საზოგადოება

საია: ფემიციდის საქმეებში სასამართლო და ბრალდების მხარე გენდერულ ხედვას არ ითვალისწინებენ

4 აპრილი, 2016 • 2232
საია: ფემიციდის საქმეებში სასამართლო და ბრალდების მხარე გენდერულ ხედვას არ ითვალისწინებენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს კვლევას “ფემიციდის საქმეების განაჩენები – 2014“, სადაც აანალიზებს საქართველოში მოქმედი პირველი ინსტანციის სასამართლოების 12 განაჩენს ფემიციდის საქმეებზე. თითოეულ შემთხვევაში დანაშაული 2014 წელს არის ჩადენილი.

კვლევის თანახმად, გაანალიზებულმა გამამტყუნებელმა განაჩენებმა ფემიციდის საქმეებზე ცხადყო, რომ სასამართლო და ბრალდების ორგანოები მნიშვნელოვანი ხარვეზებით მოქმედებენ ფემიციდის დანაშაულის იდენტიფიცირების, დანაშაულის მოტივის გამოკვეთის, კვალიფიკაციის, დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების განსაზღვრისა და დამნაშავისთვის სასჯელის შეფარდების დროს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ გენდერთან დაკავშირებული მოტივის იდენტიფიცირება ფემიციდის არც ერთ შემთხვევაში არ ხდება და ქალთა მკვლელობები უმეტესწილად ყოფით მოტივებს
უკავშირდება, ან განაჩენი დანაშაულის მოტივზე მსჯელობას საერთოდ არ მოიცავს, რაც კვლევის ავტორთა განცხადებით, საპროცესო კანონმდებლობის დარღვევაა.

“რიგ შემთხვევებში ფემიციდი უფრო მსუბუქ დანაშაულად კვალიფიცირდება, ვიდრე საქმის გარემოებებში აღწერილი ქმედება ითვალისწინებს. დამნაშავეთათვის შეფარდებული სასჯელები ზოგჯერ დაუსაბუთებლად ლმობიერია. ფემიციდის არც ერთ საქმეში სასამართლო და ბრალდების ორგანოები არ ითვალისწინებენ გენდერულ ხედვას. მართლმსაჯულება ხორციელდება ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა დასჯის ზოგადი მეთოდებით, სადაც გენდერული დანაშაულის მიმართ ბრალდების და სასამართლო ორგანოების არასიღრმისეული მიდგომით  ზოგჯერ მეტი შემწყნარებლობით გამოირჩევიან. ფემიციდი განიხილება, როგორც ქალებზე ძალადობის იზოლირებული შემთხვევა და არ ხდება დანაშაულის ანალიზი გენდერული ძალადობის და ქალთა დისკრიმინაციის ზოგად კონტექსტში,”- ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ არც ერთ განაჩენში, გარდა ერთისა, არ მომხდარა მკვლელობამდე მსხვერპლის მიერ განცდილი ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოკვლევა და დამნაშავისთვის სასჯელის განსაზღვრის დროს მათი სათანადო შეფასება. შესაბამისად, კვლევის თანახმად, ამ ფაქტებს, არც ერთ შემთხვევაში, დანაშაულის მოტივის გამოკვეთასა და კვალიფიკაციაზე გავლენა არ მოუხდენია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის „ფემიციდის საქმების განაჩენები – 2014“ პრეზენტაცია გამართა. კვლევი…

Posted by საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია on Monday, April 4, 2016

კვლევა ყურადღებას ამახვილებს ფემიციდის საქმეებზე დადებულ საპროცესო შეთანხმებებზეც და ასკვნის, რომ  დანიშნული სასჯელები ხშირად არ ასახავს დანაშაულის სიმძიმეს, სასჯელის მიმართ მსხვერპლის მოლოდინს და ქალთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე სამართლიანი მართლმსაჯულების მიზნებს. ასევე აღნიშნულია, რომ განსაკუთრებულ შეფასებას საჭიროებს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ფემიციდის ჩადენის ყველა შემთხვევა, დამნაშავის სტატუსის, ქმედების სიმწვავისა და საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველობის გათვალისწინებით.
“ფემიციდის გამოძიებასა და დასჯას უნდა ჰქონდეს ტრანსფორმაციული პოტენციალი – ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის დასჯასთან ერთად, სასამართლო განაჩენები უნდა ემსახურებოდეს მსხვერპლ ქალთა ტანჯვის სათანადო აღიარებას, სტრუქტურული უთანასწორობის, დისკრიმინაციის, სუბორდინაციისა და გენდერული იერარქიების გარდაქმნას, რაც ქალთა მიმართ ძალადობის და ფემიციდის ძირეული მიზეზია. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის აღდგენა უნდა მოხდეს დაზარალებულის (მისი ოჯახის) ინტერესებისა და შეხედულებების მაქსიმალური გათვალისწინებით,”- აღნიშნულია კვლევაში.

შესწავლილი საქმეები

 

კვლევის თანახმად, საიას მიერ შესწავლილი საქმეებიდან  7 შემთხვევაში დანაშაული ჩაიდინა მსხვერპლის მეუღლემ (მამაკაცმა), 3 შემთხვევაში – მსხვერპლის ყოფილმა მეუღლემ, 1 შემთხვევაში – მსხვერპლის ინტიმურმა პარტნიორმა და 1 შემთხვევაში – სავარაუდოდ ყოფილმა ინტიმურმა პარტნიორმა.

7 შემთხვევაში დანაშაული დაკვალიფიცირდა, როგორც განზრახ მკვლელობა (სსკ-ის 108-ე მუხლი), 1 შემთხვევაში – განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში (სსკ 109.3.ე მუხლი –
არაერთგზის ჩადენილი მკვლელობა), 3 შემთხვევაში – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის  29 მოსპობა (სსკ-ის 117.2 და სსკ-ის 117.8 მუხლები), ხოლო 1 შემთხვევაში – თვითმკვლელობამდე მიყვანა (სსკ-ის 115-ე მუხლი).
კვლევაში აღნიშნულია, რომ სასამართლომ დანაშაულის ჩადენის მოტივი მხოლოდ 5 საქმეში გამოყო: 2 შემთხვევაში დამნაშავემ მკვლელობა ეჭვიანობის მოტივით ჩაიდინა, ხოლო დანარჩენ 3 საქმეში _ ეჭვიანობით, მსხვერპლის „არაჯანსაღი ცხოვრებით” და ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე გამოწვეული შურისძიების გამო. დანარჩენ 7 საქმეში სასამართლოს განაჩენი საერთო არ შეიცავს მსჯელობას მოტივზე. მკითხველს კი დანაშაულის შესაძლო მოტივის განსაზღვრა შეეძლო მხოლოდ განაჩენში აღწერილი გარემოებების ანალიზის საფუძველზე.
“იმის მიუხედავად, რომ გენდერთან დაკავშირებული მოტივის იდენტიფიცირება არ მომხდარა განხილული 12 განაჩენიდან არც ერთ შემთხვევაში, განაჩენებში აღწერილი დანაშაულების ფაქტობრივი გარემოებები, თითოეულ შემთხვევაში, ამგვარი მოტივის არსებობაზე მეტყველებს, რამაც ქალის მკვლელობა განაპირობა. განურჩევლად იმისა, მსხვერპლი და მოძალადე იყვნენ ქორწინებაში
თუ ქორწინება დასრულებული იყო, დამნაშავე იჩენდა მსხვერპლის მიმართ დისკრიმინაციულ და მესაკუთრულ დამოკიდებულებას, აკონტროლებდა მის ქცევას და მიუწოდებდა გენდერული როლების მიმართ მკაცრი მორჩილებისკენ. მსხვერპლის დაუმორჩილებლობა და აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა, როგორც განაჩენების ანალიზი ცხადყოფს, გახდა დამნაშავის მიერ დანაშაულის ჩადენის მიზეზი/მოტივი,”- აღნიშნულია კვლევაში.

საია ამ კუთხით კონკრეტულ განაჩენებს აანალიზებს:

“თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრის განაჩენის თანახმად, მსხვერპლი და მოძალადე დაშორდნენ, რადგან ქმარი იყო „უხეში, ეჭვიანი, ხშირად კამათობდნენ ყოფით საკითხებზე”. დამნაშავე კატეგორიულად მოითხოვდა მეუღლისგან შერიგებას, რის გამოც მისი დახრჩობაც სცადა თბილისის ზღვაზე და ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულ საქმეში სასამართლომ აღიარა, რომ მსჯავრდებული იყო მოძალადე მეუღლე, თუმცა, დაადგინა, რომ დანაშაული ჩადენილი იყო ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი შურისძიების მოტივით და, მიუხედავად არსებული მტკიცებულებებისა, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციულ მოტივზე მსჯელობა არ მომხდარა,”- აღნიშნულია კვლევაში.

საიას კვლევა, რომლის ავტორი იურისტი თამარ დეკანოსიძეა, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი