საზოგადოება

სარჩელი ფეისბუქზე ფაშისტური გამონათქვამების გამო

22 ივნისი, 2011 • • 1713
სარჩელი ფეისბუქზე ფაშისტური გამონათქვამების გამო

საკონდიტრო კომპანია ”დიფენბახის” გერმანელი დამფუძნებელი შტეფანი დიფენბახი კომპანია ”რედიქსის” თანამშრომლებისგან – მზია შარაშიძისა და მარიკა წულუკიძისგან, მის მიმართ ფაშისტური გამონათქვამების გამო, სასამართლოს გზით, ბოდიშის მოხდას ითხოვს.

სამშენებლო კომპანია ”რედიქსის” თანამშრომლებსა და საკონდიტრო ”დიფენბახის” წარმომადგენლებს შორის ფეისბუქზე დაწყებულმა დაპირისპირებამ, შესაძლოა, სასამართლოში გადაინაცვლოს.

საკონდიტრო ”დიფენბახის” გერმანელი დამფუძნებელი შტეფანი დიფენბახი ”რედიქსის” თანამშრომლებისგან – მზია შარაშიძისა და მარიკა წულუკიძისგან, მის მიმართ ფაშისტური გამონათქვამების გამო, სასამართლოს გზით, ბოდიშის მოხდას ითხოვს. მზია შარაშიძე ”რედიქსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია, მარიკა წულუკიძე კი კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი.

დაპირისპირების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ”რედიქსის” თანამშრომლებს ”დიფენბახის” მიერ მათთვის მომზადებული ტორტი არ მოეწონათ, რაზეც პასუხისმგებლობა საკონდიტრომ სამშენებლო კომპანიის თანამშრომლებს  დააკისრა. საპასუხოდ კი ”რედიქსის” თანამშრომლებმა ”დიფენბახის” გერმანელი დამფუძნებელთან დაკავშირებით დამცინავად იკითხეს,  ”ჰიტლერის ნათესავი ხომ არ არის”  და ფეისბუქზე სხვა ნაცისტური მიმართვებიც დაწერეს.

”დიფენბახის”  ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე კომპანიის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ დაწერეს: ”კომპანია “რედიქსმა” 17 ივნისს შეგვიკვეთა ტორტი. შეკვეთამდე 2 დღით ადრე, ტელეფონით ჩვენ დაგვიკავშირდა “რედიქსის” თანამშროამელი ანა გაბუნია. მან გვთხოვა შეკვეთის აღება. ტორტის დიზაინი, რომელიც მათ მოითხოვეს, 2 დღეში არარეალური შესასრულებელი იყო და ამიტომ ჩვენმა მენეჯერმა შეკვეთის აღებაზე უარი განაცხადა. რამდენიმე საათში ისევ დარეკა “რედიქსის” იგივე თანამშრომელმა და ისევ გვთხოვა ტორტის შეკვეთა, მაგრამ გარკვეული კომპრომისის ხარჯზე. ჩვენი მენეჯერი და “რედიქსის” თანამშრომელი ისევ ვერ შეთანხმდნენ, რადგანაც ამ შემთხვევაში მათ მიერ შემოთავაზებული თანხა არ შეესაბამებოდა შეკვეთის სირთულეს და ჩვენმა მენეჯერმა განუცხადა: “ეს გამოვა ისეთი ტორტი, რომელიც არც ჩვენ და არც თქვენ არ შეგეფერებათ”.

რამდენიმე წუთში ისევ დარეკა “რედიქსის” თანამშრომელმა და თანხმობა განაცხადა მარტივ დიზაინზე. მთავარ ამოცანად დაისვა საკონფერენციო მაგიდა, რამდენიმე თანამშრომლის და მათი დირექტორის, ლაშა პაპაშვილის ფიგურა, ასევე, “რედიქსის” 3 სამომავლო პროექტის მარტივი ფიგურა. ფასი დადგინდა 500 ლარი, რადგანაც მათი განცხადებით, ეს იყო ტორტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი. ჩვენმა ყველა მომხმარებელმა იცის, რომ ჩვენ გვაქვს დაგემოვნების სერვისი, ჩვენ შევთავაზეთ საკონდიტროში მოსვლა, მაგრამ მათ მოუცლელობა დაასახელეს მიზეზად.”

შეკვეთილი ტორტით უკმაყოფილო დარჩა სამშენებლო კომპანია, რის გამოც მათ საკონდიტროს უსაყვედურეს. თავის მხრივ, საკონდიტრომ ასევე ფეისბუქზე მიმართა ყველა კორპორატიულ კლიენტს: ”მათ, ვინც შეგვიკვეთა და მათ ვინც აპირებს შეკვეთას, ამ შემთხვევაში კი “რედიქსის” დამკვეთებს:  “სასწაული ტორტი” არ კეთდება 2 დღეში. როდესაც გაქვთ კორპორატიული საღამო, კარგი იქნება, თუ მინიმუმ 7 დღით ადრე იზრუნებთ ჩვენთან ტორტის შეკვეთაზე. ის, რაც მოხდა “რედიქსი”-ს შემთხვევაში, ეწინააღმდეგება ჩვენს წესებს.”

”დიფენბახის” ეს განცხადება არ მოეწონათ ”რედიქსში”. საკონდიტროს მთავარმა მენეჯერმა, ელენე მაცხონაშვილმა ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ განცხადების გამოქვეყნებიდან მალევე ”დიფენბახის” დირექტორს, გიორგი ლომსაძეს დაუკავშირდა “რედიქსის” გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი მარიკა წულუკიძე და მას მუქარით მოსთხოვა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადების წაშლა.

მარიკა წულუკიძის მოთხოვნას საკონდიტროში არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც ”დიფენბახის” ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ”რედიქსის” თანამშრომლებმა საკონდიტროს გერმანელი დამფუძნებლისთვის შეურაცხმყოფელი კომენტარები გამოაქვეყნეს.

”დიფენბახის” მიერ შენახულ ”სქრინშოთებზე” ჩანს მარიკა წულუკიძის კომენატრები:

”მათი ფრაუ ნეტავ ჰიტლერის ნათესავი ხომ არ არის?”

”ბლოგერები ძალიან საღად მოაზროვნე ხალხი არიან ჩემო სანდრო. შენ ეტყობა დიფენდრახმა მისი მყრალი ტორტებით მოგშხამა :::)

”ზიგ ჰაელ დიფენდრახ!”

”კიდევ ერთხელ ზიგ ჰაელ!”

საკონდიტროს გერმანელმა დამფუძნებელმა შტეფანი დიფენბახმა კომპანია “რედიქსის” ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ქსენოფობური კომენტარების “სქრინშოთი” და მიმართვა, რომ შეწყდეს სამშენებლო კომპანიის თანამშრომლების მხრიდან როგორც “დიფენბახის”, ასეევ მისი თანამშრომლებისა და პირადად შტეფანი დიფენბახის შეურაცხყოფა.

”დიფენბახის” ინფორმაციით, “რედიქსის” გვერდიდან მიმართვა გაქრა და საკონდიტროს სოციალური ქსელის გვერდებიდან დაიბლოკა მათ გვერდზე წვდომა.

”ჩვენ ვაპირებთ ჩვენი კომპანიისა და მისი გერმანელი დამფუძნებლის, შტეფანი დიფენბახის ინტერესების და ღირსების დაცვას სასამართლოს გზით. ამიტომ, გვაინტერესებს, ემთხვევა თუ არა კომპანია “რედიქს”-ის ოფიციალური პოზიცია მათი თანამშრომლების, მარიკა წულუკიძის და მზია შარაშიძის პოზიციას და იზიარებენ თუ არა ისინი ქსენოფობურ და შეურაცხმყოფელ კომენტარებს?”-უთხრა “ნეტგაზეთს” დიფენბახის მთავარმა მენეჯერმა ელენე მაცხონაშვილმა.

მისი თქმით, შტეფანი დიფენბახი უკვე ესაუბრა იურისტებს და ის სასამართლოსთვის ემზადება. გარდა ”რედიქსისა”, ”დიფენბახი სასამართლოში ცილისწამებისთვის უჩივის ”პიარსკოლას”. სამშენებლო კომპანიასა და დიფენბახს შორის დაპირისპირების შემდეგ ”პიარსკოლამ” ფეისბუქისა და ტვიტერის ანგარიშზე გამოაქვეყნა სტატუსი: ”ყველა ჩემს მეგობარს მოვუწოდებ: არ ჭამოთ დიფენბახის ტორტი! მოგწამლავენ!”

22 ივნისის მდგომარეობით ”პიარსკოლის” ოფიციალური გვერდი 11 080 ადამიანს აქვს მოწონებული.

”დღეს ქალბატონი შტეფანი დიფენბახი იყო იურისტებთან და საკამოდ გაღიზიანებული დაბრუნდა თუნდაც იმიტომ, რომ ისინი არასერიოზულად აღიქვამენ ფაშისტურ თავდასხმებს. ის, რომ გერმანიის მოქალაქეს უწოდო ფაშისტი, ადოლფ ჰიტლერის ნათესავი, იძახო ”ზიგ ჰაილ”, ჰგონიათ, რომ არის ხუმრობა. დღეს რომ მტკიცებულება მიიტანა იურისტთან, იურისტსაც კი გაეღიმა ამაზე და ეუბნებოდა, იცით რა, ნუ აღიქვამთ ამას სერიოზულად.

ჩვენ გვინდა შევქმნათ პრეცენდენტი, სადაც გამოჩნდება, რომ არის გარკვეული წესები და ეს ისჯება კანონით,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ელენე მაცხონაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გერმანიიდან ჩამოვლენ ”დიფენბახის” სხვა დამფუძნებლები, ადგილზე გაერკვევიან სიტუაციაში, რის შემდეგაც გადაწყდება, საკონდიტრო საქართველოში გააგრძელებს თუ არა მუშაობას.

ელენე მაცხონაშვილის თქმით, მათ იურისტმა უთხრა, რომ რადგან კონფლიქტში ”რედიქსის” მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობენ, გარკვეული პასუხისმგებლობა სამშენებლო კომპანიასაც ეკისრება.

თავად შტეფანი დიფენბახმა საკონდიტროს ფეისბუქის ოფიციალურ გევრდზე გამოაქვეყნა განცხადება: ”მე, შტეფანი დიფენბეხი, კომპანია დიფენბეხის დამაარსებელი, პასუხს ვცემ რედიქსის თანამშრომელბს:
მე დაუყოვნებლივ მოვითხოვ შეჩერდეს ჩემდამი პირადად და ჩემი კომპანიისადმი ნაციონალისტური გზებით შეურაცხყოფა.
მე ველოდები ჩემს პარტნიორებს გერმანიიდან და ერთად გადავწყვეტთ, რა ნაბიჯს გადავდგამთ თქვენი თანამშრომელბის: მზია შარაშენიძისა და მარიკა წულუკიძის მიმართ.
მე პირადად ვგრძნობ თავს შეურაცხყოფილად, რადგან წლების განმავლობაში ვცხოვრობდი თბილისში და ქართველები, ქართული კულტურა და თქვენი ხალხი ძალიან მიყვარს. ჩემი კომპანიის მანდ ჩამოტანით მინდოდა, რამე ახალი მომეტანა და შემომეთავაზებინა ქართველებისათვის და ქართული ეკონომიკისათვის.”

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა კომპანია ”რედიქსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს მზია შარაშიძეს. ჩვენ მას ვკითხეთ,    რა პოზიცია აქვს კომაპნია “რედიქსს” ამ საკითხთან დაკავშირებით:

”კომპანიას რა პოზიცია უნდა ჰქონდეს, საერთოდ, ამ საკითხთან დაკავშირებით? კომპანიას არანაირი ოფიციალური განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით არ გაუკეთებია. ეს არის პირადი კონფლიქტი, რომელიც სურთ, რომ გადაიტანონ კომპანიების დაპირისპირებაში, თუმცა, თქვენც ნახავდით, რომ ”რედიქსის” სახელით არანაირი ოფიციალური განცხადება არ ყოფილა გაკეთებული,” – გვითხრა მზია შარაშიძემ.

ნეტგაზეთი: – დიფენბახის მიმართ გაკეთებული განცხადებების ავტორები მართლა თქვენ და მარიკა წულუკიძე იყავით?

მზია შარაშიძე: როგორც კერძო პირს, მე მაქვს უფლება, რომ არანაირი კომენტარი არ გავცე ჟურნალისტებისთვის, რადგან ჩემს პირად ვოლზე მე საკუთარი საუბრების წარმოების უფლება მაქვს და აქედან გამომდინარე, ეს არ მიმაჩნია საჯაროდ გამოსატან დისკუსიად.”

-დიფენბახის გერმანელი დამფუძნებელი რომ ჩივილს აპირებს?

-იჩივლონ, ნება მათია.

-იქნებ მარიკა წულუკიძესთან დამაკავშიროთ, მისი პოზიციაც გვაინტერესებს

-რამდენადაც ვიცი, მარიკა წულუკიძესაც ჩემნაირი პოზიცია აქვს ზუსტად და ისიც ზუსტად იგივეს გეტყვით, რომ მისი პირადი, ოჯახური პრობლემების შესახებ ჟურნალისტებისთვის კომენტარის გაკეთება არ არის მიზანშეწონილი. თუ რომელიმე მხარე აპირებს ჩივილს, ეს არის აბსოლუტურად მათი ნება და შეუძლიათ, რა თქმა უნდა, იჩივლონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი