საზოგადოება

ღრმად პატრიარქალური საქართველო

29 ივნისი, 2011 • • 2939
ღრმად პატრიარქალური საქართველო

მედიის განვითარების ფონდი მედიასაშუალებების მონიტორინგს ახორციელებს, სადაც ყოველთვიურად სხვადასხვა თემის გაშუქებას აკვირდებიან.

მონიტორინგის შედეგები გენდეტულ სტერეოტიპებზე ქართულ მედიაში კი, ავტორების თქმით, იმის საშუალებას იძლევა, რომ ითქვას: საქართველოში კვლავ ”ღრმად პატრიარქალური საზოგადოებაა”, გენდერული თანასწორობის პრობლემა მწვავედ დგას, ხოლო ჟურნალისტები გენდერული სტერეოტიპებით აზროვნებენ და ხელს უწყობენ სტერეოტიპების გაძლიერებას.

ქართულ მედიაში გენდერული ბალანსი არ არის დაცული

ქართულ მედიაში გენდერული ბალანსი არ არის დაცული. დისბალანსი, როგორც წესი, მამაკაცების სასარგებლოდ იხრება. როგორც სატელევიზიო, ისე ბეჭდვით მედიაში რესპონდენტებსა და კომენტატორებს შორის მამაკაცები ჭარბობენ,-აცხადებენ მონიტორინგის შედეგების ავტორები.

ქალი რესპონდენტების/კომენტატორების სიხშირე დამოკიდებულია იმ სფეროსა თუ საკითხზე, რომელიც შუქდება. არის საკითხები, სადაც ქალი რესპოდენტები  თითქმის არ ჩნდებიან. მონიტორინგის ავტორების აზრით, გენდერული ბალანსის დაცვა არ არის მედიასაშუალებების ერთგვარი წესი. რომლის გამონაკლისად ცალკეულ შემთხვევებში და ზოგადი ტენდენციების ფონზე ტელეკომპანია კავკასიას ასახელებენ.

მონიტორინგის განმავლობაში სექსისტური ენის გამოყენების მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

”ეს შედარებით ნაკლები პრობლემაა, ალბათ, იმიტომ, რომ ქალებზე ბევრი მასალა არ მზადდება”,-აცხადებენ მონიტორინგის ავტორები.

”გენდერის საკითხებში გაუთვითცნობიერებლობის გამო ჟურნალისტები უნებლიედ აძლიერებენ გენდერულ სტერეოტიპებს, აკნინებენ ქალების როლს საზოგადოებაში”.

გენდერული ბალანსის დაცვის მხრივ მდგომარეობა იდენტურია გაზეთებშიც და ტელემედიაშიაც.

ქალებთან დაკავშირებულ საკითხებზე სატელევიზიო სიუჟეტები და საგაზეთო მასალები იშვიათად მზადდება

ქალებზე და ქალებთან დაკავშირებულ საკითხებზე სატელევიზიო სიუჟეტები და საგაზეთო მასალები იშვიათად მზადდება.

ქალი რესპონდენტები, როგორც წესი, ტიტულოვანი ქალები არიან – თანამდებობის პირები, კულტურის თუ საზოგადო მოღვაწეები. მედია რიგითი ქალი მოქალაქეების მოსაზრებებით, როგორც წესი, არ ინტერესდება.

ოჯახური ძალადობა ”სახალისო” საკითხავი

ჟურნალისტები არ ფიქრობენ, თემის გაშუქებისას იქნება თუ არა საზიანო  რესპოდენტისთვის იდენტიფიცირება, როდესაც ისინი ოჯახური ძალადობის საკითხებს აშუქებენ.

1-ლი არხის 27 აპრილის საინფორმაციო გამოშვებაში (“მოამბე”) გავიდა სიუჟეტი ოჯახურ ძალადობაზე – 63 წლის ც.რ. მეუღლემ და შვილმა ჯერ სცემეს, მერე კი მეორე სართულის აივნიდან გადმოაგდეს. სიუჟეტის ავტორმა გაკვრით ახსენა სოციოლოგიური კვლევის შედეგები და ფსიქოლოგის ერთი კომენტარიც შესთავაზა აუდიტორიას. სიუჟეტში ნაჩვენები იყო დაზარალებული საავადმყოფოში; გადაიცა მისი კომენტარიც. თუმცა, სიუჟეტიდან აშკარად ჩანდა, რომ დაზარალებულს არ სურდა ამ ამბის გახმაურება: ცისმარ რევაზიშვილმა დაშავების სხვა ვერსია მოყვა – ფეხი დამიცდა და წავიქეციო.

ქალთა მიმართ ძალადობა და ქალი დამნაშავეების საკითხები, ჩვეულებრივ, შუქდება მაშინ, როდესაც ასეთი რამ ხდება, და შემოიფარგლება ამ ახალი ამბის აღწერით.

ყოველკვირეულ გაზეთ ქრონიკას აქვს მუდმივი რუბრიკა – ოჯახური ძალადობა, რომელშიც მოთხრობილია მამაკაცების მიერ მიტოვებული, მოტყუებული და ა.შ. ქალების ისტორიები.

”ეს რუბრიკა ყოველკვირეულ “სახალისო” საკითხავად არის ქცეული”,-აცხადებენ მონიტორინგის ავტორები. გამომდინარე იქიდან, რომ რუბრიკაში არ არის მნიშვნელოვანი საკითხები დასმული.

”მიგვაჩნია, რომ ამგვარი ისტორიების სახალისო საკითხავად  ქცევა აძლიერებს ქალთა სისუსტისა და ამ პრობლემის მეორეხარისხოვნების შესახებ სტერეოტიპებს”.

ჟურნალისტები ხშირად დაუსაბუთებლად აღნიშნავენ დამნაშავის სქესს.

ჟურნალისტების გენდერმგრძნობიარობა

”ჟურნალისტები უმეტესწილად გენდერული სტერეოტიპებით აზროვნებენ ”,- აცხადებენ მონიტორინგის ავტორები.

ტელეკომპანია იმედის 6 მაისის “ქრონიკაში” გავიდა სიუჟეტი –  „დღის შოუ“ ახალი მონაწილისთვის ემზადება; კასტინგის კვირეული. გაშუქებული იყო იმედის ერთ-ერთი პროგრამის თანაწამყვანის შესარჩევი კონკურსი. სიუჟეტში ძირითადად ქალის გარეგნობაზე მახვილდებოდა ყურადღება. მაგალითად, მასალაში ნაჩვენები იყო, როგორ ეკითხებიან ერთ-ერთ პრეტენდენტს (მართალია, ხუმრობით) მის სიმაღლეს, წონასა და წელის გარშემოწერილობას. სიუჟეტის ავტორი ვერც კი მიხვდა, რომ ამით აძლიერებდა სტერეოტიპს, თითქოს ქალში მთავარი გარეგნობაა.

მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა მხოლოდ ერთი მაგალითი – 1-ლი არხის მიერ მომზადებული მასალა მართვის მოწმობის აღების ასაკის შემცირებაზე, რომელიც გენდერული სტანდარტების დაცით იყო მომზადებული. ყველა სხვა დანარჩენი ან გენდერულ სტერეოტიპებს აძლიერებდა, ან ნეიტრალური იყო.

”ისეთი მასალები, რომლებიც ამყარებს არსებულ სტერეოტიპებს, უფრო მეტი იყო”,-ამბობენ მონიტორინგის ავტორები.

მონიტორინგი ერთი თვის მანძილზე 12 მედიასაშუალებაზე დაკვირვებით ხორციელდებოდა. 2011 წლის 11 აპრილიდან 11 მაისამდე. დაკვირვების ობიექტი 12 მედიასაშუალება – ხუთი ტელეარხი და შვიდი გაზეთი იყო. კერძოდ:

1-ლი არხი; რუსთავი 2; იმედი; მაესტრო; და კავკასია; რეზონანსი; ასავალ-დასავალი; ალია; კვირის პალიტრა; ქრონიკა; 24 საათი.

მონიტორინგი ფოკუსირებული იყო იმ ჟურნალისტურ მასალაზე, რომელშიც ქალები და ქალებთან დაკავშირებული საკითხები შუქდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი