საზოგადოება

უთანხმოება რელიგიური ორგანიზაციების იურიდიული სტატუსის განსაზღვრისთვის

1 ივლისი, 2011 • • 1164
უთანხმოება რელიგიური ორგანიზაციების იურიდიული სტატუსის განსაზღვრისთვის

რომაულ კათოლიკურ ეკლესიას, სომხურ სამოციქულო წმინდა ეკლესიას, ევანგელურ–ბაპტისტურ ეკელსიას, ასევე მუსლიმთა და იუდეველთა თემებს შესაძლოა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭოთ. შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა დღეს, 1 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით დაამტკიცა. ქრისტიან-დემოკრატების აზრით ეს “ძალიან მგრძნობიარედ” აისახება მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობებში.

რელიგიური ორგანიზაციებისთვის იურიდიული სტატუსის განსაზღვრის შესახებ სამოქალაქო კოდექსში შესატან ცვლილებათა კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე  დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან, ლაშა თორდიამ წარადგინა. კანონპროექტის ინიციატორები არიან: ნუგზარ წიკლაური, ჩიორა თაქთაქიშვილი და ლაშა თორდია. ისინი აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვენ. კანონპროექტის პირველ განხილვას პარლამენტში პრეტენზიები მოჰყვა ქრისტიან დემოკრატების მხრიდან და მათ გარკვეული კითხვები გაუჩინა.

ლაშა თორდიას თქმით, არსებული სამოქალაქო კოდექსი ვერ ასახავს იმ რალობას, რომელიც რელიგიურ ორგანიზაციებთან დაკავშირებით  ზოგადად არსებობს საქართველოში. დეპუტატის თქმით, სახელმწიფოს სამართლის თვალსაზრისით, გარკვეული ბერკეტები აქვს რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის  შეჩერებისთვის, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და ყველა საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტთან. ლაშა თორდიამ კენჭისყრამდე თქვა, რომ კანონპროექტის კანონად მიღების შემთხვევაში, მოხდება სამართლებრივი შეუსაბამობის გასწორება და ხუთ რელიგიურ ორგანიზაციას, რომელიც კანონპროექტით არის წარმოდგენილი, მიენიჭება საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი. დეპუტატის ინფორმაციით,  მსგავსი ჩანაწერი სამოქალაქო კოდექსში აქამდეც იყო, მაგრამ ყოველთვის  მიმდინარეობდა იურიდიული პირების ტრანსფორმირების პროცესი, ახლა კი, როცა სამართლებრივი ბაზა საჯარო სამართლის იურიდიული პირებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შორის მოწესრიგებულია, კანონპროექტის ავტორებმა მიზანშეწონილად ჩათვალეს, რომ ეს სამართლებრივი შეუსაბამობა გაესწორებინათ.

კანონპროექტის წარდგენის შემდეგ ქრისტიან–დემოკრატმა ნიკა ლალიაშვილმა ლაშა თორდიას სთხოვა განემარტა, “რა მჭიდრო ისტორიული კავშირი გააჩნია საქართველოს ევანგელურ–ბაპტისტურ  ეკლესიას ჩვენს ქვეყანასთან და, საერთოდ, რამდენი ადამიანი არის ამ რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი საქართველოში?”

კითხვაზე ლაშა თორდიამ უპასუხა, რომ ყველა ის რელიგიური კავშირი, რომელიც კანონპროექტშია  წარმოდგენილი, “მართლაც მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს ისტორიას”.

“ ასევე მინდა მოგახსენოთ საქართველოს ევანგელურ–ბაპტისტურ ეკლესიასთან დაკავშირებით. ეს გაერთიანება საქართველოში მე–19 საუკუნეში არის ჩამოყალიბებული და მოიცავს ძალიან მრავალრიცხოვან მრევლს, შესაბამისად, ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ აღნიშნული რელიგიური გაერთიანებაც წარმოგვედგინა ამ კანონპროეტში,” – განაცხადა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან.

ნიკა ლალიაშვილის აზრით, “ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი.” ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ქრისტიან–დემოკრატებს აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მართლმადიდებელ რელიგიას ამ ქვეყანაში უნდა ჰქონდეს დომინანტური რელიგიის სტატუსი, რაც გულისმხობს იმას, რომ კონკორდატით გათვალისწინებული გარანტიები უნდა გადავიდეს უფრო მაღალ, კონსტიტუციურ ხარისხში და მართლმადიდებელ კლესიას უნდა მიეცეს უფრო ფართო უფლებამოსილებები ამ ქვეყანაში.

“ის[ქართული მართლმადიდებლური ეკლესია] ამას იმსახურებს ყველა იმ მონაცემებით, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ისტორიული, იმ მართლაც განსაკუთრებული ისტორიული როლის წყალობით და იმის წყალობით, რომ  დღეს თუ დგას საერთოდ საკითხი ქართული ეროვნული იდენტობისა, ეს ყველაფერი სწორედ მართლმადიდებლური ეკლესიის დამსახურებაა და სწორედ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას შეუწყო ხელი ამ უნივერსალურმა, ქართველობისთვის დამახასიათებელმა ინსტიტუციამ. გარდა ამისა, ჩვენ ვფიქროთ, რომ მართლმადიდებლობა არის სწორედ ის იდეა, რომელიც შეიძლება იქცეს საერთო,  გამაერთიანებელ იდეად ჩვენი ქვეყნისათვის და ყველა ქართველისთვის და ჩვენ ხაზს ვუსვამთ კიდევ ერთხელ მართლამდიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს და მოვითხოვთ, რომ ეს როლი სტატუსის სახით ასახული იყოს კონსტიტუციაში, – განაცხადა ქრისტიან–დემოკრატების წევრმა ნიკა ლალიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

დეპუტატის თქმით, მათთვის[ქრისტიან–დემოკრატებისთვის] მისაღებია, რომ ყველა ტრადიციულ კონფესიას საქართველოშ თავისი სტატუსი განესაზღვროს.

“როცა საუბარია ისეთ კონფესიებზე, რომელსაც ნამდვილად ვერ დავარქმევ ტრადიციულს და ვერანაირ მჭიდრო ისტორიულ კავშირს ჩვენი ქვეყნის ისტორიასთან, ბედ–იღბალთან თუ ბედისწერასთან ვერ ვხედავთ, ძალიან ბევრი შეკითხვა ჩნდება. მე ვფიქრობ, ეს ძალიან მგრძნობიარედ აისახება მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობებში, ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ასეთი საკითხების გადაწყვეტისაგან ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ და დავიზღვიოთ თავი და მივმართოით იმ ინსტანციას, რომელსაც ამ საკითხში პირველ რიგში მოეკითხება აზრი და ეს არის მართლმადიდებელი ეკლესია.  მანამდე, ვფიქრობ,  თავი უნდა შევიკავოთ ცალმხრივი გადაწყვეტილებისაგან. გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში თუ არის საკითხი დაძრული ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის გარკვეული სტატუსის მინიჭების თაობაზე,”– განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.

კანონპროექტის ამ ფორმით წარმოდგენა მიუღებელი აღმოჩნდა კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის, ჯონდი ბაღათურიასთვის. “მე მაინტერესებს, სხვამ რა დააშავა? რატომ დადგა დღეს დღის წესრიგში ამ კანონპროექტის წარდგენა?” – იკითხა დეპუტატმა.

ნიკა ლალიაშილის პრეტენზიებს უმრავლესობის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ და მათ ხაზი გაუსვეს ქართული მართლამდიდებელი ეკლესიის როლს ქვეყნის ცხოვრებაში. მათ შორის იყო პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც, რომელსაც მიაჩნია, რომ კანონპროექტის ამ ფორმით მიღება არ აკნინებს მართლამდიდებლური ეკელსიის როლს, რადგან მისი სტატუსი საკმაოდ მაღალი და მყარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი