სამართალი

პროკრატურამ ჯანდაცვის სფეროში კორუფციული სქემა გაშიფრა

5 მაისი, 2011 • • 2287
პროკრატურამ ჯანდაცვის სფეროში კორუფციული სქემა გაშიფრა

660 ათასი ლარის ზარალი მიადგა ბიუჯეტს კორუფციული სქემის შედეგად, რომელიც საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა გაშიფრა. დაკავებულია „შპს ექსპრესდიაგნოსტიკის“ სამი მფლობელი – თემურ აზიკური, რეზო თაყაიშვილი და პაატა გამცემლიძე.

ისინი ყალბი შემოსავლების ლეგალიზაციისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით დააკავეს. კომპანია „ექსპრესდიაგნოსტიკამ“ ჯანდაცვის სამინსტროში გამოცხადებულ  ტენდერში 2006 წელს გაიმარჯვა. მას ფენილკეტონურიით დაავადებული მოზრდილებისა და ბავშვებისთვის საზღვარგარეთიდან შემოჰქონდათ საკვები დანამატი, რომელიც ამ ავადმყოფობით დაავადებულთათივის აუცილებელია. კომპანიამ ტენდერში გამარჯვების შედეგად სახელმწიფო პროგრამის განსახორციელებლად საქართველოს ბიუჯეტიდან 2 230 000 ლარი მიიღო.

„ექსპრესდიაგნოსტიკა“ საკვებ დანამატებსა და მედიკამენეტბს ესპანური კომპანია „Hero-სგან“ შუამავალი კომანია “Stradfort Group Menegmant LTD-ის“ საშუალებით ყიდულობდა.   გამოძიების ინფორმაციით, ქართული კომპანია წინასწარ გაურიგდა შუამავალ ფირმას, რომ საბაჟოზე წარსადგენ დოკუმენტაციაში პროდუქციის ფასი ხელოვნურად იქნებოდა გაზრდილი. გარდა ამისა, კორუფციული სქემის ავტორებს არ ჰქონდათ კონკრეტული საბანკო ანგარიშები, სადაც ფული ერიცხებოდათ.  მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის უფროსის, ზაზა ქაჩიბაიას თქმით,   „ექსპრესდიაგნოსტიკის“ ხელმძღვანელები ფულს ხელზე იღებდნენ ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკებში და მათ თანხა საქართველოში არადეკლარირებულად, ჩემოდნებით შემოჰქონდათ. სულ ამ გზით საქართველოში 660 ათასი ლარი შემოიტანეს.

მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა დაკავებულთა აღიარებითი ჩვენება, სადაც ისინი ამბობენ, რომ შუამავალი ფირმა პროდუქციის ფასს ხელოვნურად გაზრდიდა, ხოლო პროდუქციის შესასყიდად საქართველოდან გადარიცხული თანხის 30-35% უკან, „ექსპრესდიაგნოსტიკის“ მფლობელებისთვის უნდა დაებრუნებინა.

გამოძიების ინფორმაციით, „ექსპრესდიაგნოსტიკა“ ამ სქემით 2006-2010 წლებში მოქმედებდა. თავად კომპანია 2003 წლის 2 თებერვალს არის დაფუძნებული და მას სამი მფლობელი ჰყავს. ამჟამად სამივე მათგანი დაკავებულია.

ჯანდაცვის სფეროში არსებული კიდევ ერთი კორუფციული სქემის გამოვლენის შედეგად ქართველმა სამართალდამცავებმა რამდენიმე დღეში დააკავეს შპს “ნუგეშის” დირექტორი და დამფუძნებელი გიორგი სიბაშვილი. მის კომპანიას საქართველოში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჰემოფილით დაავადებულთათვის მედიკამენტები საზღვარგარეთიდან შემოჰქონდა.

პროკურატურის მონაცემებით, საქართველოში მედიკამენტების იმპორტირებისას შპს “ნუგეშის” დირექტორი აყალბებდა შემოტანილი პროდუქციის ინვოისებს და საბაჟო დეკლარაციებში შეჰქონდა ხელოვნურად გაზრდილი ფასები, რითიც ზრდიდა მედიკამენტების ღირებულებას. სანაცვლოდ კი, აღნიშნული კომპანიები ე.წ «ატკატის» სახით რიცხავდნენ თანხებს სიბაშვილის ანგარიშებზე “საქართველოს ბანკსა” და ბანკ “რესპუბლიკაში”.

სიბაშვილს ბრალად ედება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) და საბაჟო დოკუმენტების გაყალბება. პროკურატურის ინფორმაციით, 2000-2010 წლებში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 6 900 000 ლარიდან შპს “ნუგეშის” დირექტორმა 1 700 000 ლარი მიითვისა.
“ექსპრესდიაგნოსტიკის” მფლობელების მსგავსად, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი სიბაშვილის 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი