საზოგადოება

ცვლილებები რელიგიურ გაერთიანებებზე ძალაში შევიდა

8 ივლისი, 2011 • 1701
ცვლილებები რელიგიურ გაერთიანებებზე ძალაში შევიდა

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” მიიჩნევენ, რომ ცვლილები, რომელმაც  დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში და პირველად დააპირისპირა ღიად ერთმანეთს საქართველოს მოქმედი ხელისუფლება და საპატრიარქო, პარლამენტმა პროცედურული დარღვევით დაამტკიცა.

6 ივლისიდან ძალაში შევიდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც რელიგიურ გაერთიანებებს საქართველოში საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირების უფლება მიეცათ.

ახალმა კანონმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში და პირველად დააპირისპირა ღიად ერთმანეთს საქართველოს მოქმედი ხელისუფლება და საპატრიარქო.

ცვლილებების პროექტი საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით 1 ივლისს განიხილა რიგგარეშე სხდომაზე. აღნიშნული პროექტით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩაითვლებოდნენ რელიგიური გაერთიანებები, “რომლებსაც გააჩნიათ მჭიდრო ისტორიული კავშირი საქართველოსთან”. კანონპროექტის ინიციატორებმა (ნუგზარ წიკლაური, ჩიორა თაქთაქიშვილი და ლაშა თორდია) ასეთებად რომაული კათოლიკური ეკლესია, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესია, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, მუსლიმანთა თემი და იუდეველთა თემი მიიჩნიეს.

ცვლილებების პროექტი პირველივე მოსმენის დროს გახდა საკამათო საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მხრიდან: “ქრისტიან–დემოკრატებმა” საკითხის გადადება და მართლმადიდებლურ ეკლესიასთან შეთანხმება მოითხოვეს. დეპუტატ ჯონდი ბაღათურიასთვის კი მიუღებელი აღმოჩნდა ის საკითხი, რომ რეგისტრაციის წესი იცვლებოდა მხოლოდ ხუთი რელიგიური გაერთიანებისთვის:

“მე მაინტერესებს, სხვამ რა დააშავა? რატომ დადგა დღეს დღის წესრიგში ამ კანონპროექტის წარდგენა?” – განაცხადა მან.

საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორებმა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება მოითხოვეს.

ახალ კანონპროექტს 4 ივლისს გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქო, ერთი დღით ადრე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დაწყებამდე, როდესაც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს აღნიშნული ცვლილებები დაჩქარებული წესით უნდა მიეღო.

“საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი და კონსტიტუციური შეთანხმება წლების განმავლობაში იყო ფართო განხილვის საგანი და მას საერთაშორისო ექსპერტიზაც ჩაუტარდა. თავის მხრივ, ეკლესია არასოდეს წასულა წინააღმდეგი და ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოში არსებული სხვა რელიგიებისადმი სტატუსის მინიჭებას და მათი უფლებების განხორციელებას, მაგრამ ამ პროცესს სათანადო გაგრძელება არ მოყოლია, ანუ ხელისუფლების მხრიდან არ შექმნილა მრავალმხრივი სახელმწიფო კომისია, სადაც საკითხი იქნებოდა შესწავლილი და შეჯერებული. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სხვა სახელმწიფოებში არც ქართული მართლმადიდებლური ტაძრების საკუთრების და მოვლაპატრონობის საკითხი არ დასმულა დღემდე და არც ჩვენი ეკლესიის სტატუსის განხილვა არ დაწყებულა. 

ამის ფონზე, სრულიად გაუგებარია ჩვენი ქვეყნის პარლამენტის მიერ ესოდენ მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღება საჯარო განხილვის გარეშე და ასეთი დაჩქარებული წესით”, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ სპეციალურ მიმართვაში და იქვე დასძინა, რომ “ეს საკითხი არის უმნიშვნელოვანესი, რადგან იგი არსებითად განსაზღვრავს სახელმწიფოს მოწყობის ძირითად პრინციპებს”.

“მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, შეჩერდეს კანონის მიღების პროცედურა (მეორე და მესამე მოსმენა) და აღნიშნულ საკითხზე გაიმართოს საჯარო დებატები (თუნდაც ტელევიზიის პირდაპირ ეთერში), რათა ჩამოყალიბდეს საერთო-საზოგადოებრივი აზრი და მოხდეს კონსესუსი მართლამადიდებელ ეკლესიასთანაც, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია”, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა.

აღნიშნული განცხადების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 5 ივლისს საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა მაინც დაიწყო.

მეორე მოსმენის დროსვე შეიცვალა ცვლილების ის ნორმა, რომლითაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირების უფლება მხოლოდ ხუთ რელიგიურ გაერთიანებას ეძლეოდა. ახალი რედაქციით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების უფლება მიეცათ რელიგიურ გაერთიანებებს, რომლებსაც საქართველოსთან ისტორიული კავშირი აქვთ, ან ასეთივე სტატუსით სარგებლობენ ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში.

საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობის გაგრძელებაზე პროტესტის ნიშნად უარი განაცხადეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი პავლე კუბლაშვილი კი სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს საპატრიარქოში მივიდა საკითხის შესათანხმებლად.

საპატრიარქოში მოლაპარაკებების დროს, საპარლამენტო უმრავლესობამ გამოთქვა მზადყოფნა ცვლილებების პროექტში გაკეთებული ჩანაწერი, რომლითაც სახელმწიფო აიღებდა ვალდებულებას სხვა  სახელმწიფოების ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევების, სხვა საეკლესიო ნაგებობის, აგრეთვე, საეკლესიო ნივთების მოვლა-პატრონობისა და საკუთრებისა და ეკლესიის სტატუსის თაობაზე მოლაპარაკებების წარმოების შესახებ.

ამის მიუხედავად, შეთანხმება საპატრიარქოსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის ვერ შედგა, რის შემდეგაც პარლამენტმა მესამე მოსმენით ცვლილებების ის პროექტი დაამტკიცა, რომელშიც აღარ ფიგურირებდა ჩანაწერი სახელმწიფოს ზემოთ აღნიშნული ვალდებულებების შესახებ.

“საპატრიარქო კვლავ აყენებდა წინადადებას კანონპროექტის მიღების პროცესის შეჩერების, მისი საჯარო განხილვისა და საზოაგადოებრივი აზრის კონსესუსის მიღწევის თაობაზე. შემდეგ კი, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, კომპრომისული ვარიანტიც შევთავაზეთ. შეთანხმება ვერ შედგა, რაც მეტად სამწუხაროა ,რადგან აწ უკვე მიღებული კანონი ეწინააღმდეგება როგორც ეკლესიის, ისე ქვეყნის  ინტერესებს. ვფიქრობთ, ეს კანონი თავის უარყოფით შედეგებს ახლო მომალშივე გამოიღებს, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება”, – ასეთი განცხადებით გამოეხმაურა 5 ივლისს საქართველოს საპატრიარქო პარლამენტის გადაწყვეტილებას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა 70 დეპუტატმა დაუჭირა მხარი სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების მიღებას, რომელზეც საბოლოო კენჭისყრა, 5 ივლისს 19:45 საათზე გაიმართა.

ამის შემდეგ საზოგადოების მოთხოვნა ორად გაიყო: ნაწილმა პრეზიდენტს აღნიშნულ კანონზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდა, მეორე ნაწილმა კი პირიქით, ამ უფლების არ გამოყენებისკენ.

კანონის შესაბამისად, ცვლილებებს პარლამენტი 7 დღის ვადაში უგზავნის პრეზიდენტს ხელმოსაწერად, რომელსაც, თავის მხრივ, 10–დღიანი ვადა აქვს ამისთვის, რის შემდეგაც კანონი ქვეყნდება და შედის კანონიერ ძალაში.

აღნიშნული ვადები ამ შემთხვევაში არც პარლამენტმა გამოიყენა და არც პრეზიდენტმა. საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელს 5 ივლისს აწერს, 6 ივლისს საკანონმდლო მაცნეში გამოქვეყნდა და შევიდა კანონიერ ძალაში.

ეს ინფორმაცია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის და შესაბამისად, ფართო საზოგადოებისთვის გუშინ, 7 ივლისს გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, ასევე, ვეტოს დადების თხოვნით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს.

„მთავარი მაინც პასუხისმგებლობა პრეზიდენტს ეკისრება და მე მინდა, რომ მშვიდად იყოს ჩვენი პრეზიდენტი და ჩვენი ქვეყანა. მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება”, – განაცხადა ილია მეორემ, 7 ივლისს, იოანე ნათლისმცემელის შობისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვის შემდეგ გამართული ქადაგებისას.

მისივე თქმით, “ეს კანონი იმდენად მნიშვნელოვანია, იმდენად საშიშია, რომ კანონმდებლებს უნდა ეფიქრათ, ვთქვათ, ათი, ასი წლის შემდეგ რა შედეგი ექნება ამას… ანალიტიკური აზროვნება გვაკლია ჩვენ. ანალიზი უნდა გაკეთდეს საერთოდ არა იმის შემდეგ, როცა საქმეს გავაკეთებთ, არამედ საქმის წინ  – რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ამას… სამწუხაროდ, ისე იჩქარეს კანონმდებლებმა, რომ ერთ დღეში მიიღეს ყველაფერი”.

მსგავსი შეფასებითი და პროგნოზირებადი განცხადებების გარდა, საპატრიარქოს არ გაუკეთებია დამატებითი კომენტარები თუ რატომ არის აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ესოდენ საშიში და წინააღმდეგობრივი როგორც ქვეყნის, ისე ეკლესიის ინტერესებთან.

საკანონმდებლო ცვლილებების საბოლოო რედაქციის თანახმად, რელიგიური გაერთიანებებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად, თუმცა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრირებულ რელიგიურ გაერთიანებაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაარეგისტრიროს საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური მიმდინარეობა ან ის რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” მიიჩნევენ, რომ ცვლილების პროექტის პარლამენტმა პროცედურული დარღვევით დაამტკიცა:

“კანონპროექტის განხილვა წარიმართა დაჩქარებული წესით და ინიცირებიდან 5 სამუშაო დღეში სამივე მოსმენით იქნა მიღებული. ასეთი ტემპი გამორიცხავს საკანონმდებლო ცვლილებების  განხილვაში რელიგიური მიმდინარეობების, განსაკუთრებით რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლების მონაწილეობას. ამავდროულად, ინფორმაცია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის იმ სხდომებთან დაკავშირებით, სადაც კანონპროექტის განხილვა ხდებოდა პირველი და მესამე მოსმენით, საერთოდ არ გავრცელებულა პარლამენტის ვებ-გვერდის მეშვეობით, რაც რეგლამენტის უხეშ დარღვევას წარმოადგენს”, – აცხადებენ საია–ში.

ამას გარდა, ასოციაციაში განმარტავენ, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება რელიგიური ორგანიზაციებისათვის მართებული არ არის, თუმცა მათივე თქმით, ამგვარი პრეცედენტი აღნიშნული კანონის მიღებამდე დაშვებული იქნა კონსტიტუციური შეთანხმებით მართლმადიდებლურ ეკლესიასთან.

ამასთანავე, ასოციაციის განმარტებით, რომელიმე რელიგიური გაერთიანებისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება არ გულისხმობს მისთვის რაიმე შეღავათის/პრივილეგიის მინიჭებას.

“საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სხვადასხვა ტიპის შეღავათები ექსკლუზიურად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის, რაც არ არის თანაბრად ხელმისაწვდომი სხვა რელიგიური ორგანიზაციებისათვის, თუმცა აღნიშნული არ გამომდინარეობს თავად ეკლესიისთვის მინიჭებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსიდან. აღნიშნული პრობლემების მოგვარებას (თანაბარი საგადასახადო რეჟიმი ყველა რელიგიური გაერთიანებისათვის, საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა) წინამდებარე კანონპროექტი არ ხდის შესაძლებლად”, – აცხადებენ საია–ში.

პარლამენტის მიერ დამტკიცებულ და უკვე პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ კანონთან მიმართებაში კიდევ ერთი შენიშვნა აქვთ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენლებს:

“მნიშვნელოვანია სამართლებრივი სტატუსის თავისუფალი არჩევანის უზრუნველყოფა ყველა რელიგიური მიმდინარეობისათვის. ამ თვალსაზრისით, პარლამენტის მიერ სამივე მოსმენით მიღებულ კანონპროექტში კვლავ რჩება გარკვეული ბუნდოვანება. ერთის მხრივ, არ არის ნათელი თუ როგორ, რა მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დაადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო რელიგიური გაერთიანების მხრიდან საქართველოსთან ისტორიული კავშირის ქონას. მეორეს მხრივ, არ არის ცხადი, თუ რას გულისხმობს ”რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც ევროპის საბჭოს ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად.” აღნიშნული ჩანაწერი იძლევა სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას. შესაბამისად, საია მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, ზემოაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით, დახვეწას საჭიროებს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი