სამართალი

ნანუაშვილი: ევა გოცირიძემ გასაუბრებაზე გარკვეულ კითხვებს დამაკმაყოფილებლად ვერ უპასუხა

29 თებერვალი, 2016 • 2141
ნანუაშვილი: ევა გოცირიძემ გასაუბრებაზე გარკვეულ კითხვებს დამაკმაყოფილებლად ვერ უპასუხა

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ევა გოცირიძემ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა გასაუბრებაზე კომისიის ზოგიერთ შეკითხვას არადამაკმაყოფილებლად უპასუხა.

თუმცა, ამის მიუხედავად, ევა გოცირიძე არის ხუთეულში, რომელიც სამთავრობო კომისიამ გასაუბრების შედეგად ქულათა ჯამით შეარჩია.

„გარკვეულ კითხვებს მან ვერ უპასუხა დამაკმაყოფილებლად, ამიტომ ჩავთვალე, რომ იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომელიც იყო გასაუბრების დროს გამოყენებული, ის ვერ აკმაყოფილებდა შესაბამისად გარკვეულ კრიტერიუმებს. იყო იუსტიციის იუმაღლესი საბჭოს და კონკრეტულად, მის როლზე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა გარკვეული მოლოდინი, რომ საბჭო გაცილებით უფრო ეფექტური იქნებოდა იმისთვის, რომ ამდენი კითხვის ნიშნები არ ყოფილიყო მოსამართლეთა დაწინაურების თუ დანიშვნის პროცესებთან დაკავშირებით,”– განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ევა გოცირიძემ, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტმა 2013 წელს აირჩია, მხარი დაუჭირა ლევან მურუსიძის მოსამართლედ კიდევ ერთხელ გამწესებას.

ევა გოცირიძე

ევა გოცირიძე

სპეციალური სამთავრობო კომისიის გასაუბრების ეტაპი ევა გოცირიძის კიდევ ოთხმა კანდიდატმა გადალახა. ესენი არიან ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე, გიორგი ბადაშვილი და ანა დოლიძე. გასაუბრების ეტაპი ვერ გაიარა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა.

არჩეული 5 კანდიდატი მთავრობას წარედგინება, მთავრობის მიერ დამტკიცებული 3 კანდიდატიდან კი ერთ-ერთს ევროპის საბჭო 2016 წლის შემოდგომაზე აირჩევს.

გასაუბრებამდე მოსამართლეობის მსურველებმა უკვე გაიარეს შერჩევის 2 ეტაპი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 47-მა კანდიდატმა გამოთქვა, რომელთაგან 13 კანდიდატი შეირჩა წარმოდგენილი საბუთების მიხედვით. მათ ჩაუტარდათ ტესტირება ევროპის საბჭოს ერთ-ერთი ოფიციალური ენის (ინგლისური ან ფრანგული) ცოდნის დონის შესამოწმებლად. ტესტირებაზე გამოცხადებული 12 პრეტენდენტიდან კომპეტენციის საჭირო ზღვარი ყველა მათგანმა გადალახა.

სპეციალური სამთავრობო კომისიის წევრები არიან: იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ხათუნა თოთლაძე; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე;საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია; საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარევახტანგ ხმალაძე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე  მზია თოდუა; საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი;  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი ზაზა ხატიაშვილი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული; კოალიციის − „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ − წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი