საზოგადოება

ფაშისტური გამონათქვამების გამო დაწყებულმა დავამ სასამართლომდე ვერ მიაღწია

4 ივლისი, 2011 • • 1781
ფაშისტური გამონათქვამების გამო დაწყებულმა დავამ სასამართლომდე ვერ მიაღწია

საკონდიტრო ”დიფენბახსა” და სამშენებლო კომპანია ”რედიქსის” ორ მენეჯერს შორის სოციალურ ქსელში ფაშისტური გამონათქვამების გარშემო დაწყებული დავა სასამართლოში არ გაგრძელდება. გადაწყვეტილება ”დიფენბახის” გერმანელმა და ქართველმა მმართველებმა ერთობლივად მიიღეს.

”ჩვენ შეგნებულად ვიკავებთ თავს არსებული სიტუაციის დეტალების გამომზეურებისგან, რადგან, სამწუხაროდ, გერმანელი და ქართველი იურისტების კონსულტაციის შედეგები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან.

ყველა არსებული გარემოების გათვალისწინებით, «დიფენბახის» გერმანულმა და ქართულმა მხარემ ერთობლივად გადავწყვიტეთ, არ მივმართოთ სასამართლოს. დარწმუნებულნი ვართ, რომ მომხმარებელი კომპანია «რედიქსისა» და «პიარ სკოლის» აგრესიული განცხადებებიდან თავად გამოიტანს დასკვნებს, ” – წერია ”დიფენბახის” მიერ რამდენიმე დღის წინ ”ფეისბუქზე” გავრცელებულ განცხადებაში.

საკონდიტრო ”დიფენბახის” გერმანელი დამფუძნებელი შტეფანი დიფენბახი ”რედიქსის” თანამშრომლებისგან – მზია შარაშიძისა და მარიკა წულუკიძისგან, მის მიმართ ფაშისტური გამონათქვამების გამო რამდენიმე კვირის წინ სასამართლოს გზით ბოდიშის მოხდის მოთხოვნას აპირებდა. მზია შარაშიძე ”რედიქსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია, მარიკა წულუკიძე კი– კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი.

დაპირისპირების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ”რედიქსის” თანამშრომლებს ”დიფენბახის” მიერ მათთვის მომზადებული ტორტი არ მოეწონათ, რაზეც პასუხისმგებლობა საკონდიტრომ სამშენებლო კომპანიის თანამშრომლებს  დააკისრა და ამის შესახებ ”ფეისბუქის”  ოფიციალურ გევრდზე განცხადებაც გაავრცელა. საპასუხოდ კი ”რედიქსის” თანამშრომლებმა ”დიფენბახის” გერმანელი დამფუძნებელთან დაკავშირებით ამავე სოციალურ ქსელში დამცინავად იკითხეს,  ”ჰიტლერის ნათესავი ხომ არ არის”  და სხვა ნაცისტური მიმართვებიც დაწერეს.

ჯერ კიდევ 22 ივნიისს ”დიფენბახის” ქართველმა მენეჯერმა ელენე მაცხონაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა: ” დღეს ქალბატონი შტეფანი დიფენბახი იყო იურისტებთან და საკმაოდ გაღიზიანებული დაბრუნდა, თუნდაც იმიტომ, რომ ისინი არასერიოზულად აღიქვამენ ფაშისტურ თავდასხმებს. ის, რომ გერმანიის მოქალაქეს უწოდო ფაშისტი, ადოლფ ჰიტლერის ნათესავი, იძახო– ”ზიგ ჰაილ”, ჰგონიათ, რომ არის ხუმრობა. დღეს რომ მტკიცებულება მიიტანა იურისტთან, იურისტსაც კი გაეღიმა ამაზე და ეუბნებოდა, იცით რა, ნუ აღიქვამთ ამას სერიოზულად.

ჩვენ გვინდა შევქმნათ პრეცენდენტი, სადაც გამოჩნდება, რომ არის გარკვეული წესები და ეს ისჯება კანონით.”

პირველ ივლისს გავრცელებულ განცხადებაში კი ”დიფენბახის მენეჯერები წერენ: ”ჩვენთვის მიუღებელია კომპანია «რედიქსის» თანამშრომლების, ქალბატონების – მზია შარაშიძისა და მარიკა წულიკიძის განცხადებები, თუმცა, მეორეს მხრივ, გვესმის, რომ საქართველო დემოკრატიისკენ მიმავალ რთულ გზას ადგას. საზოგადოებამ, რომლისთვისაც არცთუ ისე შორეულ წარსულს წარმოადენს საბჭოთა კავშირი, რთულია მთელი სიმძაფრით შეიგრძნოს, თუ რას ნიშნავს გერმანელისთვის ფაშისტურ ნიადაგზე შეურაცხყოფის მიყენება.”

22 ივნისს დაუკავშირდა “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა კომპანია ”რედიქსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს მზია შარაშიძეს. ჩვენ მას ვკითხეთ,    რა პოზიცია აქვს კომპანია “რედიქსს” ამ საკითხთან დაკავშირებით:

”კომპანიას რა პოზიცია უნდა ჰქონდეს, საერთოდ, ამ საკითხთან დაკავშირებით? კომპანიას არანაირი ოფიციალური განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით არ გაუკეთებია. ეს არის პირადი კონფლიქტი, რომელიც სურთ, რომ გადაიტანონ კომპანიების დაპირისპირებაში, თუმცა, თქვენც ნახავდით, რომ ”რედიქსის” სახელით არანაირი ოფიციალური განცხადება არ ყოფილა გაკეთებული,” – გვითხრა მზია შარაშიძემ.

ნეტგაზეთი: – დიფენბახის მიმართ გაკეთებული განცხადებების ავტორები მართლა თქვენ და მარიკა წულუკიძე იყავით?

მზია შარაშიძე: როგორც კერძო პირს, მე მაქვს უფლება, რომ არანაირი კომენტარი არ გავცე ჟურნალისტებისთვის, რადგან ჩემს პირად ვოლზე მე საკუთარი საუბრების წარმოების უფლება მაქვს და აქედან გამომდინარე, ეს არ მიმაჩნია საჯაროდ გამოსატან დისკუსიად.”

დიფენბახის გერმანელი დამფუძნებელი რომ ჩივილს აპირებს?

-იჩივლონ, ნება მათია.

იქნებ მარიკა წულუკიძესთან დამაკავშიროთ, მისი პოზიციაც გვაინტერესებს

-რამდენადაც ვიცი, მარიკა წულუკიძესაც ჩემნაირი პოზიცია აქვს ზუსტად და ისიც ზუსტად იგივეს გეტყვით, რომ მისი პირადი, ოჯახური პრობლემების შესახებ ჟურნალისტებისთვის კომენტარის გაკეთება არ არის მიზანშეწონილი. თუ რომელიმე მხარე აპირებს ჩივილს, ეს არის აბსოლუტურად მათი ნება და შეუძლიათ, რა თქმა უნდა, იჩივლონ.

ინცინდენტის შემდეგ, ”დიფენბახის” დამფუძნებლებმა, რომლებიც გერმანიიდან სპეციალურად ამ ამბის გასარკვევად ჩამოვიდნენ, განაცხადეს, რომ საკონდიტრო ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას. ფეისბუქზე დაწყებული დაპირისპირების დროს საკონდიტროს ახალი შეკვეთების მიღება შეჩერებული ჰქონდა.

ამავე თემაზე:

სარჩელი ფეისბუქზე ფაშისტური გამონათქვამების გამო


მასალების გადაბეჭდვის წესი