საზოგადოება

ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორების ნაწილი რექტორის და აკადემიურის საბჭოს წინააღმდეგ

12 აპრილი, 2016 • 4509
ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორების ნაწილი რექტორის და აკადემიურის საბჭოს წინააღმდეგ

საქართველოს ტექნიკური უნვიერსიტეტის რამდენიმე ლექტორი უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიური საბჭორს 5 წევრისა და დაწესებულების კანცლერის არჩევნების კანონიერების საკითხს ეჭვქვეშ აყენებს.

ლექტორებმა მათი გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართეს და შიმშილობა დაიწყეს. როგორც სტუ-ის ლექტორი, ზაალ მიქაძე ამბობს, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, არჩევით ორგანოებში ერთი და იმავე პირის მიერ ზედიზედ სამჯერ ერთსა და იმავე თანამდებობაზე კენჭისყრა კანონდარღვევაა. მისივე თქმით, უნივერსიტეტის ამჟამინდელი რექტორი, არჩილ ფრანგიშვილი 18 იავნარს გამართული არჩევნების შედეგად აკადემიურმა საბჭომ მესამე ვადით აირჩია ამ თანამდებობაზე. ლექტორთა ნაწილი აპროტესტებს სტუ-ის აკადემიური საბჭოს 5 წევრისა და უნივერსიტეტის კანცლერის არჩევნებსაც. მათი თქმით, ეს პირებიც, რექტორის მსგავსად, მესამე ვადით არიან არჩეული. აქციის მონაწილეებმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართეს.

სტუ-ის პროფესორი ზაალ მიქაძე 12.04.2016 ფოტო: მარიამ ბოგვერაძე

სტუ-ის პროფესორი ზაალ მიქაძე 12.04.2016 ფოტო: მარიამ ბოგვერაძე

ზაალ მიქაძის თქმით, სამინისტრომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ლექტორის თქმით, მათ თხოვნაზე, მიეღოთ პასუხი, რის საფუძველზე მისცეს ფრანგიშვილს მესამედ კენჭისყრის უფლება – პასუხი არ მიუღიათ. –„იმის მაგივრად, რომ გატარდეს რეფორმები და დაინერგოს ახალი ტექნოლოგიები უნივერსიტეტში, ეს ადამიანები ებღაუჭებიან სკამებს. ამ ყველაფერს კი ხელს აფარებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე“.

შიმშილობას უერთდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი ფიდან კობიაშვილიც. მისი თქმით, უნივერსიტეტის რექტორი არ ინტერესდება მათი პროტესტით და არ გამოთქვამს მათთან საუბრის სურვილს.  როგორც კობიაშვილი ამბობს,  2012 წელს მისი კანდიდატურა სტუ-ის ლექტორობის თანამდებობაზე დაბლოკეს და მიზეზებზე საუბრობს: — „მე ვიკითხე, რატომ ხდებოდა სხვადასხვა პროექტებისთვის გრანტების მხოლოდ შინაურებზე გაცემა, რაზეც მიპასუხეს, რომ გავჩუმებულიყავი. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემების შექმნით დამემუქრნენ, რაც მოხდა კიდეც და კონკურსი ვერ გავიარე“.

აქციის მონაწილეების თქმით,  სასამართლოსაც მიმართეს, თუმცა საქმის განხილვა ჯერჯერობით არ დაწყებულა.

სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი 12.04.2016 ფოტო: მარიამ ბოგვერაძე

სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი 12.04.2016 ფოტო: მარიამ ბოგვერაძე

არჩილ ფრანგიშვილი  ლექტორთა ნაწილის პროტესტს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და მოშიმშილეებს სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებს: – „რამდენიმე თანამშრომელი აპროტესტებს არჩევნების კანონიერების საკითხს. მათ მიმართეს განათლების სამინისტროს, რომელმაც არ დაუკმაყოფილა მოთხოვნები. მათ ჰქონდათ სასამართლოში ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რაც გამოიყენეს კიდეც. ის ფაქტი, რომ ეს ადამიანები არ ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას, არაფერია თუ არა სასამართლოზე ზეწოლა“. რექტორის თქმით, აქციის მონაწილეები კანონს არასწორად ინტერპრეტირებენ.

ფრანგიშვილი ამბობს, რომ კანონი ორ სრულ ვადას ითვალისწინებს, რაც მას არ გამოუყენებია. „ნეტგაზეთთან“ საუბარში რექტორმა აქციის მონაწილეებთან დისკუსია გამორიცხა. მისი თქმით, კანონი ამ საქმეს ცალსახად განმარტავს. შესაბამისად, არ გეგმავს აქციის მონაწილეებთან საუბარს: -„რა პოზიციების შეჯერებაზეა საუბარი, როცა კანონი ამას ცალსახად განმარტავს. მე უკანონო ქმედებებს ვერ განვახორციელებ“, – თქვა ფრანგიშვილმა.

მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში, სტუ-ის ადმინისტრაცია მზადყოფნას გამოთქვამს შეხვდეს აქციის მონაწილეებს და სამუშაო ვითარებაში სთავაზობს პრობლემების განხილვას.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი