საზოგადოება

ნიკა გილაური მართლმადიდებელ მღვდლებს შეხდვა

20 ივლისი, 2011 • • 1218
ნიკა გილაური მართლმადიდებელ მღვდლებს შეხდვა

ფოტო: პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
ფოტო: პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი ოთხი სხვადასხვა კომისიის შექმნა, მუშაობისა და სტრატეგიის განსაზღვრა იყო.

ინფორმაციას შეხვედრის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრა გუშინ, 19 ივლისს, მთავრობის კანცელარიაში შედგა. შეხვედრას მთავრობის მხრიდან ესწრებოდნენ ნიკა გილაუირი, მინისტრი კობა სუბელიანი და პარლამენტარები: რუსუდან კერვალიშვილი და ლაშა თორდია. პრესსამსახურისვე ინფორმაციით, იქმნება შემდეგი კომისიები:  საზღვარგარეთ ქართული ეკლესიის სტატუსის განსაზღვრაზე მომუშავე და მონიტორინგის კომისია. ასევე, ქონების განმსაზღვრელ კომისიას დაემატა  ქვეკომისია – შენობა-ნაგებობების, კულტურული ძეგლების განმსაზღვრელი კომისია.

“რამდენიმე დღის წინ შევთანხმდით, რომ ამ კომისიების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით შევხვდებოდით. დღეს სამუშაო შეხვედრა გვქონდა. გავიარეთ დეტალები, რის მიხედვითაც კომისიამ მომავალში უნდა იმუშაოს.  შევთანხმდით, რომ გვექნება ერთი ძირითადი კომისია, რომელიც 4 მიმართულებოთ იმუშავებს. ოთხივე კომისიის სამუშაო მანდატი უკვე განვსაზღვრეთ. უახლოეს მომავალში კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გვექნება, სადაც დეტალებში გავწერთ კომისიის მუშაობის ფუნქციებს და მომავალ შეხვედრებს,“ – შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა.

შეხვედრის ესწრებოდა  მიტროპოლიტი თევდორე ჭუაძე, რომელმაც განაცხადა: “ბატონმა ნიკამ აღნიშნა, რომ ჩვენ შევიკრიბეთ, რათა კომისიების თაობაზე ჩამოვყალიბებულიყავით. ჩამოვყალიბდით ძირითად პრინციპებზე. შემდეგში ვიმუშავებთ კომისიების დაკომპლექტებაზე, დებულების შექმნაზე, რომელიც კომისიების მუშაობას განსაზღვრავს და რაც შეიძლება ეფექტურად ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც არსებობს და აწუხებს ეკლესიას იყოს ამ კომისიაზე გადაწყვეტილი.“

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი საქართველოში რელიგიური ორგანიზაციებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით დარეგისტირების შესაძლებლობის შესახებ. აღნიშნულ ფაქტს მწვავე პროტესტი მოჰყვა საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიის მხრიდან. ისინი საქართველოს პრეზიდენტს აღნიშნულ კანონზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებნდნენ, თუმცა – უშედეგოდ. მრევლის საპროტესტო აქციები თბილისში რამდენიმე დღის მანძილზე იმართებოდა. საბოლოოდ, ჩატარდა წმინდა სინოდის სხდომა, სადაც მართლამდიდებელმა სასულიერო პირებმა მიიღეს დოკუმენტი, რომლითაც ხელისუფლებას რამდენიმე კომისიის შექმნის რეკომენდაცია მისცეს. კანონის მიღებისა და სინოდის სხდომის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული კანონის განმარტებითი ბარათი მიიღო, რაშიც პირდაპირ არის მითიებული, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი რელიგიური ორგანიზაციებისთვის ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს არ წყვეტს. საპატრიარქოს ერთ–ერთი მთავარი არგუმენტი, რითაც ის ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონს დაუპირისპირდა, სწორედ ქონებრივი დავის საკითხებს შეეხებოდა, რომელიც საქართველოს მარლმადიდებლურ ეკლესიას სხვა რელიგიურ გაერთიანებებთან აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი