საზოგადოება

სექსუალურ ორიენტაცია/გენდერულ იდენტობა მედიაში

1 აგვისტო, 2011 • 1315
სექსუალურ ორიენტაცია/გენდერულ იდენტობა მედიაში

ჰომოფობური გამონათქვამები და შეურაცხმყოფელი ეპითეტები აქტიურად გამოიყენება პოლიტიკურ დისკურსში – ამ გარემოებით ხსნის ექსპერტი ეკა აღდგომელაშვილი  იმას,  რომ 2011 წლის მაისში  სექსუალურ ორიენტაციასთან/გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას  38  სტატიიდან 24 იყო თემის ნეგატიური გაშუქება, 5– პოზიტიური და 9 –ნეიტრალური.

ეკა აღდგომელაშვილი, რომელსაც ამ საკითხების  კვლევის მრავაწლიანი გამოცდილება აქვს,  მედიასაშუალებების მონიტორინგს ერთი თვის განმავლობაში მედიის განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში ახორციელებდა. ფონდმა დღეს გამოაქვეყნა მონიტორინგის შედეგები, რომელიც  ერთთვიანი დაკვირვების შდეგების გარდა, მოიცავს ქართულენოვან მედიასივრცეში გენდერულ იდენტობასა და სექსუალურ ორიენტაციაზე საჯარო საუბრის მოკლე მიმოხილვას 90–იანი წლებიდან.

კვლევის ზემოთაღნიშნულ ნაწილს „ნეტგაზეთი“ ცალკე შემოგთავაზებთ, ამჯერად კი შევეხოთ, რამდენად დისკრიმინაციული იყო ქართულენოვანი მედია მაისში ამ კვლევის მიხედვით.

მონიტორინგისათვის შერჩეული იყო შემდეგი მედიასაშუალებები:

გაზეთები: 1.  გაზეთი “რეზონანსი” (საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი. გამოიცემა კვირაში ხუთჯერ); 2.  გაზეთი “24 საათი” (ყოველდღიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი); 3.  გაზეთი «ალია» (საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი. გამოდის კვირაში ორჯერ); 4.  გაზეთი “ქრონიკა” (ყოველკვირეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი); 5.  გაზეთი “ასავალ-დასავალი” (ყოველკვირეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი); 6.  გაზეთი “კვირის პალიტრა” (ყოველკვირეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი.); ჟურნალებიჟურნალი “ტაბულა” (გამოდის კვირაში ერთხელ. აქვს ინტერნეტ-ვერსია)ჟურნალი ”თბილისელები” (გამოდის კვირაში ერთხელ. აქვს ინტერნეტ-ვერსია)

მასალის დამუშავებისას კვლევაში ჩართული იქნა ჟურნალ-გაზეთების ბლოგებზე გამოქვეყნებული სტატიებიც.  მონიტორინგის შედეგებში ასევე ჩართულია რადიო თავისუფლების 1 სიუჟეტი და ნეტგაზეთის სტატია, რომელიც ჰომოფობიის საერთაშორისო დღეს – 17 მაისს უკავშირდება.

მთლიანობაში გაანალიზებულ იქნა 36 სტატია და საინფორმაციო შეტყობინება (20 საგაზეთო პუბლიკაცია, 11 – ჟურნალის სტატია); 1 ინტერნეტ-გამოცემა, 1 რადიოინტერვიუ.

მონაცემების შეგროვების და დამუშავებისას მკვლევარი იყენებს როგორც სტატისტიკურ, ისე დისკურსიულ ანალიზს.

მასალების ანალიზისას ის იყენებს სამ შეფასებით კატეგორიას  – დადებითს, ნეიტრალურს და უარყოფითს, რომელიც ასე არის განმარტებული.

1.დადებითი (ლგბტ ადამიანების პოზიტიური ხატის შექმნა; ჰომოფობური პოზიციის, ძალადობისა და დისკრიმინაციისაკენ მოწოდებების კრიტიკა; ჰომოფობიის წარმოჩენა, როგორც სოციალური პრობლემისა; ლგბტ ჯგუფის კონკრეტულ წარმომადგენელზე ჰომოფობიის ნეგატიური გავლენის ჩვენება)

2. ნეიტრალური

3. უარყოფითი (ჰომოფობური შინაარსის ტექსტების ციტირება კომენტარის ან სარედაქციო შენიშვნის გარეშე, როდესაც ძნელია გამოარჩიო რესპოდენტის ტექსტი ჟურნალისტის მოსაზრებისაგან ან რედაქციის პოზიციისაგან;  ლგბტ ადამიანების დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიება (დეჰუმანიზაცია, დეინდივიდუალიზაცია, დამამცირებელი მეტსახელებით მოხსენიება); ლგბტ ადამიანების ნეგატიური ხატის შექმნა (ადამიანების დისკრედიტაციის მიზნით მითითებები მათ კავშირზე სოციალურ დევიაციებთან; ადამიანების არასრულფასოვნების მტკიცება მორალური, ფსიქოლოგიური და სხვ. თვალსაზრისით; ჯგუფის/ ჯგუფის წარმომადგენელის დადანაშაულება საზოგადოებაზე ნეგატიური გავლენის მოხდენაში;  დადანაშაულება ღალატში, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მცდელობაში, დომინირება პოლიტიკის, შოუ-ბიზნესის ან სხვა სფეროში); შეფარული და/ან პირდაპირი მოწოდებები ძალადობისა და დისკრიმინაციისაკენ (მაგ. ძალადობისა და დისკრი­მინაციის ისტორიული მაგალითების, ჰომოფობური პოზიციის იდეო­ლოგიური, მორა­ლური თუ სხვა რამ მიზეზით გამართლება; უშუალო მოწოდებები ძალა­დო­ბისაკენ კონკრეტული პირების მითითებით ან ზოგადად, ლგბტ ჯგუფის წარმო­მად­გენელთა წინააღმდეგ და ა.შ.); აქვე გავაერთიანეთ ის შემთხვევებიც, როდესაც ტერმინი/გამონათქვამი უშაულოდ არ უკავშირდება ლგბტ ჯგუფის კონკრეტულ წარმომადგენელს, მაგრამ გამოყენებულია ტექსტში ნეგატიური კონოტაციის შესაქმნელად.

ამ კრიტერიუმების მიხედვით ქართულენოვანი მედია (ზემოთჩამოთვლილი მედიასაშუალებები) სექსუალურ ორიენტაცია/გენდერულ იდენტობის საკითხების გაშუქებისას მაისში ასე გამოიყურებოდა:

 

 

ნეიტრალური შეფასებები

ნეგატიური შეფასებები


პოზიტიურ შეფასებებეში, მკვლევარი ლგბტ ადამიანთა პოზიტიური ხატის შექმნის გარდა, მოიაზრებს ჰომობოფური ტენდენციების კრიტიკასა და მის სოციალურ პრობლემად შეფასების ფაქტებსაც:

„აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში (2007-10) პოზიტიური შეფასებები ძირითადად სწორედ ჰომოფობიისა და ჰომოფობთა კრიტიკის ხარჯზე გაიზარდა. პოზიტიურ შეფასებად მოვიაზრებთ სხვა ქვეყნების ანტიდისრიმინაციული პოლიტიკის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც (მაგ. ჟურნალ ”ტაბულას” ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ბრაზილიაში ერთსქესიან წყვილებისათვის ახალი უფლებების მიანიჭების შესახებ). 5 სტატიიდან/სიუჟეტიდან 3 ჟურნალ „ტაბულაშია“ გამოქვეყნებული.

2005 წლიდან მოყოლებული 17 მაისი მთელს მსოფლიოში აღინიშნება როგორც ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. მონიტორინგში ჩართული გამოცემებიდან ამ თემას მხოლოდ ”ნეტგაზეთი” და რადიო ”თავისუფლება”  გამოეხმაურა. თუმცა, ამის მიზეზი ქვეყანაში მოქმედი ლგბტ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების დაბალი აქტივობა უფროა, ვიდრე მედიის ”უყურადღებობა” ამ თარიღის მიმართ. ორივე მათგანი ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ რეალურ მდგომარეობასა და ლგბტ ჯგუფის წარმომადგენლებზე ჰომოფობიის უშუალო გავლენას ეხება.

ჰომოფობური სიძულვილის ენის გამოყენებას, რადიო ”თავისუფლების” დისკუსიის მონაწილეთა გარდა, ომბუდსმენთან გაზეთ ”ტაბულას” ინტერვიუც ეხმიანება. თუმცა, ჟურნალისტის მიერ პირდაპირ დასმულ კითხვას გიორგი ტუღუში უფრო განზოგადოებულ კონტექსტში პასუხობს“, ნათქვამია კვლევაში.

მონიტორინგის ანგარიშში  ცალკე თავები ეთმობა პოლიტიკური სპეკულაციების, დისკრიმინაციული ლექსიკის და სხვა საკითხებს, რომელთა ანალიზის შედეგად მკვლევარი ასკვნის, რომ „სექსუალური ორიენტაცია/გენდერული იდენტობა კვლავ რჩება პოლიტიკური სპეკულაციების თემად. სექსუალური ორიენტაციის აღმნიშვნელი სიტყვები გამოიყენება ნეგატიურ კონტესქტში. ჯგუფის წარმომადგენელთა მიმართ ხშირად გამოიყენება დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი ლექსიკა. ლგბტ ჯგუფის წევრებს იშვიათად ეძლევათ თვითრეპრეზენტირების შესაძლებლობა მედიაში“.

 

იხილეთ კვლევის მონიტორინგის ანგარიშის სრული ვერსია მიმაგრებულ ფაილში.

მასალების გადაბეჭდვის წესი