სამართალი

TI: პროკურატურა გოგი თოფაძის ბრალდებებით უნდა დაინტერესდეს

25 თებერვალი, 2016 • 1552
TI: პროკურატურა გოგი თოფაძის ბრალდებებით უნდა დაინტერესდეს

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, საქართველოს მთავარი პროკურატურა უნდა დაინტერესდეს გოგი თოფაძის ბრალდებებით თავდაცვის მინისტრის მიმართ, რომელიც საგარეჯოს მაჟორიტარულ არჩევნებს ეხება. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, “ფრაქციის თავმჯდომარის და საქართველოს პარლამენტის წევრის განცხადებების იგნორირება ყოვლად დაუშვებელია, მით უმეტეს, რომ ის საქართველოს მთავრობის წევრის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე საუბრობს – “საზოგადოებას უნდა ჰქონდეს, გამოძიების მიერ დადგენილი უტყუარი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თოფაძის განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და საქმე გვაქვს ცილისწამებასთან”.

“2016 წლის 10 თებერვალს საქართველოს პარლამენტის წევრმა და ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე გოგი თოფაძემ მედიასთან ინტერვიუში საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის მიერ არჩევნების გაყალბების თაობაზე ისაუბრა (http://goo.gl/M7my0w). მოგვიანებით, 20 თებერვალს, თოფაძის თქმით, სპეცუბნების გახსნის თავდაპირველად არსებული გეგმა განსხვავებული იყო: „ჩატარდა თეა წულუკიანთან თათბირი, სადაც გადაწყდა, რომ მუხროვანის მე-13 უბანი, სადაც სულ 25 კაცი იყო, იქ უბანი არ გახსნილიყო. შეთავაზება ასეთი იყო, ის 25 კაცი გავანაწილოთ ახლომახლო სოფლებში. იქაურები იყვნენ და ეს უბანი გაუქმდეს. თავდაცვის მინისტრმა 526 კაცი, გვარებიც შემიძლია ჩამოგითვალოთ, სვანეთიდან, რაჭიდან, იმერეთიდან, მთელი საქართველოდან ჩამოიყვანა და ამან გადაწყვიტა არჩევნების შედეგი,“ – განაცხადა თოფაძემ

„პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაზე არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყო საუბარი (http://goo.gl/kNgHkS). საგარეჯოს არჩევნების დასრულების შემდეგ ინაშვილი და მისი ოთხი თანამოაზრე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების, თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადადგომის და საარჩევნო კომისიის წევრებისაგან პასუხების მიღების მოთხოვნით შიმშილობდენენ.
„თუკი წაგებული მხარე ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მას უნდა მოვუსმინოთ, შევხედოთ, რა არგუმენტებია, ეს საკითხი საარჩევნო კომისიებმა და სასამართლოებმა უნდა განიხილონ“ – ასე გამოეხმაურა (http://goo.gl/yWm2pO) საქართველოს პარლმენტის თავმჯდომარე პატრიოტთა ალიანსის წევრების შიმშილობას.

სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტის წევრის და ფრაქციის თავმჯდომარის, თოფაძის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებებების მიუხედავად, გამოძიება არ დაინტერესებულა საგარეჯოს ოლქში არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მტკიცებულებებისა და დოკუმენტების არსებობაზეც იყო საჯაროდ საუბარი.

არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლით არჩევნების გაყალბება და საარჩევნო უფლების განხორციელებაში ხელის შეშლა დასჯადია. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს პროკურატურა უნდა დაინტერესდეს პარლამენტის წევრის მიერ გაკეთებული განცხადებებით. პოლიტიკური კონტექსტის მიუხედავად, ის განცხადებები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის შესაძლო ფაქტებს შეიცავს, სამართალდამცავთა მხრიდან რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. ფრაქციის თავმჯდომარის და საქართველოს პარლამენტის წევრის განცხადებების იგნორირება ყოვლად დაუშვებელია, მით უმეტეს, რომ ის საქართველოს მთავრობის წევრის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე საუბრობს. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს, გამოძიების მიერ დადგენილი უტყუარი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თოფაძის განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და საქმე გვაქვს ცილისწამებასთან”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი