საზოგადოება

ოპერატორი, რომელმაც GMG-სთან არ ითანამშრომლა, დაჯარიმდა

5 ივლისი, 2011 • 1212
ოპერატორი, რომელმაც GMG-სთან არ ითანამშრომლა, დაჯარიმდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საკაბელო ოპერატორი “ჯი.ენ.ენ.”–ი 9 029.36 ლარით დააჯარიმა. ოპერატორის სანქცირების საფუძველი კომპანია “GMG”–ის მიერ სპორტული მატჩების ექსკლუზიური ჩვენების უფლების დაცვა გახდა.

კომისიის განმარტებით, “ჯი.ენ.ენ.”–ი საკუთარი საკაბელო ქსელით ყოველგვარი უფლების გარეშე  ტელეარხ „ფუტბოლზე“ არგენტინის საფეხბურთო ჩემპიონატის არამართლზომიერ რეტრანსლირებას ახორციელებდა.

“ადმინისტრაციული წარმოების პროცესში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაარკვია, რომ ზემოთ ხსენებული ჩემპიონატის ჩვენების ექსკლუზიური უფლება კომპანია „GMG-ს“ აქვს მოპოვებული და შესაბამისი ხელშეკრულებაც წარმოდგენილია კომისიაში. მართალია, კომპანია „ჯი.ენ.ენ–საც“ ტელეარხ „ფუტბოლის“  გადაცემის ნებართვა მოპოვებული ჰქონდა და კომისიაშიც წარმოდგენილი, თუმცა ოპერატორი ვალდებული იყო, დაეცვა საავტორო და მომიჯნავე უფლებები და არგენტინის საფეხბურთო ჩემპიონატი არ გაეშვა საკუთარ საკაბელო ქსელში”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

„GMG”, ანუ იგივე „გლობალ მედია ჯგუფი“ საკაბელო ტელევიზიების ეთერში საცდელი მაუწყებლობით, ოთხი არხით (ორი სპორტული და ორი გასართობი), მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან გავიდა. 16 თებერვალს მან საქართველოს ტერიტორიაზე სპორტული მატჩებისა და ტურნირების ერთი ნაწილის  სატელევიზიო ჩვენების ექსკლუზიური უფლების დაცვა მოითხოვა კომუნიკაციების კომისიისგან.

იმის გამო, რომ „გლობალ მედია ჯგუფი“ არ წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის ტრანზიტს), ამ კომპანიას სხვა სამაუწყებლო არხების ტრანსლირება/რეტრანსლირების უფლება არ აქვს. ამიტომაც GMG-მ თავად შექმნა საკუთარი არხები, რომელთა ტრანსლირება შესაძლებელია საკაბელო მაუწყებლების მეშვეობით.

GMG–ის მომსახურება საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი 2011 წლის 1 მარტიდან გახდა. იმავდროულად, საკაბელო ტელევიზიების უმრავლესობამ ამ არხების ჩვენება შეწყვიტა. მათ შორის “ჯი.ენ.ენ.”–მაც, რაც აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელმა მერაბ კიკნაძემ მაშინ “ნეტგაზეთთან” საუბარში ასე ახსნა:

„თუკი ამ არხებს დავამატებთ, გამოდის, რომ ჩვენი კომპანიის შემოსავლების 60%–ზე მეტი GMG-ის უნდა გადავუხადათ, რასაც ფიზიკურად ვერ შეძლებს საკაბელო ტელევიზია“.

კომპანია “გლობალ მედია ჯგუფის” დირექტორი და 85%–ანი წილის მფლობელი მამუკა გამყრელიძეა, გადაცემა “ვის უნდა 20 ათასის” წამყვანი, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დაინიშნა.

 

ამავე თემაზე:

”ვის უნდა 20 ათასის” წამყვანი ჩინეთში საქართველოს ელჩი ხდება

ლევან ყუბანეიშვილი GMG–ის მეწილე გახდა

GMG საკაბელო მაუწყებლობის ბაზარზე

მასალების გადაბეჭდვის წესი