სამართალი

კოენის საქმე

13 აპრილი, 2011 • 2336
კოენის საქმე
ირაკლი ქუთათელაძე
ირაკლი ქუთათელაძე
სტეფან კოენი
სტეფან კოენი

 

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 27 იანვარს „ქორთიარდ მარიოტში“ მოკლული საფრანგეთის მოქალაქის, სტეფან კოენის მკვლელობის საქმის განხილვა გაიმართა. მკვლელობაში არასრულწლოვანია ბრალდებული, რის გამოც სასამართლო პროცესი დახურულია და მას დაზარალებული მხარე არ ესწრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ მათ კანონით არა აქვთ უფლება, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია გაავრცელონ, რადგან პროცესი დახურულია.

დაზარალებულის ინტერესებს ადვოკატი არჩილ კბილაშვილი იცავს, თუმცა როგორც ამბობს, სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არც მას აქვს. მისი ინფორმაციით, დღეს საქალაქო სასამართლოში კოენის მკვლელობის საქმეზე შვიდი მოწმე დაიკითხა, დანარჩენი მოწმეების დაკითხვა კი ხვალ გაგრძელდება. ადვოკატის თქმით, საქმის სირთულისა და მოწმეთა სიმრავლის გამო პროცესის დამთავრების თარიღის წინასწარ განსაზღვრა ძნელია.

სტეფან კოენი თბილისში ფრანგული სატრანსპორტო დაგეგმვის კომპანია “სისტრა” პროექტის ფარგლებში საქმიანობდა. აღნიშნულმა კომპანიამ გასული წლის ბოლოს 1 მილიონი დოლარის ინვესტიცია გამოყო თბილისში ელექტრონული ტრამვაის პროექტის განხორციელებისთვის.

კოენი სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ 2011 წლის 27 იანვარს მოკლული იპოვეს. მას ჭრილობები დანით ჰქონდა მიყენებული.

პოლიციამ კოენის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შემთხვევიდან რამდენიმე საათში, „მერიოტის“ სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრების ნახვის შემდეგ დააკავა, იგი არასრულწლოვანი, 17 წლის ბიჭი აღმოჩნდა. გავრცელდა დაკავებულის აღიარებითი ჩვენებაც:

”უცხოელთან ერთად ვიყავი სასტუმროში. იქ მოწევა მომინდა. გავედი გარეთ, მოვწიე. უკან რომ დავბრუნდი, ცოტა ხნის მერე, მოგვივიდა შელაპარაკება, ამოვიღე დანა და პირველი დარტყმა იყო ყელში. ის გარეთ გამოვარდა და ყვირილი დაიწყო. მე დავიბენი, სიტუაცია ვერ მოვტვინე და უკან შემოვაგდე სტეფანა და ცოტა ხნის მერე გარდაიცვალა. მერე, ჩემი აზრით, დაცვა იყო, კარზე აკაკუნებდნენ, გააღე კარიო, მეუბნებოდნენ. მე ვუთხარი, რომელი ხარ, ცოტა ხანი დამელოდე-მეთქი. მაგ მომენტში ავიღე ლეპტოპი, მაგის ფოტოაპარატი და გავიქეცი ფანჯრიდან“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის (განზრახ მკვლელობა) მიხედვით წარიმართა.

იმავდროულად, პრესამ მკვლელობის ვერსიის სხვადასხვა მოტივის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ერთ–ერთი ვერსიით, სტეფან კოენი გეი იყო, რომელმაც არასრულწლოვან ქართველ ბიჭთან სექსუალური კავშირის ძალადობრივი გზით დამყარება მოისურვა, რასაც არასრუწლოვანის მხრიდან კოენის მკვლელობა მოჰყვა.

კოენის მკველობის საქმეზე განსხვავებული ვერსია გაავრცელა მოკლულის ქართველმა მეგობარმა, 26 წლის ირაკლი ქუთათელაძემ. 2011 წლის 11 თებერვალს გაზეთმა „პრაიმ–ტაიმმა“ ექსკლუზიური ინტერვიუ გამოაქვეყნა ქუთათელაძესთან.

აღნიშნულ ინტერვიუში ქუთათელაძე ამბობს, რომ კოენის მკვლელობაში მხოლოდ ერთი ადამიანი არ მოქმედებდა და მისი მეგობრის მკვლელობა ჰომოფობთა დანაშაულებრივი ჯგუფის „МSM“-ის მიერ იყო დაგეგმილი და განხორციელებული.

„საქართველოში გავრცელებულია ჰომოფობთა ისეთი კატეგორია, „როდესაც კაცს კაცთან აქვს სექსი“ – სწორედ ასე იშიფრება „MSM“. ეს ადამიანები არ მიიჩნევენ თავს ცისფერებად, სექსუალური კავშირი აქვთ მამაკაცებთან, მაგრამ არანაირად არ თვლიან თავს არც ბისექსუალებად და არც გეებად, ამბობენ, რომ არიან ნატურალები. ჩემთვის ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ ყველა ასეთ ადამიანს აქვს ნიღაბი. ღამის საათებში ისინი ერთობიან მამაკაცებთან, დღის განმავლობაში იხსნიან ნიღაბს, გამოდიან ქუჩაში, უბანში და მათ ლანძღვა-გინებას იწყებენ“, – ამბობს ქუთათელაძე „პრაიმ–ტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

იგივე ინფორმაცია დაადასტურა ირაკლი ქუთათელაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „სპეციალური რეპორტაჟისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომელიც ეთერში 2011 წლის 12 თებერვალს გავიდა.

2011 წლის 2 მარტს კი ჟურნალმა „თბილისელებმა“ გამოაქვეყნა ირაკლი ქუთათელაძესთან ინტერვიუ, სადაც ის ამბობს:

„მკვლელობაში ბრალდებული დაინტერესებული იყო,  რომ  სტეფს მისთვის თანხა გადაეხადა. ეს ბიჭი დარეგისტრირებულია ორგანიზაციაში, რომელიც არის ჰომოფობთა დანაშაულებრივი ჯგუფი, „ნატურალი“.  პატარა ბიჭი წავიდა საერთაშორისო სასტუმროში, შეიარაღებული იყო დანით. მას ვიღაცამ ჩააწოდა ეს იდეა, მარტო ამას ვერ დაგეგმავდა. საერთაშორისო სასტუმროში უცხოელის გაძარცვა იოლი არაა. როგორც ჩანს, ფული იმიტომ აღარ წაიღო, რომ ბოლომდე ვერ „მოტვინა”. ჩხუბი, რომელიც ნომერში ატყდა, ჩემი აზრით, მოჰყვა კამათს ფულზე, რომლის გადახდაზეც სტეფმა მას უარი უთხრა. ეს ფული იმ ბიჭმა, ალბათ, სექსუალურ კავშირში მოითხოვა. სტეფი სასტიკად მოკლეს – სხეულზე 27 ჭრილობა ჰქონდა და მთლიანად გამოფატრული იყო.“

„პრაიმ–ტაიმისთვის“ 2011 წლის 11 თებერვალს მიცემულ ინტერვიუში ირაკლი ქუთათელაძე ამბობს:

„პირდაპირ გეტყვით, რომ ვარ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე. გუშინ ტელეფონზე 22 საათსა და 42 წუთზე ფარული ნომრიდან შემოდის ზარი და გაურკვეველი ხმით მეუბნებიან: ფრთხილად იყავი!“

ამ ინტერვიუს მიცემიდან ორი თვის შემდეგ, 2011 წლის 10 აპრილს, 26 წლის ირაკლი ქუთათელაძე ნაქირავებ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვნეს. ქუთათელაძე ერთადერთი მოწმე იყო, რომელიც კოენის მკვლელობის საქმეზე განხვავებულ ვერსიას ღიად იძლეოდა.

მეგობრებისა და სამართალდამცველების თქმით, ქუთათელაძემ თავი მოიკლა.

ასათიანის #37–ში, სადაც ირაკლი ქუთათელაძე გარდაცვლილი იპოვეს, ამჟამად ბინა დაკეტილია. ქუთათელაძის მეზობლები კი ჟურნალისტებთან ურთიერთობას გაურბიან. ერთ-ერთი მათგანის თქმით, რომელიც „ნეტგაზეთს“ სულ რამდენიმე წამით ესაუბრა, ბინაში პოლიციელების მისვლის შემდეგ არავინ გამოჩენილა. მისი თქმით, ქუთათელაძე ბათუმშია გადასვენებული. ირაკლი ქუთათელაძე წარმოშობით ბათუმიდან იყო, თუმცა ბოლო დროს თბილისში მარტო ცხოვრობდა.

12 აპრილს „რუსთავი 2-ის“ ეთერში, გადაცემა „პატრულში“, გასული ერთ-ერთი რეპორტაჟი ირაკლი ქუთათელაძის თვითმკვლელობას ეხებოდა. „პატრულის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი ქუთათელაძე მეგობრებმა მას შემდეგ იპოვნეს, რაც ორი დღე სატელეფონო კავშირზე არ გამოსულა. ასათიანის ქუჩაზე მისულებს კი თოკით ჩამომხრჩვალი დახვდათ. გარდაცვლილის მეგობარი ნინო ონაშვილი გადაცემა „პატრულში“ ამბობს, რომ ირაკლისთან რამდენიმე დღის მანძილზე დაკავშირებას ვერ ახერხებდა. მისივე თქმით, ქუთათელაძე ბოლო დროს არსად მუშაობდა და დეპრესიაში იყო.

„პატრულის“ სიუჟეტში ნაჩვენები იყო ირაკლი ქუთათელაძის წერილიც, რომელიც, სიუჟეტის ავტორების თქმით, მან გარდაცვალებამდე, 2011 წლის 5 აპრილს, გამოაქვეყნა „ფეისბუქში, საკუთარ გვერდზე“:

„როდესაც მოვკვდები, არ იტიროთ, უბრალოდ, გაიღიმეთ, ზეცაში აიხედეთ და მითხარით – ნახვამდის. მიყვარხართ ყველა, თქვენი იკა.“

თუმცა რამდენად მყარ არგუმენტად შეიძლება იქნას მიჩნეული „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული პოსტი, ეს სხვა საკითხია. ირაკლი ქუთათელაძე ჯერ კიდევ 2011 წლის 11 თებერვალს „პრაიმ–ტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მკვლელობის შემდეგ სტეფან კოენის პროფილით სოციალურ ქსელში ვიღაც სარგებლობდა, რადგან ბოლო ვიზიტის დრო 29 იანვარს დაფიქსირდა, „სკაიპი“კი 31 იანვრამდე ონლაინს აჩვენებდა.

იმის გამო, რომ კოენის მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვის პროცესი დახურულია, უცნობია, თუ მკვლელობის მოტივის რა ვერსიას ავითარებს გამოძიება. უცნობია ისიც, თუ რა პოზიცია აქვთ ქართული გამოძიების მიმართ მოკლულის ოჯახის წევრებს.

დაზარალებული მხარის ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ გარდაცვილის ოჯახს ჯერ არ დაუყენებია ქართული საგამოძიებო ორგანოებისადმი ნდობა-უნდობლობის საკითხი. გარდა ამისა, იგი არ ფლობს ინფორმაციას, გარდაცვლილის ოჯახი სტეფან კოენის მკვლელობასთან დაკავშირებით აწარმოებს თუ არა დამოუკიდებელ, ალტერნატიულ გამოძიებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი