საზოგადოება

ეროვნული სასწავლო გეგმის პლუსები და მინუსები

28 სექტემბერი, 2011 • 1638
ეროვნული სასწავლო გეგმის პლუსები და მინუსები

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელშიც ბოლო ორი წლის მანძილზე ცვლილებები მესამედ შევიდა, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას ხელს მხოლოდ ნაწილობრივ შეუწყობს.

ნანა ყუბანეიშვილი მიესალმება პრეზიდენტის ინიციატივასა და 2011–2016 წელების ეროვნული სასწავლო გეგმით გაწერილ ვალდებულებებს, რომლის მიხედვითაც, წელს მისმა პირველკლასელმა შვილმა სკოლაში ინგლისური ენის სწავლა დაიწყო.

მშობელს მიაჩნია, რომ ინგლისურ ენაში პირველივე კლასიდან მიღებული ცოდნის წყალობით მომდევნო წლებში შვილის  რეპეტიტორთან მომზადებას და თანხის გადახდასაც თავიდან აიცილებს.

მიმდინარე სასწავლო წლიდან პირველკლასელებს სხვა ვალდებულებაც აქვთ – მედია და ციფრული წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით ისწავლონ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგანი.

ექსპერტი განათლების საკითხებში, გიორგი გახელაძე, რომელიც ამავდროულად ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობდა, ამბობს, რომ ახალი გეგმით დაწყებითი კლასელების მოსწავლეებს იმაზე მეტი საათობრივი დატვირთვა აქვთ, ვიდრე ამ ასაკობრივ ჯგუფებს შეესაბამება.

დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის გაზრდილი საათობრივი დატვირთვის ფონზე, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სკოლებში სამი კვირით – 36–დან 33 კვირამდე შემცირდა სასწავლო წელი.

გიორგი გახელაძის თქმით, ძალიან ცოტა ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც საქართველოს მსგავსად ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სასწავლო წელი მცირეა. განვითრებულ ქვეყნებში, როგორც გახელაძე ამბობს, სასწავლო წლის პერიოდი 38–40 კვირასაც აღწევს.

„აფრიკის რამდენიმე ქვეყანაშია ჩვენნაირი მოკლე სასწავლო წელი. სასწავლო წლის სიმცირე კი ნამდვილად არ აისახება დადებითად განათლების ხარისხზე. თუ რატომ მიიღო ჩვენმა სამინისტრომ ასეთი გადაწყვეტილება, თავად მას ჰკითხეთ, ჩემთვის გაუგებარია მიზეზი“, –ამბობს გახელაძე.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამ და ეროვნული სასწავლო გეგმის სხვა საკითხთა შესახებ კითხვებზე პასუხი ამ დრომდე არ გაუცია.

თუმცა, 2011–2016 წლების სასწავლო გეგმისგან განსხვავებით, 2009–2010 წლების სასწავლო გეგმაში სამინისტროს სასწავლო წლის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით სხვა აზრი გააჩნდა.

ორი წლის წინანდელი სტრატეგიის მიხედვით, სამ ტრიმესტრად დაყოფილი სასწავლო წელი, რომელიც არანაკლებ 36 კვირა უნდა ყოფილიყო, გაწერილი გეგმის შასაბამისად, შუალედური შეფასებებისა და სწავლის ხარისხის ამაღლების საშუალებას იძლეოდა.

განსხვავებული სტრატეგია ჰქონდა განათლების სამინისტროს 2009–2010 წლების სასწავლო გეგმით, კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის საკითხშიც.

ორი წლის წინათ კლასში 30 მოსწავლეზე მეტის ჩარიცხვა დაუშვებელი იყო. სამინისტრო მაშინ ამ შეზღუდვას იმით ხსნიდა, რომ კლასში მოსწავლეთა შეზღუდული რაოდენობა, როგორც მოსწავლეს, ისე მასწავლებელს მისცემდა საშუალებას,  უკეთესად წარმართულიყო სასწავლო პროცესი.

დღეს მოსწავლეთა ლიმიტი, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, 35–მდეა გაზრდილი.

განათლების საკითხების ექსპერტი გიორგი გახელაძე ამბობს, რომ  სწავლების ორგანიზების საკითხებში მსგავსი ცვლილებების შეტანა გეგმაში ექსპერტების მოსაზრებებისგან დამოუკიდებლად მოხდა.

დადებითად აფასებენ ექსპერტები ახალ სასწავლო გეგმაში არჩევითი საგნების ფართო და მრავალფეროვანი სპექტრის დამატებას მე–10–11–12 კლასელებისთვის, რომლის სასწავლო პროგრამებიც უშუალოდ ექსპერტებისგან, მასწავლებლებისა და მეცნიერებისგან დაკომპლექტებულმა ჯგუფებმა ხუთი თვის მანძილზე მას შემდეგ შეიმუშავეს, რაც თვითონ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა არჩევითი საგნების ნუსხა განსაზღვრა.

ერთ–ერთი ასეთი არჩევითი საგნის – ამერიკისმცოდნეობის სკოლებში შეტანას სამინისტრო საქართველოში აშშ–ს მიმართ საგანგებო ინტერესისა და თანამედროვე მსოფლიოში მისი  განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით ასაბუთებს.

„ეს ამოცანა მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ახალგაზრდობას, რომელიც ამერიკის პოპულარობიდან გამომდინარე, ყოველივე ამერიკულს ბაძავს, ხშირად ზედაპირული და არასწორი წარმოდგენა აქვს ამერიკის წარმატების მიზეზებისა და მისი ფასეულობების შესახებ. სამწუხაროდ, არც თუ ბევრმა იცის, რომ ამერიკული საზოგადოების მთავარი მახასიათებლებია შრომის უმაღლესი კულტურა და დისციპლინა, ღვთისმოშიშობა და ოჯახისადმი ერთგულება, ყოველდღიური ბრძოლა საკუთარი უფლებისთვის და  კანონისადმი უდიდესი პატივისცემა“, – ნათქვამია 2011–2016 წლების ეროვნულ გეგმაში.

შალვა ტაბატაძე, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთბების ცენტრის ხელმძღვანელი, მიიჩნევს, რომ თითოეულმა სკოლამ თავისი რესურსებისა და საჭიროების მიხედვით თავად უნდა განსაზღვროს არჩევითი საგნები.

„მთლიანად სკოლაზე უნდა იყოს დამოკიდებული, რომელ არჩევით საგანს აირჩევს – ამერიკისმცოდნეობა იქნება, თურქოლოგია თუ რომელიმე სხვა. თუ, მაგალითად,  ჯავახეთის კონკრეტულ სკოლას უნდა, რომ იქ ისწავლებოდეს სომხეთის ისტორია, მიმაჩნია, რომ  ის უნდა ისწავლებოდეს. თუმცა, როგორ იქნება ეს სასწავლო პროგრამა შედგენილი, ეს უკვე სხვა საკითხია“, – ამბობს ტაბატაძე.

სამინისტროს ინფორმაციით, ასარჩევ საგნებს, ოღონდ უკვე არსებული ნუსხიდან, სწორედ სკოლა ირჩევს თავისი რესურსების შესაძლებლობების ფარგლებში.

ამერიკისმცოდნეობასთან ერთად, გეოგრაფიული კვლევა, თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, მეწარმეობის საფუძვლები, სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობა, ფოლკლორი და მითოლოგია, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და სხვა საგნები, რომლებიც აქამდე საქრთველოს საჯარო სკოლებში არ ისწავლებოდა, 2011–2016 წლების სასწავლო გეგმაში  არჩევით საგნებად ჩაიწერა.

ანი ჩეკურიშვილი მეათე კლასშია. ამბობს, რომ ამ არჩევითი საგანებიდან სკოლას მისთვის ჯერ არაფერი შეუთავაზებია, თუმცა არჩევანის გაკეთება უცხო ენებს შორის მაინც მოუწია.

„მეორად ენად ფრანგულს ვსწავლობდი, წელს გვითხრეს, რომ შეგვიძლია ფრანგულის ნაცვლად რუსული ავირჩიოთ. ჰოდა, მეც, როგორც უმეტესობამ, რუსული ავირჩიე, რადგან რუსული უკეთესად ვიცი და წლის ბოლოს გამოცდასაც უფრო მარტივად ჩავაბარებ“, –ამბობს მეათე კლასის მოსწავლე.

არჩევითი საგნების გარდა, 2011–2016 წლების სასწავლო გეგმის სიახლეებში ახალი ან უკვე მოდიფიცირებული სავალდებულო საგნებიც შევიდა.

სკოლის მოსწავლეები მიმდინარე სასწავლო წლიდან ფიზკულტურის ნაცვლად სპორტს შეისწავლიან. აღნიშნული საგნის სწავლების მიზანი, გეგმის მიხედვით, მოსწავლის ჯანსაღი ცხოვრების წესის, როგორც ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და საზოგადოებაში წარმატების მიღწევის, ერთ-ერთი პირობა უნდა გახდეს.

სპორტის საგნის სწავლების დროს, მოსწავლე ჯანმრთელობაზე საკვების რაოდენობისა და ხარისხის ზეგავლენაზე, დაბალანსებული კვების არსზე, კალორიების სიჭარბეზე, გასახდომი დიეტების შესაძლო საფრთხეებზე, ფსიქოაქტიური ნივთიერებების – ნარკოტიკების, ალკოჰოლის, ფსიქოტროპული მედიკამენტებისა და თამბაქოს მოხმარებაზე და სხვა მსგავს საკითხებზეც მიიღებს ინფორმაციას.

ამ მიზნით, როგორც ცნობილი გახდა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი, „ალიანსი ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლასთან“ ერთად, მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის სასწავლო მასალას უკვე ამუშავებს.

„კარგია 2011–2016 წლების სასწავლო გეგმა, მაგრამ როდესაც არსებობს პროფესიული კვალიფიკაციის პრობლება, მისი განხორციელება სათუო ხდება. ჩვენ დღეს ადამიანთა პროფესიული ზრდისთვის არსებული მექანიზმები არ გაგვაჩნია. ის საწვრთნელი პროგრამები მასწავლებლებისთვის, რაც  2002 წლიდან სხვადასხვა სახით ხორციელდება, საკმარისი არ არის“, – ამბობს გახელაძე.

განათლების საკითხების ექსპერტები პრობლემის აღმოფხვრას განათლების პრიორიტეტების სწორ განსაზღვრასა და, შესაბამისად, მასწავლებელთა ფინანსური უზრუნველყოფის გაზრდაში ხედავენ.

„გარდა ამისა, იმისთვის, რომ სკოლამ არეგულიროს პროფესიონალი მასწავლებლების კონტიგენტი, სჭირდება საკმარისიდ დიდი ავტონომია, რომელიც არ აქვს, თუმცა ეს საკითხი სცილდება ეროვნულ სასწავლო გეგმას“, –ამბობს გიორგი გახელაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი