სამართალი

ოთხი გარდაცვლილი, 160 ნაცემი, გაუჩინარებულები და არც ერთი საჩივარი

7 ივნისი, 2011 • 1363
ოთხი გარდაცვლილი, 160 ნაცემი, გაუჩინარებულები და არც ერთი საჩივარი

მანიფესტანტები, რომლებიც 25 მაისის ჩათვლით აცხადებდნენ, რომ რუსთაველზე საკუთარი უფლებების დასაცავად იდგნენ, პოლიციის მხრიდან სასტიკი დარბევის შემდეგ დუმილს ამჯობინებენ. დაკავებული 160 ადამიანიდან პოლიციის წინააღმდეგ საჩივრის დაწერას არც ერთი არ აპირებს.

აქციის ღამეს სასტიკად ნაცემი მალხაზ მუთოშვილი და მამუკა ჩალაბაშვილი 2 ივნისს საავადმყოფოში მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიყვანეს. მუთოშვილს ეპილეფსიური შეტევა დაეწყო. მძიმეა დანარჩენების მდგომარეობაც.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის, მარეხ მგალობლიშვილის განცხადებით, უმძიმეს მდგომარეობაში არიან მოძრაობა “ემსახურე საქართველოს” ხელმძღვანელი მურმან დუმბაძე, ზურაბ კვინიკაძე და ანდრეი გორაც, რომელიც არ ყოფილა აქციის მონაწილე. ამჟამად საია სასტიკად ნაცემი 37 ადამიანის უფლებებს იცავს, თუმცა ისინი პოლიციის, ანუ იმ ორგანოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანაზე აცხადებენ უარს, რომელმაც მათი უფლებები დაარღვია.

კითხვაზე, ხომ არ არის ეს იმით გამოწვეული, რომ დაკავებულები სხვა სახის ზეწოლას განიცდიან, მარეხ მგალობლიშვილი ამბობს:

– “თუკი შეიტანდნენ სარჩელს, ჩვენ მათ შევთავაზეთ სამართლებრივი დახმარება, მაგრამ უარი გვითხრეს. რატომ, ეს ალბათ მათ უნდა თქვან…”

ადვოკატი მედეა ვასაძე, რომელსაც მურმან დუმბაძის უფლებები უნდა დაეცვა, ამბობს, რომ ჩივილს არც მისი კლიენტი აპირებს, “იმიტომ, რომ გავიდა უკვე ყოველგვარი გასაჩივრების ვადა და ამ საკითხს არავითარი სამართლებრივი პერსპექტივა არ ჰქონდა, უბრალოდ, წყალი უნდა გვენაყა”.

მურმან დუმბაძის ძმა, ნუგზარ დუმბაძე აზუსტებს, რომ ოპოზიციონერი პროკურატურაში ჩივილს არ აპირებს:

– “არ ვიცი, რატომ არ აპირებს ჩივილს. ჩემი აზრით, ალბათ მოტივაცია არ აქვს, რომ სიმართლეს მიაღწევს ამ ხელისუფლებასთან”.

სანდრო ბარამიძე, მედიასამართლის ექსპერტი, ფიქრობს, რომ სახელმწიფომ ამის მიუხედავად უნდა დაიწყოს საქმის გამოძიება:

– “26 მაისის საღამოს პოლიციამ დემონსტრანტების მიმართ გამოიყენა დისპროპორციული ზომა – უკიდურესად გადაამეტა ძალას, ამიტომ პროკურატურა ვალდებულია, მოიძიოს მტკიცებულებები და დასვას კითხვა, რამ განაპირობა ადამიანების ასეთ მდგომარეობამდე მიყვანა? ვინ ურტყამდა, რამდენ ხანს, რამდენი ადამიანი და ა.შ. როგორ? ეს უკვე მისი პრობლემაა. დაკითხოს თითოეული მონაწილე… კონკრეტულმა პირებმა რომც არ იჩივლონ, სახელმწიფოს აქვს გამოძიების დაწყების ვალდებულება. არსებული კანონის მიხედვით, პროკურატურა ვალდებულია, დაიწყოს ფაქტზე გამოძიება, რომლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა მედიაში. თუ არ მიიღო ზომები, ეს დანაშაულია”.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, თამარ კორძაიას თქმით კი, საიამ პროკურატურას ძიების დაწყების მოტივით ოფიციალურად მიმართა… და პროკურატურამ ეს განცხადება არ მიიღო.

იურისტების შეფასებით, 26 მაისის ღამეს დაკავებული ადამიანების უფლებები მრავალმხრივ დაირღვა: რამდენიმე პოლიციელი ერთდროულად სცემდა მიწაზე დაგდებულ და ხელებშეკრულ ადამიანებს, სცემდნენ მომიტინგეებს, რომლებიც მათ წინააღმდეგობას არ უწევდნენ; პოლიციამ ალყაში მოაქცია და გაქცევის საშუალება არ მისცა აქციის მონაწილეებს; სპეცრაზმი იჭერდა და საგანგებოდ უსწორდებოდა გაქცეულებს; რამდენიმე პოლიციელი ერთდროულად სცემდა არასრულწლოვანს; პოლიციამ ერთდროულად გამოიყენა მიტინგის დასაშლელად, როგორც წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი, ასევე რეზინის ტყვიები, რაც საერთაშორისო კანონმდებლობით, “მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია ნებადართული”.

კანონით დადგენილ ვადებში არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება დაკავებულებს.

ის, რომ პოლიციაში მიყვანილი ადამიანები სცემეს, მურმან დუმბაძის მაგალითით დასტურდება. ევრონიუსის მიერ გავრცელებული კადრებით დუმბაძე უვნებელია დაკავების მომენტისთვის. მედეა ვასაძე: “როცა მურმანი სამმართველოში მიიყვანეს, პირველს წუთები აკლდა, დაახლოებით შვიდ საათამდე მიწაზე გართხმულს, ხელფეხშეკრულს უმოწყალოდ სცემდნენ. ის სასამართლოზე ღია ჭრილობებით იდგა”.

ადვოკატის ცნობით, მურმან დუმბაძეს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება, მათ შორის ნეკნის და ცხვირის მოტეხილობა.

მთავარი პროკურატურის პრესცენტრის ცნობით, 26 მაისის აქციის საქმეს ის შეისწავლის, ვინც ეს აქცია დაარბია, ანუ პოლიცია, და ამაში პროკურატურა არ ჩაერევა.

ამავე თემაზე:

ადვოკატები პატიმრებს ვერ პოულობენ

საია 49 გაუჩინარებული პირის სიას აქვეყნებს

შსს დაკარგულად არც ერთ ადამიანს არ განიხილავს

ნაცემები, დაპატიმრებულები და დაკარგულები აჭარიდან

მურმან დუმბაძე ნაცემია დაკავების შემდეგ

შსს დაკავებულების სიას აქვეყნებს

გურამ ხოზრევანიძე: ვუჩივი ვანო მერაბიშვილს და სხვებს

შოთა უტიაშვილი: „პოლიციელები იქცეოდნენ ძალიან ჰუმანურად“

მაღაზიის სახურავზე აღმოჩენილი 2 გვამი

ომბუდსმენი ვანო მერაბიშვილს მიმართავს

მასალების გადაბეჭდვის წესი