სამართალი

აქციის დაკავებული მონაწილეები გაასამართლეს

5 აპრილი, 2011 • 1188
აქციის დაკავებული მონაწილეები გაასამართლეს

უზენაეს სასამართლოსთან გუშინ გამართული აქციის დროს დაკავებულების საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციული საქმეთა კოლეგიამ  განიხილა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ციკოლიას, გრიგოლ ხარებავას და დავით კოჩიევს 20 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, გენადი კეკელიას კი – 25 დღიანი პატიმრობა.  400–400 ლარით დაჯარიმდნენ: გოჩა ჩხაიძე, თენგიზ ღლონტი, მადონა გოგუა, ადა მარშანია, შოთა გლურჯიძე და ქეთევან გოგინაშვილი.

ზემოთ აღნიშნული პირები გუშინ თბილისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ გადაკეტეს  ძმები ზუბალაშვილების ქუჩა (სადაც უზენაესი სასამართლოა განთავსებული),  „რის შედეგადაც  შეფერხდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ისინი არ დაემორჩილენ სამართალდამაცავების კანონიერ მოთხოვნას სავალი გზის გათავისუფლების შესახებ და  კვერცხები ესროლეს აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული შენობის ფასადს.“

აქციის მონაწილეების დაკავების შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ „საერთო–სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომელთა ორგანიზებითაც გაიმართა გუშინ აქცია, სახელწოდებით – „მეც პატიმარი ვარ“:

„აქციის ”მეც პატიმარი ვარ” მონაწილეებმა სასამართლოს შესასვლელი კარი სიმბოლური სამგლოვიარო გვირგვინით შეამკეს და მომავალი შეხვედრა 2011 წლის 16 აპრილს, 15 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში დანიშნეს, სადაც წამებით მოკლული ასობით პატიმრისათვის პანაშვიდი აღსრულდება. საგულისხმოა ფაქტი, რომ აქციის დასრულების შემდეგ ტელეკომპანია ”რეგიონ-ტვ”-სთან მობილიზებულმა საპატრულო პოლიციამ მშვიდობიან მანიფესტანტებს ალყა შემოარტყა და მიზანმიმართულად დაიწყო აქციის მონაწილეების დაპატიმრება,“ – ნათქვამია „წინააღმდეგობის მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში.

აქცია სახელწოდებით „მეც პატიმარი ვარ“, „საერთო–სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ ინიციატივით, ბოლო ორი კვირის მანძილზე სხვადასხვა ადგილზე პერმანენტულად იმართება. აქციის დეკლარირებული მიზანი პატიმართა უფლებების შელახვის ფაქტების გაპროტესტებაა.

პირველი ხმაურიანი აქცია 25 მარტს შედგა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან, სადაც სამართალდამცავებმა აქციის შვიდი მონაწილე დააკავეს. მათგან სამს – თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 4–ს კი – 400 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ამავე თემაზე:

დაკავება აქციის დროს

აქცია საფრანგეთის საელჩოსთან გაიმართება

აქცია 25 მარტს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით {video}

ეკა ბესელია: ”პოლიცია უკონტროლოდ იყენებს ძალას”

აქციაზე დაკავებულებს განაჩენი გამოუტანეს

აქცია პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა

„მეც პატიმარი ვარ“

მასალების გადაბეჭდვის წესი