სამართალი

ევროსასამართლომ ჰომოსექსუალი პენსიონერის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა

11 მაისი, 2011 • • 1291
ევროსასამართლომ ჰომოსექსუალი პენსიონერის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა

მართლმსაჯულების ევროპულმა სასმართლომ გერმანელ პენსიონერ გეი წყვილს იგივე საპენსიო უფლებები მიანიჭა, რითიც განსხვავებული სქესის დაქორწინებული ადამიანები სარგებლობენ.

გერმანიაში დაქორწინებული პენსიონერი მოქალაქეები დაუქორწინებლებთან შედარებით უკეთესი საპენსიო შეღავათებით სარგებლობენ. ტელეკომპანია ბი-ბი-სის ცნობით, იურგენ რომერი(Juergen Roemer) ჰამბურგის სასამართლოსგან სწორედ მსგავსი პრივილეგიით სარგებლობას და  ყოველთვიური პენსიის 302 ევროთი გაზრდას მოითხოვდა, თუმცა ადგილობრივმა სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკამყოფილა.

იურგენ რომერი ჰამბურგის ადგილობრივ ხელისუფლებაში 40 წელიწადი მუშაობდა და პენსიაზე 1990 წელს გავიდა. გერმანელი მამაკაცი თავისივე სქესის პარტნიორთან 1969 წლიდან ცხოვრობს. წყვილმა ურთიერთობა, გერმანიის კანომდებლობის შესაბამისად, ლეგალურად 2001 წელს დარეგისტრირდა. გერმანიაში  ერთსქესიანი წყვილების ქორწინება ჯერჯერობით ნებადართული არ არის, თუმცა ერთი სქესის წყვილებს შეუძლიათ ურთიერთობა დაარეგისტრირონ, როგორც „რეგისტრირებული ცხოვრებისეული პარტნიორობა“ (registered life partnership).

მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ერთი სქესის სექსუალური პარტნიორობა, რომელსაც გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით „რეგისტრირებული ცხოვრებისეული პარტნიორობა“(registered life partnership) ჰქვია, ქორწინების შესაბამისია.

სასამართლოს მიერ სამშაბათს გამოცხადებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა სამომავლოდ მსგავსი სახის პრეტენზიებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იურიდიული წონა შესძინოს, წერს ბი-ბი-სი.

ევროსასამართლომ ასევე განაცხადა, რომ ადამიანებს შეუძლიათ ადგილობრივ მთავრობებს ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად მოსთხოვონ თანაბარი პირობები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამის საშუალებას ადგილობრივი კანონმდებლობა არ იძლევა.

ერთსქესიანი წყვილების ქორწინება ევროპის მასშტაბით ამჟამად მხოლოდ ესპანეთში, ნიდერლანდებში, ბელგიაში, პორტუგალიაში, ისლანდიაში, შვედეთსა და ნორვეგიაშია ნებადართული.

მასალების გადაბეჭდვის წესი