საზოგადოება

გაიაფებული წიგნების რეალური ფასი

27 სექტემბერი, 2011 • 1572
გაიაფებული წიგნების რეალური ფასი

რა ღირს რეალურად პირველიდან მეექვსე კლასამდე სასკოლო სახელმძღვანელოები, რომელთა ფასი, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 10 ლარს არ აღემატება?

ცოტა ხნის წინ განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ პირველიდან მეექვსე კლასამდე მოსწავლეებისთვის თითო სახელმძღვანელოს მაქსიმალური ფასი 10 ლარი იქნებოდა.

სასკოლო სახელმძღვანელოების გაიაფების საილუსტრაციოდ დიმიტრი შაშკინმა რუსთაველის გამზირზე მდებარე წიგნების მაღაზიაში ტელეკამერების თანხლებით შეიძინა საკუთარი შვილისთვის სასკოლო წიგნების კომპლექტი, რაშიც ორმოცდაექვს ლარამდე გადაიხადა.

შაშკინის მსგავსად, არ გაუმართლა 23-ე სკოლის ერთ-ერთი პირველკლასელის მშობელს, იულიას, რომელმაც შვილის სახელმძღვანელოებში ასორმოცდაათი ლარი გადაიხადა:

“ძალიან ძვირი დამიჯდა სახელმძღვანელოები, სადღაც ასორმოცდაათი ლარი და გაოგნებული ვარ, რადგან ბავშვს ნეთბუქიც მისცეს, სადაც სასწავლო პროგრამები იყო ჩატვირთული და ამდენი წიგნის შეძენაც დამჭირდა”.

სწავლის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე განათლებისა და მეცნირების მინისტრმა საზოგადოებას წარუდგინა ბროშურა, სადაც გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ჩამონათვალია.

ბროშურაში წარმოდგენილია შაშკინის განცხადება:

“ჩვენ წლის დასაწყისში დავპირდით მოსახლეობას, რომ მას შემდეგ, რაც პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით შეიცვლებოდა სასკოლო სახელმძღვანელოები, მათი ფასი არ იქნებოდა ათ ლარზე მეტი და ჩვენ ეს პირობა შევასრულეთ. წიგნის დამხმარე რვეულიც არის ამ ფასში და ეს ყველა გამომცემელმა უკვე ოფიციალურად
დაადასტურა”.

თუმცა რეალურად ეს ასე არ არის: მაგალითად, მაღაზია “ბიბლუსში” მეორე კლასის მოსწავლის სახელმძღვანელო და რვეული ქართულში თორმეტ ლარი ღირს, პირველი კლასის – 13 ლარი.

მოსწავლეების თქმით, მასწავლებლები წიგნსა და რვეულს თანაბრად ითხოვენ და რვეულის არქონის შემთხვევაში, მათ ნიშანს არ დაუწერენ.

ამავე თემაზე:

წიგნები 10 ლარამდე

მასალების გადაბეჭდვის წესი