საზოგადოება

ევროკომისიის დასკვნის მიხედვით, უვიზო რეჟიმი საქართველოდან მასობრივ მიგრაციას არ გამოიწვევს

10 მარტი, 2016 • 3149
ევროკომისიის დასკვნის მიხედვით, უვიზო რეჟიმი საქართველოდან მასობრივ მიგრაციას არ გამოიწვევს

“მოსალოდნელია, რომ მგზავრობის გამარტივებული პროცედურები განაპირობებს საქართველოდან ევროკავშირში და პირიქით, ცირკულარული მიგრაციული ნაკადების ზრდას, თუმცა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია არ გამოიწვევს მასობრივ მიგრაციას”, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის მიერ მომზადებულ სამუშაო დოკუმენტში, რომელსაც “უსაფრთხოებასა და მიგრაციულ საკითხთა ზეგავლენის შეფასება ჰქვია.

ესაა სამუშაო დოკუმენტი, რომელიც ევროკომისიამ საქართველოსა და EU-ს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის ფარგლებში მოამზადა. ეს დოკუმენტი თან ახლავს ევროკომისიის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ამ უკანასკნელმა ევროპარლამენტსა და მინისტრთა საბჭოს მიმართა საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ზონაში სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით.

სამუშაო დოკუმენტშია განხილულია ის სავარაუდო რისკები და ზეგავლენა, რომელსაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმება გამოიწვევს, როგორც მიგრაციული ნაკადების, ასევე უსაფრთხოების თემების მიმართულებით.

“წარმოდგენილი დოკუმენტი მიზნად ისახავს, მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინოს ახალი ფენომენები და ტენდენციები მიგრაციის, მობილურობისა და უსაფრთხოების სფეროებში საქართველოსთან და იმ სავარაუდო ზეგავლენასთან მიმართებაში, რომელიც შესაძლოა უვიზო რეჟიმმა იქონიოს ევროკავშირისა და შენგენის სივრცისათვის. წინამდებარე განახლებული დოკუმენტი ასახავს 2015 წლის ოქტომბრისთვის არსებულ მდგომარეობას და, შესაბამისად, მოკლედ ახასიათებს სიტუაციას”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

გთავაზობთ ევროკომისიის მიერ მომზადებული სამუშაო დოკუმენტის ნაწილს, რომელიც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პოტენციურ რისკებსა და გავლენებს განიხილავს მიგრაციული ნაკადების კუთხით. უფრო ვრცლად ზემხსენებულ დოკუმენტს, მათ შორის მონაცემებსა და რიცხვებს რის საფუძველზეც ქვემოთ მოცემული შეფასებები კეთდება, შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

უვიზო რეჟიმის პოტენციური შედეგები

მოსალოდნელია, რომ მგზავრობის გამარტივებული პროცედურები განაპირობებს საქართველოდან ევროკავშირში და პირიქით ცირკულარული მიგრაციული ნაკადების ზრდას, თუმცა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია არ გამოიწვევს მასობრივ მიგრაციას. უფრო სავარაუდოა, რომ მან ხელი შეუწყოს რეგულარულ დროებით და ცირკულარულ მიგრაციას და განამტკიცოს ხალხებს შორის კავშირები.

თუ შემოღებული იქნა ევროკავშირთან/შენგენის სივრცესთან უვიზო რეჟიმი, ქართველ მიგრანტთა ნაკადები სავარაუდოდ უფრო თვითრეგულირებადი და რეგულირებული გახდება. რაც შეეხება შრომით მიგრაციას, როდესაც არ იქნება მოთხოვნა კონკრეტულ პროფესიებზე, საქართველოს მოქალაქეები ან თავს შეიკავებენ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლისგან, ან დატოვებენ ევროკავშირის ტერიტორიას და არ შეეშინდებათ, რომ ვეღარ დაბრუნდებიან, თუკი უკეთესი ეკონომიკური შესაძლებლობები გამოუჩნდებათ.

გარდა ამისა, საქართველოს მოსახლეობის შედარებით მცირე რაოდენობის (5 მილიონზე ნაკლები) გამო მიგრაციის ნაკადები სავარაუდოდ შედარებით მცირე იქნება. ასევე, არ არსებობს პირდაპირი სახმელეთო საზღვარი საქართველოსთან, ხოლო პირდაპირი ფრენები საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის არ არის ბევრი.

რაც შეეხება არარეგულარული მიგრაციის ტენდენციებს, ევროკავშირში მოხვედრის მეთოდების სახით ქართველები მიმართავენ როგორც ევროკავშირის ტერიტორიაზე ლეგალურად შესვლის ბოროტად გამოყენებას, ისე (ნაკლებად) საზღვრის უკანონო გადაკვეთას. იზრდება იმ ქართველების გამოვლენის შემთხვევათა რაოდენობა, რომლებიც აჭარბებენ მათ სამგზავრო ვიზაში მითითებული დროის კანონიერ ლიმიტს.

ძალზე სავარაუდოა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდეგ modus operandi კვლავ დაკავშირებული იქნება ევროკავშირის ტერიტორიაზე ლეგალურად შესვლის ბოროტად გამოყენებასთან; თუმცა უვიზო რეჟიმის პროცედურებმა შესაძლოა შეარბილოს ეს ტენდენცია.

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის საფუძველზე საქართველომ 2013 წლის შემდეგ მოახდინა თავისი მიგრაციის მართვის პოლიტიკის მოდერნიზება და განახორციელა რიგი სისტემური რეფორმებისა იმიგრაციისა და ემიგრაციის კონტროლის მიზნით. საქართველოს ხელისუფლებამ ასევე შეიმუშავა მიზნობრივი საინფორმაციო კამპანიები სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, აქცენტით ევროკავშირში ლეგალურად ნებადართული ყოფნის ვადის დარღვევის უარყოფით შედეგებზე, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის აკრძალვაზე, და ასევე ყურადღების გამახვილებით საქართველოში არსებულ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე.

აღნიშნული კამპანიები მიზნად ისახავდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არალეგალურად დარჩენილ ქართველთა რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანას. მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაზე საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის პროექტიც ამახვილებს ყურადღებას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პოტენციურ ემიგრანტებს კონსულტაციას უწევს ოთხი მობილურობის ცენტრი,  რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფარგლებში მოქმედებს (მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით).

უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთთან და ისრაელთან გვაჩვენებს, რომ ქართველი მიგრანტების ორგანიზებული მიმოსვლა ქვეყანაში კანონიერად ყოფნის სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში ზოგადად სათანადოდ, განსაზღვრული დებულებების საფუძველზე ხდება.

უვიზო რეჟიმის პოტენციური შედეგები თავშესაფრების მოთხოვნის კუთხით ევროკავშირში

არსებობს იმის ალბათობა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შედეგად თავშესაფარზე განაცხადების რაოდენობა საქართველოს მოქალაქეებისგან გააგრძელებს კლებას, ვინაიდან თავშესაფრის მოპოვების პროცედურის გამოყენება შეიძლება ჩაითვალოს ნაკლებად აუცილებლად ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ან შენგენის სივრცესთან ასოცირებულ სახელმწიფოებში ყოფნისთვის. და პირიქით, ამჟამინდელი ნაკადების კონტექსტში უვიზო რეჟიმის ერთ-ერთი შედეგი შეიძლება იყოს თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა ლეგალური მგზავრობის არხების გახსნის შედეგად, რაც თავშესაფრის მოპოვების პროცედურას უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

აღნიშნულ კონტექსტში შესაძლებელია ასევე გაიზარდოს ქართველი თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობა, თუ ის ქართველები, ვინც აჭარბებს ევროკავშირის ქვეყანაში ყოფნის ნებადართულ ვადას, შეიტანენ განცხადებას საერთაშორისო დაცვის საჭიროებაზე ევროკავშირში მათი ყოფნის ლგალიზების საშუალების სახით.

Frontex-ი აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის შემთხვევათა გამოვლენისას ისინი, ჩვეულებრივ, ითხოვენ თავშესაფარს, თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში მოთავსებისგან თავის არიდების მცდელობით, რათა გააგრძელონ გზა საბოლოო დანიშნულების თავიანთი პრიორიტეტული ქვეყნებისაკენ.

რაც შეეხება შენგენის სივრცის წევრ სახელმწიფოთა თავშესაფრის სისტემების შესაძლო ბოროტად გამოყენებას საქართველოს მოქალაქეების მიერ, მიუხედავად მინიჭების/აღიარების დაბალი კოეფიციენტისა, საქართველოს შეტანა წევრ სახელმწიფოთა სიებში, სადაც ფიქსირდებიან წარმომავლობის უსაფრთხო ქვეყნები, შესაძლოა კიდევ ერთი საშუალება აღმოჩნდეს თავშესაფრის სისტემების ბოროტად გამოყენების პრევენციისათვის.

საქართველო ასევე ეფექტიანად ახორციელებს ევროკავშირთან გაფორმებულ რეადმისიის შეთანხმებას. თუმცა თავშესაფარზე განაცხადებთან დაკავშირებული სხვა დამაფიქრებელი საკითხები ეხება საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა ხანგრძლივ ცხოვრებას: მათთვის ევროკავშირში ემიგრაცია შესაძლოა სამომავლო ვარიანტი იყოს, თუ არ მიიღებენ საკმარის მიზნობრივ სახელმწიფო სოციალურ დახმარებას (ოჯახებისა და ბავშვების დახმარებას, იურიდიულ დახმარებას, განათლებისა და დასაქმების წინადადებებს, საპენსიო ფონდების გარანტიას და ა.შ.).

იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის გარანტირების, ასევე მათი რეინტეგრაციის მიზნით და პრობლემის ხანგრძლივი გადაწყვეტის უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობამ 2007 წელს მიიღო იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია, რომლის განხორციელებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ხელმძღვანელობს.

გრძელვადიანი სტრატეგია ითვალისწინებს დევნილთათვის საცხოვრებლით, სოციალურ და დასაქმებაში დახმარებას.

მონაცემები ცხადყოფს, რომ ახალმა პოლიტიკურმა კრიზისმა ან შეიარაღებულმა კონფლიქტმა შესაძლოა გამოიწვიოს ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მყისიერი ზრდა. თუმცა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ინფორმაციით, საქართველოსა და რუსეთს შორის კიდევ ერთი ძალადობრივი შეიარაღებული კონფლიქტის ალბათობა დაბალია და ამიტომ არ არსებობს მიზეზი იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში ველოდეთ საქართველოდან ლტოლვილთა/თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის სწრაფ ზრდას.

უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული ძირითადი დასკვნების შეჯამება

უახლესი მონაცემები და ხელმისაწვდომი ინფორმაცია მიუთითებს მიგრაციისა და უსაფრთხოების სფეროებში მოვლენების ყველაზე მეტად სავარაუდო განვითარებაზე, ასევე იმაზე, რომ ევროკავშირი რჩება მიმზიდველ ადგილად მიგრანტებისათვის საქართველოდან. შესაბამისად, საჭიროა მიგრაციასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პოტენციური გამოწვევების მონიტორინგი.

ძირითადი პოტენციური შედეგები მიგრაციის ტენდენციებისთვის

(ა) 2013 წელს სხვადასხვა წევრ სახელმწიფოში არალეგალურად ცხოვრობდა საქართველოს დაახლოებით 66 000 მოქალაქე. ყველაზე ბოლოდროინდელი ტენდენციები გვაჩვენებს ევროკავშირში მიგრაციისადმი მზარდ ინტერსს. საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია შეამცირებს შენგენის სივრცეში მგზავრობასთან დაკავშირებულ ბარიერებს, ხელს შეუწყობს არსებული რეგულარულ დროებით და ცირკულარულ მიგრაციას და განამტკიცებს ხალხებს შორის კონტაქტებს. თუმცა საქართველოს შედარებით მცირერიცხოვანი მოსახლეობის გათვალისწინებით ეს ნაკადები დაბალ დონეზე უნდა დარჩეს. საქართველო არ შედის ევროკავშირში მიგრანტთა წარმომადვლობის ძირითადი ქვეყნების რიცხვში.

(ბ) თუ გავითვალისწინებთ საქართველოში არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ პერსპექტივებს, ევროკავშირი მიმზიდველი ადგილია საქართველოდან წასული შრომითი მიგრანტებისათვის. გარდა ამისა, ძალზე სავარაუდოა, რომ გაიზრდება მოთხოვნა ბინადრობის ნებართვებზე. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს ემიგრაციის ნაკადები, საქართველომ უახლოეს მომავალში ფართო ეკონომიკური შესაძლებლობები უნდა უზრუნველყოს. საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომავალშიც უნდა იყოს ეკონომიკური განვითარება როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივ დონეებზე.

(გ) მუდმივად იცვლება ქართველი უკანონო მიგრანტების modus operandi, ვინაიდან შენგენის სივრცეში მოხვედრის მეთოდების სახით ისინი მიმართავენ როგორც საზღვრის უკანონო გადაკვეთას და თავშესაფრის მინიჭებაზე განაცხადების შეტანას, ისე ევროკავშირის ტერიტორიაზე ლეგალურად შესვლის ბოროტად გამოყენებას, როგორც ამას ცხადყოფს იმ ქართველების გამოვლენის შემთხვევათა რაოდენობის ზრდა, რომლებიც აჭარბებენ მათ სამგზავრო ვიზაში მითითებული დროის კანონიერ ლიმიტს. ძალზე სავარაუდოა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემთხვევაში modus operandi კვლავ დაკავშირებული იქნება ევროკავშირის ტერიტორიაზე ლეგალურად შესვლის ბოროტად გამოყენებასთან; თუმცა უვიზო რეჟიმის პროცედურებმა შესაძლოა შეარბილოს ეს ტენდენცია.

(დ) არსებობს იმის ალბათობა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შედეგად საქართველოს მოქალაქეებისგან თავშესაფარზე განაცხადების რაოდენობა გააგრძელებს კლებას, ვინაიდან თავშესაფრის მოპოვების არხი აღარ ჩაითვალება საუკეთესო გზად ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში შესასვლელად. მეორე მხრივ, მიუხედავად მინიჭების/აღიარების საშუალოდ დაბალი კოეფიციენტის და თავშესაფარზე განაცხადების რაოდენობის კლების ამჟამინდელი ტენდენციისა, უვიზო რეჟიმის ერთ-ერთი შედეგი შეიძლება იყოს თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა ლეგალური გადაადგილების არხების გახსნის შედეგად, რაც თავშესაფრის მოპოვების პროცედურას უფრო ხელმისაწვდომს გახდის. არსებობს ასევე იმის შესაძლებლობაც, რომ თავშესაფრის პროცედურა გამოყენებული იქნეს ევროკავშირის ყოფნის კანონიერი ვადის გადაჭარბების ლეგალიზების მეთოდის სახით დაბრუნების პროცედურების თავიდან აცილების მიზნით.

(ე) შეიარაღებული კონფლიქტებისა თუ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძვრების შედეგად, როგორც ეს წარსულში მოხდა, შენგენის სივრცე იქნება მიმზიდველი ადგილი თავშესაფრის მაძიებელთათვის და ამიტომ არ უნდა გამოვრიცხოთ თავშესაფარზე განაცხადების რაოდენობის და ემიგრაციის სწრაფი ზრდა ახალი შეიარაღებული კონფლიქტისა და ამ კონფლიქტს გაქცეული იძულებით გადაადგილებული პირების რაოდენობის შემდგომი ზრდის შედეგად.

ზეგავლენის შემსუბუქების ზომები, რომელთა განხორციელება შეუძლიათ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება განახორციელონ შემდეგი ღონისძიებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ლეგალური მიგრაციის არხების ჩამოყალიბების ხელშესაწყობად:  

უფრო აქტიურად იმუშაონ საქართველოს ხელისუფლებასთან ცირკულარული/დროებითი/სეზონური მიგრაციის სქემების დანერგვაზე ევროკავშირში საქართველოს იმ მოქალაქეების ლეგალური მიგრაციის ხელშესაწყობად, რომლებიც აკმაყოფილებენ დადგენილ მოთხოვნებს;  

იმუშაონ ლეგალური არხების დასანერგად, რომელთა მეშვეობით საქართველოდან მიგრანტები, რომლებიც უკანონო მდგომარეობაში არიან, შეძლებენ მათი სტატუსის ლეგალიზებას, იმ პირობით, რომ ისინი აკმაყოფილებენ დადგენილ მოთხოვნებს და შეესაბამებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შრომის ბაზრების საჭიროებებს;  

უზრუნველყონ შესაძლებლობები საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებლებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, რომ მათ გაიხანგრძლივონ ევროკავშირში ყოფნა სამუშაოს მიზნებისათვის;  

ითანამშრომლონ საქართველოს ხელისუფლებასთან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ქართველი შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვის ზოგადად გასაუმჯობესებლად, კერძოდ კი სოციალური შემწეობების ერთი ქვეყნიდან მეორეში გადატანის (social benefit transfer system) სისტემის ჩამოსაყალიბებლად;  
გადასინჯონ თავშესაფრის შესახებ განაცხადების დამუშავებისადმი მიდგომა და პროცედურები, განსაკუთრებით ევროკავშირის იმ წევრ სახელმწიფოებში, სადაც განსაკუთრებით დიდია თავშესაფარზე განაცხადების რაოდენობა, რათა შეამსუბუქონ თავშესაფრის მიღების სიკეთეებით ბოროტად სარგებლობა. გააგრძელონ ევროკავშირთან გაფორმებული რეადმისიის შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება თითოეული წევრი სახელმწიფოს დონეზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი