საზოგადოება

იცოდე! შეცვალე! დაიცავი!

28 ივლისი, 2011 • 1274
იცოდე! შეცვალე! დაიცავი!

 

იცოდე! შეიცვალე! დაიცავი!–ჰეპატიტის საერთაშორისო დღე 28 ივლისს ამ მოწოდებით აღინიშნება და მიზნად ისახავს C ჰეპატიტის საკითხზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდასა და სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობას.

საქართველო C ჰეპატიტით დაინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. დაინფიცირებულს მკურნალობა კვირაში დაახლოებით 500 ლარი უჯდება. მკურნალობის  ხარჯებს არც სახელმწიფო  აფინანსებს და არც სადაზღვევო კომპანიები.

ადვილად დაღლა, სისუსტე, დეპრესიული განწყობა, გამონაყარი კანზე და ა.შ–ეს ის არასპეციფიკური ჩივილებია, რაც  ე.წ  ჩუმ დავადებას, C ჰეპატიტს ახლავს თან.

„C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანს წლების მანძილზე  შესაძლოა არავითარი კლინიკური სიმპტომი არ აღენიშნებნოდეს, ამიტომ  ეს ინფექცია საყურადღებოა იმ მხრივაც რომ 80–85 %  შემთხვევაში  ქრონიკულად მიმდინარეობს და მხოლოდ 15–20 %–ს გამოუვლინდება მწვავე ჰეპატიტის სახით. ის ღვიძლის ციროზითა და ციროზ–კიბოთი რთულდება“, –ამბობს ევროპის ღვიძლის შემსწავლელთა ასოციაციის მუდმივი წევრი,  სრული პროფესორი, მარინა კვიტაშვილი.

„საქართველოში 100 –დან  დაახლოებით 7 ადამიანს  ეს ინფექცია აქვს.  აქედან მკურნალობა სჭირდება დაახლოებით  80 %–ს–ეს დაახლოებით  100 000–140 000 ადამიანია“, –აღნიშნავს  მედიცინის დოქტორი და საქართველოში C ჰეპატიტის დაძლევის შვეიცარიული პროგრამის, F.Hoffman-La Roche-ის  წარმომადგენლობის სამედიცინო დირექტორი, ნინო გოჩიტაშვილი.

ამჟამად მსოფლიოში  C ჰეპატიტის ვირუსით დაინფიცირებული დაახლოებით 170 მილიონი ადამიანია, რაც პლანეტის 3%–ს შეადგენს. ყოველწლიურად კი  დაახლოებით 160 000 ადამიანი ინფიცირდება და 8–10  ათასი კი  C ჰეპატიტით გამოწვეული ღვიძლის ქრონიკული დაავადებების შედეგად იღუპება.  სწორედ ამ პრობლემების გამო ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს უტარდება ღვიძლის ტრანსპლანტაცია.

რაც შეეხება დაავადებულთა  ჯგუფებს, საქართველოში ყველაზე დიდი მაჩვენებელი, 68 % ინექციურ ნარკომანებზე მოდის, 23.3 % სხვადასხვა ავადმყოფზე, მათ შორის სქესობრივი გზით დაავადებულებზე და 7.6 % სისხლის დონორებზე.

მკურნალობის ხანგრძლივობა კი თვითონ ვირუსის გენოტიპზეა დამოკიდებული.

არსებობს C ჰეპატიტის 6 გენოტიპი. საქართველოში პირველი სამია გავრცელებული. მაგალითად, პირველ გენოტიპს, რომელიც საქართველოში ყველაზე ჭარბადაა გავრცელებული,  48– კვირიანი მკურნალობა სჭირდება.  მე–2  და მე– 3 გენოტიპს – 24 –კვირიანი.

იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო ვერ იღებს საკუთარ თავზე C ჰეპატიტის მკურნალობის ხარჯებს, მედიკოსები იმით ხსნიან, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ამას ვერ გაწვდება. „თანადაფინანსებასაც, ალბათ, აზრი უნდა ჰქონდეს, იმიტომ, რომ თუკი პაციენტი მედიკამენტების მაღალი ფასის გამო მაინც ვერ ჩაიტარებს  მკურნალობას, თანადაფინანსება აზრს კარგავს“, –ამბობს ნინო გოჩიტაშვილი.

„აზრი იმის შესახებ, რომ სახელმწიფო დახმარებას არ უწევს C ჰეპატიტით დაავადებულებს– არასწორია! დღეს, ვინც კი ხვდება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაკტიკულ ცენტრში, მუშაობს თანაგადახდის პრონციპი: ნახევარ თანხას იხდის პაციენტი, ნახევარს– სახელმწიფო, როგორც მწვავე, ასევე ქრონიკულ ან ციროზით გართულებული ფორმების შემთხვევაში, –აღნიშნავს პროფესორი მარინა კვიტაშვილი.

„სახელმწიფო საერთოდ არ ფარავს C ჰეპატიტით დაავადებულთა მკურნალობის ხარჯებს. სტაციონარში მოხვედრილ ადამიანს  C ჰეპატიტზე არ მკურნალობენ. მკურნალობენ მხოლოდ სიმპტომურად, მაგალითად, გადასხმებით. ამას  სახელმწიფო 50%–ით აფინანსებს.  C ჰეპატიტით მკურნალობისთვის კი საჭიროა პეგილირებული ინტერფერონი და რიბავირინი, რომლის ხარჯსაც სახელწიფო არ ფარავს“–ამბობს  ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო–პრაკტიკული ცენტრის განყოფილების გამგე და მედიცინის  დოქტორი ფატი გაბუნია.

სამოქალაქო კამპანია “იცოდე, შეცვალე, დაიცავი”, რომელიც ორი კვირის წინ დაიწყო, გამიზნულია C ჰეპატიტზე საზოგადოების ინფორმირებისა და სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების ხელშესაწყობად.

კამპანიის ორგანიზატორებმა სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” შექმნეს გვერდი, რომლის  “დალაიკებით” თქვენ ავტომატურად უერთედებით პეტიციას, რომლის ადრესატები არიან: პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, ჯანდაცვის მინისტრი და ომბუდსმენი.

“საქართველოში ამ ინფექციის დიაგნოსტირება და მკურნალობა ხელმისაწვდომი არ არის, რის გამოც საქართველოს ასეულ ათასობით მოქალაქის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშაა. დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მაღალი ფასები მძიმე ტვირთად აწვება დაავადებულთა ოჯახებს. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში უამრავი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

C ჰეპატიტის მკურნალობა შესაძლებელია! მისი დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს შეუნარჩუნებს სიცოცხლეს! ჩარევა აუცილებელია დღესვე, სანამ ეპიდემია უმართავი გამხდარა! 

ვაცნობიერებთ რა საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას C ჰეპატიტით ინფიცირებულთა მიმართ, აგრეთვე, საფრთხეს, რომელიც ამ დაავადებამ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეუქმნას, ვითხოვთ:

– ჩამოყალიბდეს სახელმწიფო სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და მაკოორდინირებელი მექანიზმი C ჰეპატიტთან მიმართებაში;
– ჩატარდეს ფართომასშტაბიანი კვლევა C ჰეპატიტის გავრცელების რეალური სურათის დასადგენად და ეფექტური პოლიტიკის შესამუშავებლად;
– სოციალური დაზღვევის პროგრამებში გათვალისწინებული იყოს ინფექციის დროული გამოვლენა, შემდგომი დაკვირვება და მკურნალობა;”–ნათქვამია პეტიციაში.

ჰეპატიტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღესვე თბილისში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. დაგეგმილია პრესკონფერენციები, მრგვალი მაგიდა და ქუჩის აქცია.

11 საათზე თბილისში სასტუმრო ”ჰოლიდეი ინში” გამართულ პრესკონფერეციასა და მრგვალ მაგიდაზე ნაჩვენები იქნება C ჰეპატიტით ინფიცირებული ადამიანების ვიდეოისტორიები; გაკეთდება მიმოხილვა C ჰეპატიტის ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე, ასევე საერთაშორისო გამოცდილებასა და საქართველოს ვალდებულებებზე ამ პრობლემასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ორგანიზატორები წარმოადგენენ პეტიციას, რომელიც ხელმოწერების შეგროვების შემდეგ  ქვეყნის პრეზიდენტს, პარლამენტს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველს გადაეცემა. იგივე პეტიცია განთავსდება სოციალურ ქსელ ”ფეისბუქშიც”, სადაც ხელმოწერები ელექტრონულად შეგროვდება.

13:00 საათზე მეტრო რუსთაველთან ქუჩის აქცია გაიმართება, სადაც ხელმოწერების შეგროვება დაიწყება. აქცია რუსთაველის გამზირის, ლესელიძისა და ერეკლე მე-2-ის ქუჩების გავლით რიყის პარკში გადაინაცვლებს. 17:00 საათზე რიყეზე  მოძრავი კედლები მოიხატება და ჰაერში ფერადი ბუშტები გაიშვება.

თბილისის ღონისძიებების პარალელურად მრგვალი მაგიდები გაიმართება გორსა და ზუგდიდში,  ბათუმში კი – ქუჩის აქცია.


მასალების გადაბეჭდვის წესი