სამართალი

ბაჩო ახალაიას ვიზიტი სომხეთში

20 აპრილი, 2011 • • 1063
ბაჩო ახალაიას ვიზიტი სომხეთში

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ის სომეხ კოლეგას სეირან ოჰანიანს და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარქისიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგევრდი ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთში ასევე გაიმართა საქართველო-სომხეთის თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლების გაფართოებული შეხვედრა, რომელსაც თავდაცვის მინისტრებთან ერთად მათი მოადგილეები, შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირები და დეპარტამენტების უფროსები ესწრებოდნენ.

როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პრესრელიზში წერია, შეხვედრის ძირითადი თემები თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობა და სამხედრო განათლება იყო. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სომეხ კოლეგას საერთაშორისო ოპერაციებში ათწლიანი გამოცდილების სომხეთის არმიის წარმომადგენლებისთვის გაზიარება შესთავაზა, გააცნო საქართველოში რეგიონალური საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბების გეგმა. შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ  ცენტრში, საერთაშორისო ოპერაციებისთვის გაიწვრთნებიან საქართველოს და სურვილის შემთხვევაში სომხეთის, კავკასიის, შავი ზღვის რეგიონის და შუა აზიის ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები, ქვედანაყოფები (ბატალიონების დონეზე).  საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ცენტრში ერთობლივი წვრთნებით, დანაყოფების მომზადება დროისა და ფინანსური რესურსების კუთხით გაცილებით ეფექტური იქნება, ვიდრე ევროპულ ცენტრებში. ბაჩო ახალაიამ მზადყოფნა გამოთქვა სომეხი სამხედროები მოამზადონ საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, რომელსაც ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის“ სწავლების და განათლების ცენტრის სტატუსი აქვს მინიჭებული.

თავის მხრივ სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ქართულ დელეგაციას ვაზგენ სარქისიანის სახელობის სამხედრო ინსტიტუტი დაათვალიერებინა, გააცნო სამხედროების განათლების სისტემა და საცხოვრებელი პირობები.

მასალების გადაბეჭდვის წესი