საზოგადოება

შემცირდა თუ არა ემიგრაცია

26 სექტემბერი, 2011 • 1391
შემცირდა თუ არა ემიგრაცია

საქართველოში ბოლო 2 წლის მანძილზე დადებითი მიგრაციული ტენდენციები შეინიშნება –  ასეთ დასკვნას აკეთებს მარკეტინგული კვლევის კომპანია ACT, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობითა და რაოდენობრივი კვლევით, რომელიც ACT-მ 2011 წლის ივლისში ჩაატარა და საქართველოში მცხოვრები 2000 ზრდასრული გამოკითხა.

კვლევის მიხედვით, დაბრუნებულთა უმეტესი ნაწილი (39.4%) 2-5 წელიწადი ცხოვრობდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ მონაცემებზე დაყრდნობით,  ACT ვარაუდობს, რომ ეს ახალგაზრდათა ის ნაწილია, რომელიც სასწავლებლად გავიდა ქვეყნიდან და სწავლის დასრულების შემდეგ სამშობლოს დაუბრუნდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 4436,4 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 51 ათასი კაცით მეტი იყო. საქსტატმა ქვეყანაში მიგრაციული ნაკადების შესაფასებლდ გამოიყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები სახელმწიფო საზღვრის  გადამკვეთთა შესახებ, სადაც ასახულია ქვეყანაში წლის განმავლობაში შემოსულთა და გასულთა რიცხოვნობა. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე ACT  ფიქრობს, რომ საქართველოში ქვეყნიდან გასული მოქალაქეების დაბრუნებამ იმატა და მათ შორის დიდი ნაწილი (39%) სასწავლებლად წასული ახალგაზრდობა იყო.

დემოგრაფ გია წულაძის თქმით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ წინა წელთან შედარებით 2010 წელს მოსახლეობა 51 ათასი კაცით გაიზარდა, არ ნიშნავს იმას, რომ ემიგრანტები სამშობლოში ბრუნდებიან.  ემიგრანტად უნდა ჩაითვალოს ის პიროვნება, რომელიც 6 თვეზე მეტხანს იმყოფება საზღვარგარეთ, სხვა დანარჩენი მხოლოდ ვიზიტორია. გია წულაძე განმარტავს, რომ საქსტატი აღრიცხავს მხოლოდ ქვეყანაში შემოსულთა და გასულთა რიცხვს და მათი საზღვარგარეთ ყოფნის ხანგრძლივობას არ ითვალისწინებს. მისი თქმით, სრულიად შესაძლებელია, რომ 2010 წლის 1 იანვრის მონაცემები გაზრდილია დროებითი ვიზიტორების ხარჯზე (მაგალითად, ხანმოკლე საქმიანი ვიზიტები, დამსვენებლები, ტურისტები, სავაჭრო ან სხვა პროფესიული საქმიანობით დაკავებული ადამიანები).

წულაძე მიიჩნევს, რომ ემიგრაციას ყველაზე ხშირ შემთხვევაში იწვევს ქვეყნის საერთო სოციალურ-ეკონომიკური პირობები და უმეტესად ქართველი ემიგრანტები ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად მიდიან საზღვარგარეთ. მაგალითისათვის მოყავს 2002 წლის საყოველთაო ეროვნული აღწერა, როდესაც ქართველი ემიგრანტების 79%-მა სამუშაოს არარსებობის გამო დატოვა ქვეყანა, ხოლო სასწავლებლად მხოლოდ  6.6% იყო წასული.

რაც შეეხება ქვეყნიდან გასულებსა და ჩამოსულ მოქალაქეებს შორის თანაფარდობას, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2010 წელს 18 ათასი კაცით მეტი შემოსული დაფიქსირდა ქვეყანაში, ვიდრე გასული. მაშინ, როცა 2007 წელს ქვეყნიდან 20 ათასი კაცით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა.

„იმისათვის, რომ ქვეყნიდან გასული მოქალაქეები დაბრუნდნენ, მათ უნდა ჰქონდეთ გარანტია ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობისა, სხვა შემთხვევაში, რატომ ჩამოვა ადამიანი, რომელიც წლობით სხვაგან ცხოვრობს და მეტნაკლებად ნორმალური ეკონომიკური პირობები აქვს?!“ – ამბობს წულაძე და ფიქრობს, რომ ემიგრაციის შესამცირებლად აუცილებელია სტაბილური სოცილურ-ეკონომიკური პირობები და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ  ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რომელიც არ აზუსტებს, შემოსულთა რა ნაწილია ვიზიტორი და რა ნაწილია ემიგრანტი, ვერ დავიწყებთ მტკიცებას, რომ ემიგრაცია შემცირდა.

მისი პროგნოზით, მხოლოდ 2020 წლისათვის არის შესაძლებელი, რომ მიგრაციისა და ემიგრაციის თანაფარდობა დარეგულირდეს, ანუ საქართველოში დაბრუნებული რეალური ემიგრანტების და ქვეყნიდან წასული მოქალაქეების რიცხვი გათანაბრდეს. ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა შეუფერხებლად გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი