საზოგადოება

მეეზოვეების პრობლემები

1 აგვისტო, 2011 • 1422
მეეზოვეების პრობლემები

გიგი უგულავამ 31 ივლისს მეეზოვებს პროფესიული დღე მიულოცა, თუმცა მეეზოვეებს ქალაქის მერთან მისვლისა და არსებულ პრობლემებზე საუბრის საშუალება არ მისცეს.

„ბევრი თქვენგანი 2009 წელს, როდესაც ქალაქში ბევრი არეულობა იყო, დადიოდა სადარბაზო– სადარბაზო და არწმუნებდა მოსახლეობას, რომ ჯობია გავაუქმოთ ბუნკერები. განსაკუთრებით დიდი წინააღმდეგობა იყო მაღალი სართულებიდან. თუმცა, პირველ რიგში სწორედ ამ ხალხმა დაინახა, რამხელა სიკეთე მოუტანა ამან თითოეულ თბილისურ კორპუსს, სართულს, სადარბაზოს და საბოლოო ჯამში თბილისის მაცხოვრებლებს.

როდესაც ქალაქში დაიხურა ბუნკერები, იყო ამაზე შაყირიც, თუ სად გაქრა ტარაკნები.  და მართლაც, მიმოვიხედეთ და  სად არის ის ვირთხები, რომლებიც თითოეულ სადარბაზოსთან იყო.

ეს განსხვავება შექმნა სწორედ ამ ნარიჯნისფერმა ფორმამ და ა, ამ ლოგომ, რომელიც ბოლო ხუთი წელიწადია ემსახურება მთელ ქალაქს და ეს განსხვავება შექმენით სწორედ თქვენ, თქვენი შრომით, თავდადებით, რაც ყოველდღიურად უნდა იყოს დაფასებული“, –განუცხადა თბილისის მერმა 31 ივლისს გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ მეეზოვებს.

ღონისძიებაზე გიგი უგულავამ სამადლობელო სიტყვის შემდეგ 17 მეეზოვეს მრავალწლიანი სამუშაო სტაჟისთვის სიგელებიც გადასცა.

მეეზოვეებისთვის იმღერეს ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა.

გიგი უგულავამ ერთ–ერთ მეეზოვესთან ერთად ღონისძებისთვის მომზადებული ტორტიც გაჭრა.

„ეგ ტორტი არც გამისინჯავს. ნაყინიც გადმოყარეს ჩვენი მიმართულებით. თითქოს მათხოვრები ვიყოთ. აი, სულ ასე გვამცირებენ“, –ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ერთ–ერთი მეეზოვე ლალი, რომელმაც გვარის დასახლება არ ისურვა.

ის და რამდენიმე სხვა მეეზოვე აღნიშნულ ღონისძიებაზე იმიტომ მივიდნენ, რომ თბილისის მერისთვის იმ პრობლემების შესახებ ეთქვათ, რაც ამჟამად მეეზოვებს აწუხებს.

„მივედით რომ გვეთქვა, დასალაგებელი ტერიტორიების ფართობი გაგვიზარდეს და ხელფასი 375 ლარიდან 300 ლარამდე შეგვიმცირეს. თან გვეუბნებიან, რომ საქმეს ორ საათში უნდა მოვრჩეთ. წარმოიდგინეთ, რომ რუსთაველის ნახევარი ერთმა მეეზოვემ ორ საათში დახვეტოს. მარა დაცვამ არ მიგვიშვა უგულავასთან. პრინციპში, ყოველ წელს ასე ხდება“, –ამბობს ლალი.

ლალის თქმით, შარშან, 31 ივლისსაც იმიტომ მივიდა ღონისძებაზე, რომ ქაღალდზე ჩამოწერილი პრობლემები მერისთვის გადაეცა, თუმცა მალევე დახეული ქაღალდი ნაგვის ურნაში იპოვა.

გაზრდილი დასალაგებელი ტერიტორიის გარდა, ლალისა და სხვა მეეზოვეთა თქმით, ცოცხების პრობლემაც აქვთ. ისინი ამბობენ, რომ იმ რაიონის მეეზოვეებს, სადაც ისინი მუშაობენ, ტყეებში ეკლიანი მცენარეების შეგროვება და მათგან ცოცხების დამზადება თავადვე უწევთ.

„მთელი ხელები ეკლებისგან დასერილი მაქვს. ჭიაბერაშვილის დროს მაინც არ გვქონია ცოცხების პრობლემა“, –ამბობს ლალი.

53 წლის ნუგზარ ქანთარია, რომელიც დასუფთავების სამსახურიდან, სადაც ერთ–ერთი ბრიგადის ხელმძღვანელად მუშაობდა, 2009 წელს სწორედ იმის გამო გაათავისუფლეს, რომ დასუფთავების სისტემაში არსებულ პრობლემებზე საჯაროდ საუბრობდა.

ის ამბობს, რომ პრობლემების შესახებ მეეზოვეთა შვებულებებთან, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფებთან დაკავშირებით ყველა შესაძლო ინსტანციას მიმართავდა.

„მაგალითად, 2009 წელს, 31 ივლისს, უგულავა ისევ გამოდიოდა სიტყვით. მასთან პრობლემებზე სასაუბროდ ჩვენი მეეზოვე ასია აჯიევა და კიდევ რამდენიმე მივიდნენ. ამ დროს დასუფთავების სამსახურის უფროსობა მიუვარდა მათ და სხვადასხვა ქსენოფობური გამონათქვამებით გამოლანძღეს–იმ ქართვლეების დედა, ვინც თქვენ განათლება მოგცათ და სიტყვა ამოგაღებინათო. საერთოდ ასე ხდება, მეეზოვეების ფორმაში გადაცმული ბრიგადებით ჯაჭვი კეთდება და უგულავას არავის აკარებენ. კამერებში კი ჩანს, თითქოს მის გვერდით მართლაც მეეზოვები დგანან“, –ამბობს ნუგზარ ქანთარია, ქალაქის დასუფთავების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი.

ქანთარია ამბობს, რომ მას საკუთარი თვალით უნახავს მეეზოვეებზე ფიზიკური ძალადობაც.

„დიდუბის 155–ე სკოლაში სამსახურის მენეჯმენტის ერთ–ერთმა წარმომადგენელმა ქალები წიხლებით სცემა.

პროფკავშირების იურისტის, მირანდა მანდარიას თქმით, ხშირია მეეზოვეთა დისკრიმინაცია, დევნა და მათი შრომითი უფლებები ყოველ ნაბიჯზე ილახება.

„დაახლოებით აპრილის ბოლოს პროკურატურაში გავაზავნეთ სხვადასხვა ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არ ყოფილა. სასამართლოს გზით მხოლოდ იმას მივაღწიეთ, რომ ორკვირიანი შვებულებები მისცეს მეეზოვეებს“, –ამბობს იურისტი.

საკრებულოს წევრი თინათინ ხიდაშელი მეეზოვეთა პრობლემებისა და კონკრეტული საქმეების შესახებ ინფორმაციას თვითონ მეეზოვეებისგან ფლობს.

„საკამოდ მძიმეა ვითრება. არის დისკრიმინაცია, არასათანდო მოპყრობის ფაქტები, დამცირება. მათთვის არ არსებობს სადღესასწაულო დღეები, შაბათი და კვირა. ძალიან ხშირად ქალაქში რაიმე სამშენებლო სამუშაოების დროსაც მათ ალაგებინებენ. ამაზე საუბრობს ძალიან ბევრი თანამშრომელი ან უკვე ყოფილი თანამშრომელი. თუმცა, როგორც კი ეს ადამინები იწყებენ პრობლემეზე საუბარს, იწყება მათი მისამართით მუქარები სამსახურიდან მოხსნის შესახებ “, –ამბობს თინათინ ხიდაშელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი