სამართალი

მთავარმა პროკურატურამ საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

25 თებერვალი, 2016 • 1522
მთავარმა პროკურატურამ საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, უწყებამ საგარეჯოს მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით დაიწყო.

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება– მრეწველების” თავმჯდომარე გოგი თოფაძე თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს საგარეჯოში მაჟორიტარული არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.

დღეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” განაცხადა, რომ თოფაძის ამ განცხადებაზე გამოძიება უნდა დაიწყოს და სიმართლე დადგინდეს.

“ფრაქციის თავმჯდომარის და საქართველოს პარლამენტის წევრის განცხადებების იგნორირება ყოვლად დაუშვებელია, მით უმეტეს, რომ ის საქართველოს მთავრობის წევრის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე საუბრობს,”– აცხადებს TI.

პროკურატურაში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 332-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული, სადაც იგულისხმება “მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.”

ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება  ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი