თამაშისგან სიამოვნებას ვეღარ იღებენ, უბრალოდ ”შიმშილს” იკლავენ”.

20 წლის გიორგი მირაქიშვილი ტოტალიზატორის აქტიური მომხმარებელია. პირველად საყვარელ გუნდზე ფსონი 9 წლის ასაკში დადო. აზარტულ ცხოვრებაში ჩაბმის ინსპირატორი, ზურას მსგავსად, გიორგისთვისაც გარემო, სამორინეებისა და პოკერ კლებების რაოდენობა გახდა. ოჯახში იცოდნენ, მაგრამ პრობლემა არ შექმნია:

”დარწმუნებული იყვნენ, რომ დიდ ფულს მაინც არ დავხარჯავდი, მაქსიმუმ 10 ლარი, მამაჩემიც დამხმარებია ფულის გამოტანაში, რადგან ასაკით არც თამაშის უფლება მქონდა და არც– მოგებული თანხის გამოტანის”.

მიუხედავად იმისა, რომ 11 წელია აქტიურად თამაშობს, მნიშვნელოვანი პრობლემა არ შექმნია. თუმცა გადაბმული წაგებების შემდეგ თამაშისთვის თავის დანებება გადაწყვიტა:

”წაგება მოგების ჟინს ამძაფრებს, ამიტომ კიდევ ვთამაშობდი და უფრო მეტს ვაგებდი. მივხვდი, რომ  შესვენება აუცილებელი იყო”.

თამაშდამოკიდებულ პაციენტებს ნარკოდამოკიდებულ ადამიანებთან ერთად  განიხილავენ.  სპეციალიზირებული კლინიკა, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს, საქართველოში არ ფუნქციონირებს. ფსიქოლოგ  ლევან შატბერაშვილს ეჭვი ეპარება, მსოფლიოს სხვა ქვეყვებში მსგავსი პრაქტიკა არსებობდეს.

ბატონი ლევანი ამბობს, რომ ამ პრობლემას ფსიქიატრებიც მკურნალობენ. მედიაკმენტებით ცდილობენ დეპრესიისა და შფოთვის მოხსნას, თუმცა, რამდენად ამართლებს ასეთი მიდგომა, ფსიქოლოგს პასუხის გაცემა უჭირს.

ბოგდან ვორონოვიჩი თვლის, რომ თამაშდამოკიდებულ ადამიანებს მედიკამენტებით არ უნდა მკურნალობდნენ :

”დამოკიდებულებას არ შველის წამლები.  ამ დაავადებას ფსიქოთერაპევტებმა სპეციალური ფსიქოთერაპიის კურსით უნდა უმკურნალონ”.

საზოგადოებრივი გაერთიანება “ბემონის” ფსიქოლოგის, მაია ჯავახიშვილი აზრით, ვინაიდან ამ პროფილით მომუშავე  კლინიკა არ არსებობს, რთულია, პაციენტს რამე კონკრეტული შეთავაზო.  ამიტომ პაციენტების გამოჯანმრთელება მეტწილად მათ სურვილსა და  ფსიქოლოგის დახმარებაზეა დამოკიდებული.

20 შეკითხვა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამოსავლენად:

1) დაგიკარგავთ თუ არა დრო სკოლაში ან სამსახურში აზარტული თამაშების გამო?

2) ყოფილა თუ არა თქვენს ოჯახურ ცხოვრებში ნეგატიური შემთხვევები აზარტულ თამაშების გამო?

3) აზარტული თამაშებით გართობამ თქვენს რეპუტაციას საფრთხე შეუქმანა?

4) აზარტული თამაშების გამო სინდისის ქენჯნა განგიცდიათ?

5) გითამაშიათ ვალების გადახდის ან ფინანსურ პრობლემებთან გამკლავების მიზნით?

6) აზარტული თამაშების გამო თქვენს თვითეფექტურობაში ეჭვი შეგპარვიათ?

7) წაგების შემთხვევაში, გიფიქრიათ თუ არა, რაც შეიძლება მალე თამაშის განახლებაზე, რათა წაგება მოგებით აინაზღაუროთ?

8) მოგების შემდეგ გიგრძვნიათ თუ არა ძლიერი სურვილი კიდევ უფრო დიდი თანხის მოგების?

9) უკანასკნელი თეთრის წაგებამდე გითამაშიათ?

10) თამაშისთვის ფული გისესხებიათ?

11) რამე ნივთი სათამაშო ფულის საშოვნელად გაგიყიდიათ?

12)  გიგრძვნიათ თავი უხალისოდ, როცა ”სათამაშო ფულით” ჩვეულებრივი ხარჯები დაგიფარავთ?

13) თამაშის გამო  თქვენი ან თქვენი ოჯახის კეთილდღეობას დაუდევრად მოქცევიხართ?

14) გაგრძელებულა თუ არა თამაში იმაზე დიდხანს, ვიდრე ეს დაგიგეგმავთ?

15) გითამაშიათ თუ არა იმის გამო, რომ გაქცეოდით მოწყენილობას, პრობლემებს, მარტოობას?

16) გიფიქრიათ თუ არა უკანონო ქმედების ჩადენაზე ან ჩაგიდენიათ თუ არა უკანონო ქმედება  თამაშისთვის ფულის საშოვნელად?

17) გიქმნით თამაში უძილობის პრობლემას?

18) გექმნებათ წინააღმდეგობის, იმედგაცრუების, ფრუსტრაციის განცდა, როდესაც გიცხოველდებათ ხოლმე თამაშის სურვილი?

19) გქონიათ კარგი იღბლის საზეიმოდ აღნიშვნის სურვილი რამდენიმესაათიანი თამაშის შემდეგ?

20) ოდესმე გიფიქრიათ თვით–დაზიანებაზე ან სუიციდზე თამაშის შემდეგ?

თუკი ამ კითხვებიდან რამდენიმეს უპასუხებთ “დიახ”, ე.ი. არსებობს თამაშზე დამოკიდებულების პათოლოგია


მასალების გადაბეჭდვის წესი