საზოგადოება

2015 წელს სარეკლამო SMS-ების მარკეტინგის წესის დარღვევისთვის 19 ორგანიზაცია დააჯარიმეს

24 მარტი, 2016 • 2026
2015 წელს სარეკლამო SMS-ების მარკეტინგის წესის დარღვევისთვის 19 ორგანიზაცია დააჯარიმეს

პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორმა 2015 წლის განმავლობაში სარეკლამო ხასიათის SMS-ების საშუალებით განხორ­ციელებული პირდაპირი მარკეტინგის წესის დარღვევის ფაქტზე 19 ორგანიზაცია დააჯარიმა. ფინანსური ჯარიმის ოდენობა 3000 ლარს შეადგენს. ამის შესახებ ნათქვამია ინსპექტორის ანგარიშში:

“2015 წელსაც მოქალაქეთა განცხადებების, აპარატის მიერ გაცემული კონსულტაციების დიდი ნაწილი პირდაპირი მარკეტინგის საკითხს უკავშირდებოდა. განსაკუთრებით აქტუა­ლური იყო სარეკლამო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინებების საშუალებით განხორ­ციელებული პირდაპირი მარკეტინგის საკითხები. საანგარიშო პერიოდში, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოქალაქეთა მომართვიანობა. 2015 წელს კონკ­რეტული ორგანიზაციების მიერ პირდაპირი მარკეტინგის წესის დარღვევის ფაქტის შესწავ­ლის თხოვნით ინსპექტორს 41-­მა მოქალაქემ მომართა, გამოვლინდა პირდაპირი მარკე­ტინგის კანონით განსაზღვრული წესების დარღვევით განხორციელების 21 შემთხვევა და აქედან 19 ორგანიზაციას 2015 წელს დაეკისრა ფინანსური ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით”, – ვკითხულობთ ინსპექტორის ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, 2015 წელს პირდაპირი მარკეტინგის განმახორციელებელი ორგანიზაციების უმრავ­ლესობამ უზრუნველყო შეტყობინებებზე უარის თქმის მექანიზმის დანერგვა, რომელიც შეტყობინების ადრესატს აძლევს შესაძლებლობას, მითითებული ტექსტი გაგზავნოს კონ­კრეტულ ნომერზე და ამგვარად განაცხადოს უარი მისი მონაცემების პირდაპირი მარ­კეტინგის მიზნით გამოყენებაზე.

“აღნიშნული მექანიზმის პრაქტიკაში გამოყენებისა და ეფექტურობის მაგალითად შეიძლება ერთ­-ერთი სარეკლამო მომსახურების გამწევი კომპანიის მონაცემების მოყვანა, რომლის თანახმადაც შეტყობინებების მიღებაზე უარის თქმის მექანიზმით ისარგებლა 311 962-მა აბონენტმა.

2015 წელს გამოვლენილი დარღვევები ძირითადად შეეხებოდა სარეკლამო შეტყობინებაზე უარის თქმის მექანიზმის არარსებობას ან მისი ხარვეზებით ფუნქციონი­რებას.

ცალკეულ შემთხვევებში კი, კომპანიებმა მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღე­ბიდან 10 სამუშაო დღის შემდგომ მაინც გააგზავნეს სარეკლამო შეტყობინებები. მონა­ცემთა დამმუშავებლები, რომლებიც სხვადასხვა უფლებამოსილი პირების მეშვეობით ახორციელებდნენ სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნას, არ ითვალისწინებდნენ სატელეფონო ნომრების გამეორების შესაძლებლობას და უფლებამოსილი პირებისგან არ ითხოვდნენ ინფორმაციას იმ სატელეფონო ნომრების შესახებ, რომელთა მფლობელებ­მაც უკვე განაცხადეს უარი სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე”.

არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, პირდაპირი მარკეტინგის კანონის დაცვით გან­ხორციელებისათვის ინსპექტორის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ორგანიზაციამ, რომელიც ახორციე­ლებს პირდაპირ მარკეტინგს, დანერგოს შეტყობინების მიღებაზე უარის თქმის ეფექტური და ხელმისაწვდომი მექანიზმი. ასევე, მნიშვნელოვანია, პირდაპირი მარკეტინგის განმა­ხორციელებელმა ორგანიზაციამ გაუწიოს მონიტორინგი უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავებას და ჰქონდეს ინფორმაცია იმ მონაცემთა სუბიექტების შესახებ, რომელთაც უარი განაცხადეს მათი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუ­შავებაზე.

“მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით გამოყენე­ბამდე, არასასურველი შეტყობინებების გაგზავნის თავიდან არიდების მიზნით, უნდა მოხ­დეს წინასწარი ინფორმირება მათი მონაცემების ამგვარი მიზნით გამოყენების შესახებ. მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ უფლება, უარი განაცხადონ არასასურველ სარეკლამო შეტყობინებებზე ისე, რომ უარი არ ეთქვათ მომსახურების მიღებაზე.

2015 წლის ივნისში ინსპექტორისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს „მაგთიკომმა“ საკუთარ აბონენტებთან გააგზავნა შეტყობინება, რომლის თანახმადაც სტანდარტულ ხელშეკრუ­ლებაში შევიდა ცვლილება, რომ „აბონენტი თანახმა იყო მიეღო შპს „მაგთიკომის“ და მისი პარტნიორი/კონტრაქტორი ორგანიზაციებისგან სარეკლამო და საინფორმაციო შეტყობინება“. კომპანიის შეტყობინებიდან ასევე ირკვეოდა, რომ აბონენტს ნებისმიერ დროს შეეძლო უარი ეთქვა სარეკლამო შეტყობინების მიღებაზე, რისთვისაც მას კონკ­რეტული შეტყობინების გამგზავნის დასახელება მოკლე ტექსტური შეტყობინებით უნდა გაეგზავნა შესაბამის ნომერზე. ინსპექტორის აპარატმა დაუყოვნებლივ დაიწყო საკითხის შესწავლა. მნიშვნელოვანი იყო იმის გამორკვევა, თუ რამდენად ჰქონდათ აბონენტებს შესაძლებლობა უარი ეთქვათ ხელშეკრულების აღნიშნულ პირობაზე. ხოლო თუ აბონენ­ტი თანხმობას განაცხადებდა, შეეძლო თუ არა მოგვიანებით ეთქვა უარი არა კონკრე­ტულ შეთავაზებაზე, არამედ „მაგთიკომის“ ყველა პარტნიორის სარეკლამო შეთავაზება­ზე. შპს „მაგთიკომთან“ კომუნიკაციის შედეგად, კომპანიამ გაითვალისწინა ინსპექტორის აპარატის რეკომენდაციები და აბონენტებს მიეცათ შესაძლებლობა ნომერზე *182# ერთი შეტყობინების გაგზავნით ეთქვათ უარი შპს „მაგთიკომის“ ყველა სარეკლამო შეტყობინე­ბის მიღებაზე”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი