საზოგადოება

სად წავიდნენ დევნილები

20 ივლისი, 2011 • 1715
სად წავიდნენ დევნილები

გამოსახლება 204–ე ბაგა–ბაღიდან
გამოსახლება 204–ე ბაგა–ბაღიდან

თბილისის 204–ე ბაგა–ბაღიდან გამოსახლებულები ღამეს ნათესავებთან, ნაცნობებთან და სარდაფებში ათევენ.

ნინო ნაკაიძემ გამოსახლების შემდეგ ღამე თავისი მულის მეგობრის ერთოთახიან ბინაში გაათია. ნაკაიძე დღესაც მულის მეგობრის სახლში ცხოვრობს. ბინის მოსაძებნად წასვლა ჯერ არ შეუძლია, წევს. გამოსახლების დროს ბაგა–ბაღის ეზოშივე გული წაუვიდა და სასწრაფო დახმარების მანქანით რეფერალურ საავადმყოფოში ინსულტის ნიშნებით გადაიყვანეს.

„იმ ღამეს საავადმყოფოში უნდა დავრჩენილიყავი, მაგრამ ფული არ გვქონდა და ვერ დავრჩი. ისე წამოვედი, ზუსტი დიაგნოზი არც ვიცი. ზუსტი დიაგნოზისთვის თავის ქალა უნდა გადაეღოთ, რის შესაძლებლობაც არ მქონდა. ახლა ძნელად ვამოძრავებ ერთ ხელს და ფეხს, ლაპარაკიც მიჭირს“,–ამბობს ნინო ნაკაიძე.

ნაკაიძეს რეფერალური საავადმყოფოდან რეცეპტი გამოატანეს, სადაც სამკურნალოდ ხუთი დასახელების მედიკამენტია გამოწერილი.

„ექიმმა თვითონვე მითხრა, რომ ყველა ეს წამალი ძვირადღირებულია. ასე რომ, ყიდვას მაინც ვერ შევძლებ. გარდა ამისა, 150 ლარი საავადმყოფოს ვალი უკვე მაქვს. სანამ წამოვიდოდი ხელი მოგვაწერინეს, რომ ორი თვის მანძილზე უნდა გადავიხადოთ ეს თანხა“, –ამბობს ნინო ნაკაიძე.

არამიანცის სარეანიმაციო განყოფილებაშია ბაგა–ბაღიდან გამოსახლებული ნინო მჭედლიშვილის ათი თვის ბავშვი რეანიმაციაში დღეს, 20 ივლისს, მოათავსეს. როგორც ექიმებმა მშობლებს უთხრეს, ბავშვს ძლიერი ალერგია აღენიშნება.

ათი თვის ბავშვი საავადმყოფოში ტანზე ძლიერი გამონაყარის გამო მოხვდა.

ნინო მჭედლიშვილის ოჯახი ბაგა–ბაღიდან გამოსახლების შემდეგ იქვე ახლოს მდებარე ერთ–ერთი კორპუსის სარდაფში ცხოვრობს.

მეზობელ სარდაფში ბაგა–ბაღიდან გამოსახლებული სხვა ოჯახიც დაბინავდა.

მაია სალაძე, რომელსაც გამოსახლებამდე რამდენიმე დღით ადრე მუცელი მოეშალა და ტყუპი ბავშვი დაკარგა, სამ შვილთან და ქმართან ერთად გამოსახლების შემდეგ დის ერთოთახიან ბინაში გადავიდა. ვარკეთილში, ერთ ოთახიან ბინაში, ახლა უკვე ათი სული ცხოვრობს.

მისი ოჯახი სახელმწიფოსგან სოციალურად დაუცველთა ყოველთვიურ შემწეობას იღებს, თუმცა გამოსახლების შემდეგ მაია შიშობს, რომ დახმარებას, რომელსაც მისამართის მიხედვით იღებდა, დაკარგავს.

„მისამართია საჭირო იმისთვის, რომ დახმარება მოგცენ, ჩვენ კი ხვალ სად ვიქნებით, არ ვიცი, შეიძლება ქუჩაშიც და ამ დახმარებასაც დავემშვიდობებით, ვეჭვობ“, –ამბობს მაია სალაძე.

დავით მალაზონია და მისი ოჯახი ავლაბარში, ძველი ქარხნის შენობაში ცხოვრობენ.

„ჩემმა მეგობარმა ეს ფართი დაგვითმო. გამოსახლების შემდეგ აქ ვართ. ახლა დავდივარ და ქირით ვეძებ ბინას. ჯერ შესაბამისი ვერაფერი ვიპოვე. ძვირი ღირს ყველაფერი. ვერ გავწვდებით“,–ამბობს მალაზონია.

ქირით ბინას ეძებს ნანა ბულიაც, რომელიც ვარკეთილის ბაგა–ბაღში ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა და სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სოფელ ფოცხოეწერზე უარი სწორედ შვილების გამო თქვა.

ნანა ბულიას თქმით, მისი ათი წლის შვილი თბილისში კარგ სკოლაში და ჭადრაკის წრეზე დადის.

„მე ჩემი შვილის განათლებას ფოცხოეწერს ვერ შევწირავ, როგორმე აქ გავიტანთ თავს“, –ამბობს ბულია.

სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სამეგრელოსა და კახეთის სოფლებზე უარი ბაგა–ბაღში მცხოვრებმა 12–ივე დევნილმა ოჯახმა განაცხადა. მიზეზად სოფლებში ცხოვრებისთვის შეუსაბამო ინფრასტრუქტურა და დასქმების პერსპექტივის არარსებობა დაასახელეს.

„ამჟამად ტაქსზე ვმუშაობ, ჩემი შვილები სწავლობენ, იქ რა ვაკეთო? ამიტომაც ვთქვი უარი“, –ამბობს დავით მალაზონია.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ 2011 წლის კვლევის („სახელმწიფო პოლიტიკა დევნილთა მიმართ“) თანახმად, 2010 წლის ივნისიდან 2011 წლის იანვრის ჩათვლით (ამ დროს განხორციელდა დევნილთა პირველი და მეორე განსახლება) გამოსახლებული 1666 ოჯახიდან სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სოფლებში ცხოვრებაზე თანხმობა მხოლოდ 76–მა ოჯახმა განაცხადა.

 

ამავე თემაზე: დევნილების გამოსახლება – განახლებადი რეჟიმი[Video]

დევნილების უძილო ღამე გამოსახლებამდე [Video]

ათდღიანი ვადა დევნილებისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი