საზოგადოება

საბჭოთა რეპრესიები: „აჭარის საქმე“

22 ივნისი, 2011 • 4797
საბჭოთა რეპრესიები: „აჭარის საქმე“

გასული საუკუნის 30-40-იან წლებში „ხალხის მტრების“  დევნაში მთელი საზოგადოება იყო ჩართული. „შეიკერა“  უამრავი საქმე, მათ შორის – „ შეთქმულება წითელ არმიაში“, „პარალელური ანტისაბჭოური ტროცკისტული ცენტრი“, „ლენინგრადის საქმე“, „ებრაელთა ანტიფაშისტური კომიტეტის საქმე“,  „ექიმთა საქმე“, „აჭარის საქმე“..

 

„აჭარის საქმეში“ მნიშვნელოვანი „ფიგურა“ ცაკის ყოფილი თავმჯდომარე აჭარაში ზექერია ლორთქიფანიძე იყო. მისი საქმის დასრულების შესახებ საარქივო მასალებსა და იმდროინდელ პრესაში წერია: „გარდაიცვალა 1937 წლის 28 სექტემბერს, გარდაცვალების მიზეზი _ დახვრეტილია“.

გაზეთი “საბჭოთა აჭარა”, კვირა, 26 სექტემბერი, 1937წ. #222

ამონარიდი ზექერია ლორთქიფანიძის ჩვენებიდან, რომელიც “საბჭოთა აჭარაში“ რამდენიმე გვერდზე გამოქვეყნდა:

“თავმჯდომარე რეჯებ ჯინჭარაძე: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ წაყენებულ ბრალდებაში?

ლორთქიფანიძე: დიახ, თავს დამნაშავედ ვცნობ.

თავმჯდომარე: უამბეთ სასამართლოს, რა კონტრრევოლუციური, მავნებლურ-დივერსიული დანაშაულობანი ჩაიდინეთ, როდის ჩაებით კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში და რას ისახავდა ეს ორგანიზაცია მიზნად.

ლორთქიფანიძე: 1928წ. ვიყავი კავშირში ერთ-ერთ უცხო სახელმწიფოს დაზვერვის აგენტთან. ჩემი კონტრრევოლუციური მუშაობა მიმართული იყო აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამხობისა და კაპიტალიზმის აღდგენისკენ…

კონტრრევოლუციურ ორგანიზაციას ჰყავდა თავისი შტაბი, რომელსაც ალი გვარელოღლი მეთაურობდა…

1934 წელს მე, ჯემალ ქიქავასთან ერთად, შევხვდი ბათუმში ჩამოსულ ცნობილ ტროცკისტებს– სერებრიაკოვს და ქურდაძეს…

კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ცენტრი, რომელშიც შედიოდნენ: მე, ჯემალ ქიქავა, ზექერია ბერიძე, მუედინ სურმანიძე, ქიაზიმ ბასილაძე, რიზა ხოზრევანიძე და ოსმან დავითაძე, შემდეგში შეივსო ახალი წევრებით. ესენი იყვნენ: სულეიმან ზაქარიაძე, ოს. მოწყობილი, მემედ გვარიშვილი და ილიას მეგრელიძე“.

ამ  „აღიარების“ შემდეგ დახვრიტეს რამდენიმე ადამიანი: ლორთქიფანიძე ზ. _ აჭარის ცაკის ყოფილი თავმჯდომარე; ქიქავა ჯ.; რამიშვილი გ.; ლაღიძე გ.; მეგრელიძე ი.; ბასილაძე ქ.; ბეჟანიძე ს.; ძნელაძე ხ.; ჩალოღლი ხ.; რომანიძე ო.; ვანაძე ო.

ამ საქმის განხილვის დროს აჭარის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რეჯებ ჯინჭარაძე იყო, ხოლო აჭარის ასსრ პროკურორი  _ ი. კაპანაძე.

„გავაცამტვეროთ ფაშიზმის ქოფაკები“, „ძაღლებს ძაღლური სიკვდილი“, “შევმუსროთ გველის წიწილები“, „ცოფიანი ძაღლები უნდა დაიხვრიტონ“, „გავანადგუროთ ხალხის უბოროტესი მტრები“, „გავსრისოთ ქვეწარმავალნი“ –  მხოლოდ სათაურების მიხედვითაც ადვილი მისახვედრია, თუ როგორ აშუქებდა საბჭოთა პრესა „აჭარის საქმესთან“ დაკავშირებით დაკავებული ადამიანების სასამართლო პროცესებს.

საქმეში წერია: „აჭარის ცაკის ყოფილი თავმჯდომარე, ზექერია ლორთქიფანიძე ჯერ კიდევ 1928 წელს ჯაშუშური მიზნით დაუკავშირდა უცხოეთის ერთ-ერთი კაპიტალისტური სახელმწიფოს დაზვერვის წარმომადგენლებს და მისივე დავალებით  1933 წელს, ამავე საქმეზე ბრალდებულ ჯემალ ქიქავასთან ერთად, ხელმძღვანელობდა კონტრრევოლუციურ-მავნებლურ-დივერსიულ-ჯაშუშურ-ტერორისტულ სააჯანყებო ორგანიზაციას აჭარაში. ისინი დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ გაძევებულ ბეგებს, მოლებს და კულაკებს. მიზნად ისახავდნენ საბჭოთა წყობილების დამხობას აჭარაში“.

„აჭარის საქმის“ დასრულების შემდეგ პარტიის აჭარის ორგანიზაციის XVII კონფერენციაზე სტალინს ასე მიესალმნენ: “თქვენი ბრძნული მითითების საფუძველზე საქართველოს კპ (ბ) აჭარის პარტიულმა ორგანიზაციამ გაანადგურა ხალხის საზიზღარი მტრები, სისხლიანი ფაშიზმის ჯაშუშებისა და აგენტების საძაგელი ტროცკისტულ-ბუხარინული ბანდა და დაუნდობლად ძირკვავს მის ნაბოლარებს. სიტყვას გაძლევთ თქვენ, რომ აჭარის ბოლშევიკები ერთი წუთითაც კი არ მიეცემიან თვითდამშვიდებას, კიდევ უფრო აამაღლებენ რევოლუციურ სიფხიზლეს, ბოლომდე გამოამჟღავნებენ და დაუნდობლად მოსპობენ მტრის ნაბოლარებს, კიდევ უფრო მეტი ენერგიით იბრძოლებენ მავნებლობის სრული ლიკვიდაციისთვის, კომუნიზმის ახალი გამარჯვებისთვის“.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, როდესაც ზექერია ლორთქიფანიძესა და “აჭარის საქმის“ სხვა მონაწილეებს დახვრეტა მიუსაჯეს, ბათუმის ქუჩებში იმართებოდა აქციები იმის საჩვენებლად, რომ მოსწონდათ გამოტანილი განაჩენი.

საქმის მასალებში არაფერი წერია ზექერია ლორთქიფანიძის “მავნებლური გადაწყვეტილების“ _ აჭარის სოფლებში მოხარშული სიმინდის დათესვის შესახებ. არადა, მისი მემკვიდრეების ცნობით, ერთ-ერთი ძირითადი ბრალდება ეს იყო.

 

ხალხის მტრებისოჯახი

“აჭარის საქმის“  მონაწილეების განადგურების შემდეგ, ჯერი მათი ოჯახის წევრებზე მიდგა. დახვრიტეს ზექერია ლორთქიფანიძის დისშვილი სულეიმან ბეჟანიძე, ზექერიას შვილები _ დურსუნი და ქემალი ბავშვთა სახლში მიაბარეს, ხოლო მეუღლე, ესმა ლორთქიფანიძე ციმბირში გადაასახლეს 10 წლით, 1937 წლის 15 ოქტომბრის დადგენილებით.

მე-20 საუკუნის 30-იანი წლების აჭარის ერთ-ერთი გავლენიანი თანამდებობის პირის შესახებ მის შთამომავლებს საკმაოდ მწირი ინფორმაცია აქვთ. “გადმოცემით ვიცი, რომ იყო მოსკოვში, პირადად სტალინმა გადასცა ლენინის ორდენი. და როგორც კი დაბრუნდა, მაშინვე დააკავეს. ჩამოართვეს ლენინის ორდენიც.

ზექერიას ცოლი –  ესმა ლორთქიფანიძეც საკმაოდ გავლენიანი ოჯახიდან ყოფილა. ესმას მამის ოჯახის წევრებიც დაუხვრეტიათ. თვითონ ესმა კი, ქმრის დახვრეტის შემდეგ ციმბირში გადაასახლეს“, _ გვიყვება რუზანა ლორთქიფანიძე, ზექერიას შვილიშვილის, ნუგზარ ლორთქიფანიძის მეუღლე.

როცა ქალბატონი ესმა სახლში დაბრუნდა, 1947 წელს, ერთ-ერთი შვილი _ ქემალი დაოჯახებული დახვდა. ესმას ბათუმში ჩამოსვლა ეკრძალებოდა, ამიტომ შვილებთან ერთად ზექერიას სოფელში, უჩამბაში, დასახლდა.

ესმას ციმბირში ყოფნის წლებზე შვილებმა არაფერი იცოდნენ. ის იმდენად შეშინებული იყო, რომ იმ მძიმე 10 წლის შესახებ შვილებისთვისაც კი არაფერი მოუყოლია.  ერთ დღესაც ესმა მთავრობაში გამოიძახეს. ესმას ეგონა, რომ ისევ დაპატიმრებას უპირებდნენ. თუმცა მთავრობაში მას უთხრეს, რომ მისი ქმარი უკანონოდ გაასამართლეს და ის რეაბილიტირებულია. ესმას დაუბრუნეს საცხოვრებელი ბინაც ბათუმში, მაშინდელი სტალინის ქუჩაზე, უფრო ზუსტად, სანაცვლოდ ბინა გორკის ქუჩაზე გამოუყვეს.

ბედის ირონიით ესმა ლორთქიფანიძეს 1960 წელში დაუბრუნეს თავისი ქმრის სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ მისი ქმრისთვის წართმეული ლენინის ორდენი, იმავე წლის 27 დეკემბერს კი მისი ორი თვის ხელფასი – 8000 მანეთიც აუნაზღაურეს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი