საზოგადოება

ქორწილი ნაგავსაყრელზე

4 ივლისი, 2011 • 2560
ქორწილი ნაგავსაყრელზე

ეკო ქორწილი
ეკო ქორწილი

ცოტა ხნის წინ ქუთაისის ნაგავსაყრელზე  მხატვრებმა ქორწილი გადაიხადეს. იყო მუსიკა, შამპანური, ცეკვა და დიდი მხიარულება. ქორწილი ერთგვარი დაგვირგვინება იყო  პროექტისა, რომელიც ერთი წლის წინათ  დაიწყო. პროექტ “ეკო-არტის” იდეა  გერმანიაში “კლიმატისა და კულტურის” აკადემიის 2010 წლის “საზაფხულო აკადემიის” დროს დაიბადა. მას  ორგანიზებას აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გოეთეს ინსტიტუტი უწევდა.

 

“შარშანდელი საზაფხულო აკადემიის თემა იყო “კლიმატის ცვლილებები და ხელოვნება” . თუ როგორ შეიძლება ხელოვნება, ან მისი სხვადასხვა ჟანრები გამოიყენო იმისათვის, რომ მოსახლეობის ცნობიერება აამაღლო, დააფიქრო ადამიანები ამ პრობლემებზე და კიდევ ერთხელ შეახსენო , თუ რა პრობლემებს უქმნის კლიმატის ცვლილებები ზოგადად მოსახლეობას” – იხსენებს პროექტ “ეკო-არტის” იდეის ავტორი და  კოორდინატორი საქართველოში ქეთევან ცხაკაია.

 

 

ეკოლოგიური პლენერის ჩატარება, სლოგანით “კლიმატსა და ხელოვნებას საზღვრები არა აქვს”, სწორედ ქეთევან ცხაკაიას იდეა იყო, რომელსაც მხარი საზაფხულო აკადემიის მონაწილე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმაც დაუჭირეს. კერძოდ, რუსეთმა და უზბეკეთმა. იდეა ბოლოს პროექტად იქცა, რომელი პროექტის ფარგლებშიც ივნისში  ქუთაისში ეკოლოგიური პლენერი ჩატარდა. მასში მონაწილეობას სულ 9 მხატვარი იღებდა, 3 მხატვარი რუსეთიდან (სერგეი კალინინი, დიანა მაჩულინა, ევგენია კოზლოვა), 2 უზბეკეთიდან (ალექსეი კობზევი, კამილა გალიცკაია), 1 სომხეთიდან (მარინე ოვსეპიანი) და 3 საქართველოდან (ლევან ვეკუა, ბექა ბოლქვაძე, მაკა ბათიაშვილი). პლენერზე შექმნილი ნამუშევრები  კალენდრის სახით უკვე გამოიცა. მოგვიანებით იგეგმება ნახატების გამოფენა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ეკო-ქორწილის იდეა ეკოლოგიური პლენერის დასასრულს გაჩნდა.

 

“იდეა სპონტანური იყო. მართალია, დაგეგმილი გვქონდა აქცია, მაგრამ კონკრეტულად რას გავაკეთებდით, გადაწყვეტილი არ იყო. მხატვრებთან ერთად დილით  გელათში ვიყავით, სადაც ქართული ქორწილი ვნახეთ, მთელი თავისი პომპეზურობოთ. ნაშუადღევს კი ნაგავსაყრელზე წავედით. სწორედ მხატვრებმა შემოგვთავაზეს,  რომ ნაგავსაყრელზე ქორწილი გადაგვეხადა. თან რუსი მხატვრები– სერგეი კალინინი და დიანა მაჩულინა ცოლ-ქმარი არიან. აღმოჩნდა, რომ ქორწილი არ ჰქონდათ გადახდილი. გადავწყვიტეთ, ეკოაქცია მოგვეწყო, ქორწილი- პერფორმანსი.  ნაგავსაყრელზე არ ხდება იდენტიფიცირება, თუ სად ხდება მოქმედება, რომელ ქვეყანაში. ფაქტია, რომ ყველა ქვეყანაში, რომელთა წარმომადგენლებიც ეკო-ქორწილში იღებდენ მონაწილეობას,  ნაგავსაყრელებთან დაკავშირებით ანალოგიური სიტუაციაა. პრობლემა გლობალურია”, – ამბობს პროექტ “ეკო არტის” იდეის ავტორი და კოორდინატორი საქართველოში ქეთევან ცხაკაია.

 

“ჩვენ ყოველდღე დავდივართ ნაგავში, ყოველდღე რაღაცას ვზეიმობთ, მაგრამ ვერ ვამჩნევთ ამ პრობლემას. ბუნებრივობა გახდა, ქუჩაში ნაგავი ეყაროს, ჩვენ კი თვალი დავხუჭოთ ამ პრობლემაზე და მშვიდად ვიცხოვროთ,” – ამბობს მხატვარი ლევან ვეკუა, რომელიც პროექტის ერთ–ერთი მონაწილეა.

 

ქორწილი  უკვე ვიდეოარტად იქცა, რომელიც ქართველმა რეჟისორმა გიორგი ბანძელაძემ გადაიღო. 7– წუთიან ვიდეოარტში, რომლის პრემიერაც მალე შედგება, კარგად ჩანს, რომ ნაგავსაყრელზე ქორწილისათვის ერთგვარი  ბუნებრივი გარემოა შექმნილი. ნაგავი ხომ ყველგანაა, უბრალოდ, ერთი პატარა ქორწილისათვის  ცოტა ბევრია.

 

“ის პრობლემები, რაც დღეს ეკოლოგიას ეხება, ყველგან ძალიან აქტუალურია. ნაგვით სავსე ქუჩები და პარკები, გაჩეხილი ტყეები, დაბინძურებული ჰაერი და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი თუ შედარებით უმნიშვნელო დეტალი, რომელსაც ყოველ დღე ვაწყდებით, უკვე აღარავის უკვირს და, სამწუხაროდ, ბევრს არც აღელვებს. გარემოს დასაცავად ყველამ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი, თუნდაც პატარა. არადა, პირიქით ვიქცევით და ისედაც უკვე შელახულ დედამიწას საფუძვლიანად ვანადგურებთ და ვერ ვხვდებით, რომ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს ვუთხრით საფლავს. პროექტმა (ეკოარტი)  შესაძლებლობა მომცა, ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამომეხატა და თანამოაზრეებიც შემეძინა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან,“ – ამბობს რეჟისორი გიორგი ბანძელაძე.

 

რეჟისორის თქმით, მსგავსი პროექტების განხორციელება აუცილებელია, რადგან კაცობრიობა უკვე დგას იმ საფრთხის წინაშე, რასაც ეკოლოგიური კატასტროფა ჰქვია.

 

„უკვე დროა, შევიგნოთ, რომ თუ დღესვე არ მივხედავთ გარემოს, ხვალ არა თუ ჩვენს შვილებს და შვილთაშვილებს, არამედ ჩვენც არაფერი შეგვრჩება. ასე რომ, ვინც მომავალ თაობებზე არ ზრუნავთ, თქვენს  ხვალინდელ დღეზე მაინც იზრუნეთ. საზოგადოებამ ( მასში ვგულისხმობ საკუთარ თავსაც) გვერდიდან მინდა შეხედოს საკუთარ თავს, დაინახოს ნაკლოვანებანი, რაც აქვს, შეიცვალოს და ამაღლდეს ზნეობრივად. ვთხოვდი ყველას, რომ ქუჩაში სიგარეტის ნამწვავსაც ნუ გადააგდებთ, რადგან ეს არა მარტო აბინძურებს გარემოს, არამედ ჩვენი შინაგანი კულტურის და აღზრდის უქონლობაზეც მეტყველებს. დანარჩენ სათქმელს ალბათ თვითონ ფილმი იტყვის,“ – ამბობს გიორგი ბანძელაძე.

 

ეკოარტი  “ეკო ქორწილი” ნოვაციაა ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად  საზოგადოების ყურადღების მისაქცევად.

 

ეკო ქორწილი
ეკო ქორწილი

მასალების გადაბეჭდვის წესი