საზოგადოება

მე ვისაც გავაგდებ, არც შენ მიიღო

2 ივნისი, 2011 • 1383
მე ვისაც გავაგდებ, არც შენ მიიღო

“ეს ფეოდალიზმია _ უვარგისი მონა!”, “მაგ სიის შექმნა რთული იქნება! ჯერ ერთი, ამით ჩემს პირად ინფორმაციას გასცემს! მეორეც, რამდენად სამართლიანად გაუშვებს წინა სამსახური, ეგეც გასარკვევია და მესამეც, ადამიანი, რომელიც სასჯელს მოიხდის, შემდეგ აქვს უფლება, დასაქმდეს! ამ სიის შექმნის ინიციატორები კი ამბობენ, რომ ამ ხალხისთვის “ცხოვრება მთავრდება” _ ამ კომენტარებით სოციალურ ქსელში კომპანია “ნიკორას” ინიციატივას ეხმიანებიან. იდეა ერთიანი საკადრო ბაზის შექმნას გულისხმობს, სადაც სამუშაოს მაძიებლის შესახებ რეკომენდაციები განთავსდება.

 

 

საქართველოს პროფესიული კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე, ილია ვერძაძე ამ ინიციატივის გაცნობის შემდეგ გაოცებას ვერ მალავს. ამბობს, რომ იდეას განხორციელება არ უწერია და თუ ეს ბაზა მაინც შეიქმნა, მას პროფკავშირები დაუპირისპირდება: “არც ერთი კომპანია არ იტყვის, ნახეთ, მე რა კარგი კადრი მყავს და აბა, თქვენ იცით, როგორ წამართმევთო. ეს აბსურდია და გამოვრიცხოთ. მაშინ რა გამოდის?! დამსაქმებელი არა მარტო უშვებს სამსახურიდან თანამშრომელს და სჯის ამით, არამედ იმდენად გაბოროტებული და დაბოღმილია, რომ სასიკვდილოდ იმეტებს. მე გავუშვებ, მაგრამ არც შენ აიყვანო _ ეს ფეოდალური მიდგომაა. თუ ადამიანმა ჩათვალა (რისი უფლებაც მას აქვს), რომ მას უსამართლოდ ექცევიან და რაღაც ისეთი გააკეთა, რაც დამსაქმებელს არ მოეწონა, ეს კაცი დაღუპულია”.

იდეას “მკვდრად შობილს” უწოდებს პიარისა და მარკეტინგის კომპანია “ჯეპრას” ხელმძღვანელი სოსო გალუმაშვილიც. ის ამბობს, რომ შესაძლებელია სიაში სუბიექტური გადაწყვეტილებით მოხვდეს ადამიანი, თუმცა მას ასევე აინტერესებს ამ ინიციატივის ავტორების მოსაზრებებიც: “ჩვენ ვხედავთ მხოლოდ აისბერგის თავს. ფაქტია, რომ “ნიკორამ” ეს ინიციატივა გააჟღერა. კარგი იქნებოდა, აეხსნა, რას ელოდება. “ნიკორას” საკმაოდ კარგი მენეჯმენტი აქვს, ამიტომაც განსაკუთრებით საინტერესოა, რამ უბიძგა მას ამ იდეისკენ”.

“ნიკორას” ადმინისტრირებისა და პერსონალის მართვის დეპარტამენტის დირექტორი ლილი ბიბილაშვილი: “ეს კეთდება დაქირავებულების საკეთილდღეოდ. ეს არის საინფორმაციო ბაზა იმისთვის, რომ ინფორმაცია მოვიპოვოთ მომავალი თანამშრომლების შესახებ. ეს აქამდეც ხდებოდა ნაცნობობით, კარგი ან ცუდი დახასიათებით. ამიტომაც ვთქვით, რომ შევქმნათ ბაზა და განვათავსოთ საიტზე. ახლა იმაზე ვმუშაობთ, რა დოკუმენტებით დავიყვანოთ სუბიექტივიზმი მინიმუმამდე. ეს არის განათლება, გამოცდილება, შესრულებული სამუშაოს ხარისხი. ამაში ჩართულია პროფკავშირები და იურისტებიც. ხელშეკრულებას ვადგენთ, სადაც ჩადებული იქნება პუნქტი _ თუ დაქირავებულს არ სურს ეს ინფორმაცია იყოს საჯარო, ის არ გაცხადდება”.

“ბათუმელები” “ნიკორას” ბათუმის რამდენიმე მაღაზიასაც ეწვია და მოისმინა, რომ მენეჯმენტის თვალსაზრისით აქ მთლად სახარბიელოდ არ არის საქმე. ინკოგნიტოდ დარჩენის მსურველმა რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ “ნიკორაში” კადრების გადინების პრობლემაა: “ნიკორაში” ნამუშევარ თანამშრომლებზე ტაციობაა. თუ ადამიანი აქ რაღაც დრომდე იმუშავებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ბევრი ტესტი აქვს გავლილი, მათ შორის გამძლეობაზეც”.

თანამშრომლის დასაქმების დროს “ნიკორას” ადმინისტრაცია თავიდანვე აფრთხილებს მას, რომ მძიმე სამუშაო პირობა ექნება. ყოველ სამუშაო დღეზე ანაზღაურება ათი ლარია. სამუშაო დღე დილის 9 საათზე იწყება და საღამოს 10-ზე მთავრდება, ყველაზე რთული, თანამშრომლების თქმით, სმენის გადაბარების პროცესია: “ეს იმდენად მძიმე სამუშაოა, შეიძლება დილამდე მოგიწიოს თვლა. ასევე შრომატევადია შტრიხკოდების დაკვრის პროცესი, უმნიშვნელო შეცდომაზეც ჯარიმებია, ანაზღაურება კი _ დაბალი. აქ ვინც მუშაობს, როგორც კი გამოცდილებას მიიღებს, თუ შანსი მიეცემა, აუცილებლად მიდის. მეც უნდა ვცადო _ “ვაკის” მაღაზია გაიხსნა, სადაც ანაზღაურება დღეში 20 ლარია. იმედია, გამიმართლებს და გადავალ”.

რაც შეეხება ზარალს და მისგან დაცვის პრევენციას, თანამშრომლების თქმით, იქ იმდენად მკაცრი კონტროლია, რომ კომპანიის დაზარალება შეუძლებელია: “საქონელს ყოველი კვირის ბოლოს აღრიცხავენ. იმისთვის, რომ თანამშრომლად აგიყვანონ, რეკომენდატორი გჭირდება, რომელიც შენგან შექმნილი პრობლემის შემთხვევაში 500 ლარით ჯარიმდება. ამ ადამიანსაც ხომ ვერ დააზარალებ?! ამიტომ რისკი მინიმალურია’.

“ნიკორას” თანამშრომლებმა ხელმძღვანელის ინიციატივის შესახებ უკვე გაიგეს. “არ ველოდი, ნამდვილად. ხელფასების მომატებაზე არ მიდიან და ახლა ასე უნდათ ხალხის დაკავება”, _ ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.

“ნიკორას” ადმინისტრაციისა და კადრების მართვის მენეჯერი ამბობს, რომ ისინი არა თუ საკუთარ კადრებს უფრთხილდებიან, სხვებსაც კი იცავენ არაჯანსაღი კონკურენციისგან: “ჩვენ ამას არაოფიციალურად ისეც ვაკეთებთ. ვურეკავ ჩემს კოლეგას და ვეუბნები _ ეს კადრი მიმყავს და მოძებნე ვინმე შემცვლელი. ბიზნესს კონკურენციის გარდა პატიოსნების წესებიც აქვს”.

რაც შეეხება ზარალს, რომელიც შესაძლებელია მაინც მიადგეს ამა თუ იმ კომპანიას დაქირავებული თანამშრომლისგან, ილია ვერძაძის თქმით, ამისგან დამსაქმებლებს სასამართლო იცავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი