სამართალი

პროკურატურამ ბადრი ბიწაძე ბრალდებულად სცნო

30 მაისი, 2011 • 1166
პროკურატურამ ბადრი ბიწაძე ბრალდებულად სცნო

პროკურატურამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბრალდებულად სცნო ბადრი ბიწაძე.

„სახალხო კრებასთან“ შექმნილი, ნახევრად გასამხედროებული ჯგუფის ამჟამად დაკავებული ხელმძღვანელის გია უჩავასა და ხუთი მოწმის ჩვენებების, ასევე, ვიდეო –აუდიო მასალებისა და საქმეში არსებული სხვა მონაცემების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულად სცნო ბადრი ბიწაძე, წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმების ორგანიზებისათვის“.

პროკურატურას სასამართლოში ბიწაძისთვის ჯერ ბრალი არ წაუყენებია, თუმცა ბრალს წაუყენებენ სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე მუხლის მეორე ნაწილით.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიება იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე ბადრი ბიწაძის მიმართ არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების, კერძოდ, გირაოს გამოყენების თაობაზე.

ნეტგაზეთის კითხვაზე, რა ოდენობის გირაოს მოითხოვს პროკურატურა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა იოსავამ გვითხრა, რომ ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ხოლო კითხვაზე, რატომ მოითხოვს პროკურატურა ბადრი ბიწაძეზე არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენებას, როცა სხვა ნაკლებადმძიმე დანაშაულზე პროკურატურა სასამართლოს თითქმის ყოველთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას თხოვს, იოსავამ გვიპასუხა, რომ „ბადრი ბიწაძეს აქვს საშუალება, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი