საზოგადოება

სამედიცინო ცდებს ათეულობით ადამიანი შეეწირა

30 აგვისტო, 2011 • • 1101
სამედიცინო ცდებს ათეულობით ადამიანი შეეწირა

ვაშინგტონში ბიოეთიკური საკითხების შემსწავლელმა  საპრეზიდენტო კომისიამ გამოარკვია, რომ 1940–ან წლებში ამერიკელი მეცნიერების სამედიცინო ცდებს მინიმუმ 83 გვატემალელის სიცოცხლე შეეწირა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კომისიის მიერ მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ–ს მთავრობის დავალებით ცდები ჩაატარეს. მათ გვატემალელი პატიმრები, სექს მუშაკები და ფსიქიკური ავადმყოფები სპეციალურად დააავადეს სიფილისით, გონორეით, სხვა ვენერიული დაავდებებითა და კანცეროიდებით.

ბიოეთიკური საკითხების შემსწავლელმა სახელმწიფო კომისიამ, ასევე, გამოარკვია, რომ ამერიკელებმა 1946–1948 წლებში მსგავს ცდებში 5500 ადამიანი ჩართეს.  მათგან 1300 სპეციალურად დააავადეს, რომელთაგან მხოლოდ 700 ადამიანს მიეცა შემდგომ მკურნალობის საშუალება. აღნიშნული კომისიის ხელმღვანელმა ემი გუტმანმა გასული საუკუნის 40–ან წლებში  ჩატარებულ ცდებს „მედიცინის ისტორიის სამარცხვინო ნაწილი“ უწოდა.

გვატემალის მთავრობის განცხადებით, სამედიცინო ცდებში ამერიკელ მეცნიერებთან ერთად ადგილობრივი ექიმებიც იღებდნენ მონაწილეობას. ეს ყველაფერი კი პენიცილინის გამოსაცდელად ტარდებოდა.

კომისია თავის პირველ, საბოლოო დასკვნას მომდევნო თვეში გამოაქვეყნებს, სადაც დადგენილი იქნება ზუსტი ისტორიული ფაქტები. პრეზიდენტმა ობამამ ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო ბოდიში უკვე მოუხადა თავის გვატემალელ კოლეგას და განაცხადა, რომ „ეს ფაქტი ეწინაარმდეგება ამერიკულ ღირებულებებს.“

სამედიცინო ცდებს ცოცხლად გადარჩენილი ადამიანები და დაღუპულთა ნათესავები აშშ–ს მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სასამართლოში გააგრძელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი