საზოგადოება

თბილისში ბუდას ქანდაკებები შეურაცხყვეს

12 სექტემბერი, 2011 • 3540
თბილისში ბუდას  ქანდაკებები  შეურაცხყვეს

თბილისში, ტაილანდურ რესტორანში, ბუდას ქანდაკებები ორმა ახალგზარდამ შეურაცხყო, – აცხადებენ რესტორნის მენეჯმენტში.  პოლიციამ უკვე გამოკითხა რესტორნის თანამშრომლები.

ინციდენტი ი. აბაშიძის ქუჩაზე მდებარე რესტორანში, რომლის სახელია  „ტაი“, შაბათს, 10 სექტემბერს  მოხდა. რესტორნის ორი ახალგაზრდა კლიენტი იმ კუთხეში მივიდა, სადაც ბუდას ქანდაკებებთან ერთად მართლმადიდებლური ხატი იყო გამოფენილი და  ქანდაკებები ჩამოაგდეს.

რესტორნის ქართველი მენეჯერი მიშა ოჩხიკიძე ამბობს, რომ  ახალგაზრდები დაემუქრენ რესტორნის დანგრევით და აფეთქებით, თუკი კიდევ დაინახავდნენ მართლმადიდებლურ ხატს ბუდას ქანდაკებების გვერდით.

ოჩხიკიძე ამბობს, რომ ახალგაზრდები გაღიზიანებული სწორედ იმ გარემოებით ჩანდნენ, რომ ბუდას ქანდაკებების გვერდით  ღვთისმშობლის ხატი  დაინახეს.

მისი თქმით, ეს იყო წმინდა კუთხე რესტორანში მომუშავე ტაილანდელებისა, რომლებიც ამ ქანდაკებებთან ლოცულობდნენ და რომლებმაც მართლმადიდებლების პატივისცემის ნიშნად ბუდას ქანდაკებების გვერდით მართლმადიდებლური ხატიც მოათავსეს.

ამ შემთხვევის შემდეგ, შაბათ საღამოს, რესტორანში მართლმადიდებლური ხატი უკვე აღარ იყო.

ოჩხიკიძის ცნობით,  ბოლო სამი თვეა რესტორან  „ტაის“ ტაილანდური კომპანია smipecompany  მართავს. რესტორანში სულ ხუთი ტაილანდელი თანამშრომელია, მათ შორისაა დირექტორი.

ისინი პოლიციას არ გამოუკითავს. ინციდენტის შემდეგ სამართალდამცავებს რესტორნის ქართველმა მენეჯერმა მიმართა, რომელიც  იმავე საღამოს გამოკითხეს. შაბათს საღამოს პოლიციამ მოწმის სტატუსით, ასევე, რესტორნის კიდევ რამდენიმე თანამშრომელი დაკითხა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ არ იციან იმ ახალგაზრდების სახელები, რომლებმაც ტაილანდელების წმინდა კუთხე შეურაცხყვეს.

„ნეტგაზეთი“  შეეცადა გაერკვია, აღიძრა თუ არა საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროში და რა ეტაპზეა მისი გამოძიება. პრესსამსახურის უფროსი ზურაბ გვენეტაძე შეგვპირდა, რომ დაგვიზუსტებდა დეტალებს, თუმცა ამ დროისთვის საქმის სხვა დეტალები „ნეტგაზეთმა“ ვერ მოიძია.

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ომბუდსმენის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისთვის არ მიუმართავთ ტაილანდური რესტორნის თანამშრომლებს. „თუმცა, თუ ეს ფაქტი მოხდა,  რა თქმა უნდა, შეიძლება განვიხილოთ  რელიგიურ  შეუწყნარებლობად“, – ამბობს ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი.

საქართველოში  ბუდისტების უფლებების შელახვის ფაქტები აქამდე გამოვლენილი არ ყოფილა, ამბობს მინდიაშვილი, რომელიც რამდენიმე წელია მუშაობს რელიგიური უმცირესობების უფლებების საკითხზე საქართველოში.

მისივე თქმით, ბუდისტები არიან, თუმცა ინსტიტუციონალიზებული სახე ამ რელიგიას საქართველოში არა აქვს.

ბუდიზმი  საქართველოში ცოტა ხნის წინაც მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, როცა გავრცელდა ინფორმაცია რიყეზე „ბუდა ბარის“ გახსნის შესახებ.

„ბუდა ბარი“ საერთაშორისო ბრენდია, რომლის პირველი რესტორანი ნიუ–იორკში გასული საუკუნის ბოლოს გაიხსნა. დღეს „ბუდა ბარი“ მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ ქალაქშია წარმოდგენილი. ცნობილ ბრენდს არაფერი აქვს საერთოდ ბუდიზმთან, გარდა იმისა, რომ  ამ ბრენდის რესტორნებში ბუდას დიდი ზომის დეკორატიული ქანდაკება დგას.

თბილისში „ბუდა ბარის“ გახსნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 2009 წლის  ბოლოს განაცხადა. 2010 წელს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიღწეულია შეთანხმება „ბუდა–ბარის“  თბილისში, რიყეს მოედანზე, გახსნის შესახებ.

ინფორმაციის გავრცელებისთანავე „ბუდა–ბარის“ შესაძლო გახსნა გააპროტესტეს ფუნდამენტალისტმა მართლმადიდებლებმა. პროტესტი, ძირითადად, გამოიხატებოდა  სოციალურ ქსელებში გაკეთებული განცხადებებით. ახალგაზრდა მართლმადიდებლები კი საპროტესტო მსვლელობას გეგმავდნენ, რადგან, მათი აზრით,  ეს იყო „საფრთხე ქვეყნისათვის“.

2010 წელს ამ ფაქტს საქართველოს პატრიარქიც გამოეხმაურა და თქვა, რომ “ეს [ბუდა ბარის გახსნა] ყოვლად დაუშვებელია, რადგან ეს არის წმინდა მიწა”.

ბუდიზმი ერთ–ერთი უძველესი რელიგიაა, რომელიც ძვ.წ. VI-V საუკუნეში ინდოეთში წარმოიშვა. დღეს ბუდიზმს რამდენიმე ასეული მილიონი მიმდევარი ჰყავს მთელ მსოფლიოში.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველა თანაბარია, რელიგიური კუთვნილების მიუხედავად.

მასალების გადაბეჭდვის წესი